ახალი ამბები

საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნების შესახებ წინასწარი დასკვნები გამოაქვეყნეს 

ოთხმა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ არჩევნების შესახებ გაკეთებულ წინასწარ დასკვნებში საარჩევნო პროცესის მთელი რიგი ასპექტები გააკრიტიკა, თუმცა თქვა, რომ მიუხედავად ამისა, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.

„არჩევნები კონკურენტული იყო და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იქნა. მიუხედავად ამისა, ხშირმა ბრალდებებმა, რომ ამომრჩევლებზე ზეწოლა ხორციელდებოდა და არ იყო მკაფიოდ გამიჯნული ხაზი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის, მთლიანი პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობა შეამცირა“, – ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ 1 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

განცხადება ოდირის სადამკვირვებლო მისიის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივი საქმიანობის შედეგია.

„არჩევნების ტექნიკური ასპექტები კარგად იყო ორგანიზებული“, თუმცა, „მმართველი პარტიის დომინანტური წარმომადგენლობა საარჩევნო კომისიებში უარყოფითად აისახა ადამიანების აღქმაზე კომისიის წევრთა მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის შესახებ, განსაკუთრებით დაბალ დონეებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

დამკვირვებლებმა რიგი პრობლემებიც ჩამოთვალეს, რომელთა მოგვარებაცაა საჭიროს, მათ შორისც ამომრჩევლებზე სავარაუდო ზეწოლა, საარჩევნო უბნების გარეთ არსებული დაშინების ატმოსფერო, კამპანიის დაფინანსების საკითხები, დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა უთანასწორო გადანაწილება ახალი წესით ფორმირებულ 30 მაჟორიტარულ ოლქში და ოდირისა და ევროპის საბჭოს რეკომენდაციების შეუსრულებლობა.

დიპლომატების შეფასებები

„კოორდინატორებისა და პარტიული აქტივისტების ყოფნას ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ დაშინების ხასიათი ჰქონდა“, – განაცხადა ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჯილიან სტირკმა და დასძინა, რომ გუშინდელი არჩევნების კონკურენტულ გარემოს ამომრჩეველთა დაშინების შესახებ ხშირმა ბრალდებებმა ძირი გამოუთხარა.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მოკლევადიანი მისიის ხელმძღვანელმა, ელონა გჟებრეა ჰოჯამ განაცხადა, რომ ბრალდებებმა ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის მკაფიო ხაზის არარსებობამ მთლიანი პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობა შეამცირა.

ნატოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ოსმან ასკინ ბაკმა განაცხადა, რომ ფუნდამენტური თავისუფლებები, ზოგადად, დაცული იყო და ძირითადი პროცედურებიც შესრულდა. თუმცა, მისი თქმით, არჩევნები „უნაკლოსგან შორს იყო“.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელმა, ტინი კოქსმა ხაზი გაუსვა კამპანიის დაფინანსების საკითხებს და აღნიშნა, რომ საქართველოში არ არსებობს მკაფიო წესები ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც საარჩევნო პროცესზე უარყოფითად აისახება. „ღარიბ ქვეყანაში ამდენი ფულის დახარჯვა არჩევნებზე არ არის კარგი ნიშანი თქვენი მოქალაქეებისთვის“, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button