რესპუბლიკის ამბები

“The Morning Post”, 1920 წ.: საქართველო არასდროს არ ყოფილა სახელმწიფო

[The Morning Post – ბრიტანელი კონსერვატორების ყოველდღიური გაზეთი, გამოდიოდა ლონდონში 1772-1937 წლებში –  რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა].

„Morning Post”-ი და საქართველო

გაზ. ბათომის ფურცელი, 1920 წლის 14 ოქტომბერი, N28

გაზ. „მორნ. პოსტი“ სექტემბრის უკანასკნელ რიცხვების ნომრის მეთაურში წერს: „არის მრავალი საბუთები იმისათვის, რომ საქართველოს მისი დე ფაქტოთ [?, დიდმა ბრიტანეთმა საქართველო დე ფაქტოთ 1920 წლის იანვარში აღიარა – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა] ცნობის მოთხოვნა, დაკმაყოფილებულ არ იქნას. ის საფუძვლები, რომელის საქართველოს მთავრობას მოყავს არ  არის არსებითი და ზოგიერთ შემთხვევებში განზრახ ყალბია: მაგალითად ისტორიული მითითება საქართველოს დამოუკიდებლობაზე წარსულში, რუსეთთან „ნებაყოფილობითი უნიამდი“ საქართველო არას დროს არ ყოფილა სახელმწიფო, როგორც ეს წარმოდგენილი გვაქვს. 1802 წ. ის წარმოადგენდა მუდამ ერთმანეთთან ომში მყოფ ტომების რიგებს, რომელთაგან მრავალი, საქართველოს უძლური მეფის ირაკლის „ლამაზი ჟესტის“ შემდეგ, რომელმაც ალექსანდრე I-ს სთხოვა მიეღო საქართველო თავის ქვეშევრდომათ, ერთბაშათ არ დამორჩილდა რუსეთის მთავრობას.

თანამედროვე საქართველოს ისტორიულათ განხილვის შემდეგ უნდა გვახსოვდეს, რომ ის ნაყოფია გერმანიის დიპლომატიის მუშაობის. გეგეჭკორმა გამოაცხადა მისი დამოუკიდებლობა 1918 წელს გერმანიის კავკასიის სარდლობის პირდაპირი ბრძანებით, ეს ფაქტი იმდენათ თვალსაჩინო იყო, რომ გეგეჭკორი იძულებული გახდა გამქრალიყო პოლიტიკური ჰორიზონტიდან, როცა გერმანიის გავლენა კავკასიაში შესცვალა მოკავშირეთა გავლენამ [ამ პერიოდში ევგენი გეგეჭკორი დასვალეთ ევროპაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა საქართველოს დე იურედ აღიარებასთან დაკავშირებით დიპლომატიური მოლაპარაკებების გასამართად. გაზეთი, აშკარად ურევს გეგეჭკორისა და აკაკი ჩხენკელის პიროვნებას, როგორც პროგერმანული პოლიტიკოსისას – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა].

ახლა ქართველებს, რომლებმაც დაიკავეს ბათომის-ნავთსადგური, რომელიც ნაციათა ლიგის კონტროლს ქვეშ უნდა ყოფილიყო, უჭირავთ ამიერ-კავკასიის გასაღები და სომხეთი მოჭრილია შავი ზღვას. გეგეჭკორის მისიას მიზნათ აქვს მოიშოროს თბილისზე და ბათუმზე რუსეთის კონტროლი, რომელიც იცნო ყველამ, გარდა ახლად გამომცხვარი საქართველოს მმართველებისა“.

შემდეგ გაზეთი წერს: „თუ ის (ვრანგელი) დამარცხდა და დაკარგა ბატონობა შავ ზღვაზე, მის ადგილს დაიჭერენ ბოლშევიკები და ამ შემთხვევაში ჩვენ მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ცნობა არაფერს არ შეცვლიდა მის მდგომარეობაში: პირველ შემთხვევაში კი (ე. ი. ვრანგელის გამარჯვების დროს – რედაქ.) ჩვენს წინააღმდეგ ავამხედრებდით რუსეთის საზოგადოებრივ აზრს, რომელიც ისედაც ბევრი სიმწარეა ჩვენს მიმართ და არ დააყოვნებდა ამიერ კავკასიის თავის სულიერ ცენტრთან რუსეთთან აუცილებლათ დაბრუნებას. საქართველოს მოთხოვნა სასარგებლოა მხოლოდ ქართველ შოვინისტებისათვის და ჩვენი მტრებისთვის. და განა საჭიროა რომ ინგლისმა თავის ბეჭედით დაადასტუროს ამიერ კავკასიაშ მოკავშირეების საწინააღმდეგო ერთ-ერთ ვერაგული ზრახვების განხორციელება?“.

მსგავსი/Related

Back to top button