ახალი ამბები

კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი დანიშნა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საქართველოს ერთ-ერთ წამყვან საკომუნიკაციო კომპანია „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი დანიშნა.

სპეციალურ მმართველად კომუნიკაციების კომისიამ სახელმწიფო პროგრამის „ოუფენ ნეტის“ დირექტორი და კომისიის ყოფილი თანამშრომელი, მარიამ სულაბერიძე დანიშნა. კომისიის თქმით, სპეციალური მმართველი იმ დრომდე დაინიშნა, ვიდრე კომპანიის კანონდარღვევით გასხვისებული წილის 49% პირვანდელ მდგომარეობაში არ დაბრუნდება და კანონის მოთხოვნა არ აღსრულდება. კომისიის თქმით, „კავკასუს ონლაინს“ კანონის აღსრულება ჯერ კიდევ 2019 წლის  17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაავალდებულეს, თუმცა „ერთი წლის განმავლობაში, 6 სანქციის მიუხედავად, კომპანიამ კანონი არ აღასრულა“.

სპეციალურ მმართველს უფლება აქვს კომპანიაში დანიშნოს ან გაათავისუფლოს „კავკასუს ონლაინის“ დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და კომპანიის თანამშრომლები. მმართველი უფლებამოსილია „კავკასუს ონლაინს“ შეუჩეროს ან შეუზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, მოახდინოს ხელფასების ცვლილება, ასევე სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს ბოლო ერთი წლის განმავლობაში „კავკასუს ონლაინის“ მიერ განხორციელებული ქმედება, ან დადებული გარიგება და მისი ბათილობა მოითხოვოს.

კომისიის 1 ოქტომბრის განცხადებით, ის უფლებამოსილი იყო „კავკასუს ონლაინისთვის“ ავტორიზაციაც შეეჩერებინა, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ მიიღო, ვინაიდან კომპანიის საქმიანობის შეჩერებამ, უპირველეს ყოვლისა, შესაძლოა, სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიღების თვალსაზრისით 2.5 მილიონზე მეტ აბონენტს გარკვეული პრობლემები შეუქმნას.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებში მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისთვის სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებამოსილება მას შემდეგ მიენიჭა, რაც პარლამენტმა 17 ივლისს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო, რასაც არასამთავრობოებისა და სატელეკომუნიკაციო კომპანიების კრიტიკა მოჰყვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button