skip to content
ახალი ამბები

ტელესაკომუნიკაციო კომპანიები მაუწყებლობისა და ელ. კომუნიკაციის შესახებ კანონებში ცვლილებათა პროექტს გმობენ

ცხრა ტელესაკომუნიკაციო კომპანია, მათ შორის, „მაგთიკომი“, „კავკასუს ონლაინი“ და „ახალი ქსელები“ მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონებში მთავრობისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს აპროტესტებენ. მათი შეფასებით, ცვლილებების ამ ფორმით მიღება ავტორიზებული პირების სამომავლო საქმიანობაზე „მნიშვნელოვნად ნეგატიურ გავლენას იქონიებს“. ამასთან, მათივე თქმით, ცვლილებების შინაარსობრივი მხარე „წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან და სამართლის პრინციპებთან“.

9 ივლისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში კომპანიები განმარტავენ, რომ ცვლილებების შემუშავებასა და განხილვაში „არ არის უზრუნველყოფილი დაინტერესებული პირების ჩართულობა“. მათი განმარტებით, დაგეგმილი ცვლილებების შესახებ 2020 წლის 1 ივლისს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან ინფორმაციული სახის ონლაინშეხვედრაზე შეიტყვეს, სადაც კანონპროექტის შესახებ მხოლოდ „ზეპირსიტყვიერი“ და „ზოგადი სახის ინფორმაცია“ მიიღეს.

ტელესაკომუნიკაციო კომპანიების განცხადებით, მათ კანონპროექტის სამუშაო ვერსიის გაცნობისა და მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობა არ ჰქონიათ, რადგანც კომისიამ მათ შესაბამისი მასალების გადაცემაზე უარი იმ მოტივით უთხრა, რომ ცვლილებების ინიციატორი თავად არ იყო და დოკუმენტებს არ ფლობდა.

„[თუმცა], 6 ივლისს პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე კანონპროექტის საჯაროდ [გამოქვეყნების შემდეგ], ცნობილი გახდა, რომ კომისიას არათუ მიუწვდებოდა ხელი კანონპროექტზე, არამედ თავად იყო საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

კომპანიები ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვაზეც ამახვილებენ ყურადღებას და ხაზს უსვამენ, რომ აღნიშნულით კანონპროექტის სათანადო, არსებითი განხილვა „ვერ იქნება უზრუნველყოფილი“, რაც „მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას იქონიებს საბოლოო შედეგზე“.

კომპანიები დასძენენ, რომ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას პარლამენტისთვის 2019 წელს წარდგენილ ანგარიშში არ მიუთითებია, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით პრობლემები არსებობდა და არ უთქვამს, რომ ამ საკითხის გადასაჭრელად კანონმდებლობაში „ცვლილებების შეტანა იყო აუცილებელი“. შესაბამისად, ისინი მიიჩნევენ, რომ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნა სათანადოდ არ არის დასაბუთებული და ამის წინაპირობა არ არსებობს.

აგრეთვე, ტელესაკომუნიაკაციო კომპანიები მიიჩნევენ, რომ არც კანონპროექტის მიზნობრიობაა დასაბუთებული, ცვლილებების ფინანსური გავლენის შეფასება კი – არის „არასრული და არასათანადო“.

„განმარტებით ბარათში არ არის შეფასებული ის მოსალოდნელი ნეგატიური ფინანსური შედეგები იმ პირებისთვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება“, – აცხადებენ ისინი.

კომპანიები ხარვეზად იმასაც ასახელებენ, რომ კანონპროექტის მომზადებაში არცერთი სახელმწიფო/არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი ყოფილა ჩართული. ამასთან, მათივე თქმით, არც იმ ქვეყნების გამოცდილებაა მიმოხილული, სადაც მსგავსი კანონის „იმპლემენტაცია“ მოხდა.

ტელესაკომუნიკაციო კომპანიების შეფასებით, კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა, რამდენადაც:

  • კანონპროექტით შემოთავაზებული ნორმები წარმოადგენს გაუმართლებელ ჩარევას კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლების დაცულ სფეროში;
  • ლეგიტიმური მიზანი არის გაურკვეველი და ბუნდოვანი;
  • შემოთავაზებული საკანონმდებლო რეგულირება არ არის მიზნის მიღწევის გამოსადეგი და აუცილებელი საშუალება, და, შესაბამისად, არის არაპროპორციული;
  • კანონპროექტი ვერ აკმაყოფილებს საკანონმდებლო ნორმისთვის დადგენილ განსაზღვრულობის მოთხოვნას.

კომპანიები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს მიმართავენ:

  • არ დაუშვან კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვა;
  • მაქსიმალურად გაითვალისწინონ დაინტერესებული პირების ლეგიტიმური ინტერესები;
  • სათანადოდ შეისწავლონ კომპანიების არგუმენტაცია.

პარლამენტის მიერ მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონებში ინიცირებული ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სამართლებრივი აქტების სასამართლოში გასაჩივრება კვლავინდებურად შესაძლებელია, თუმცა სასამართლოში სარჩელის მიღება, ამ აქტების მოქმედების შეჩერების წინაპირობა აღარ იქნება.

ამასთან, კომისია უფლებამოსილი იქნება, რომ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებში მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისთვის სპეციალური მმართველი დანიშნოს.

მთავრობისა და კომისიის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს არასამთავრობო სექტორის კრიტიკა უკვე მოჰყვა. ისინი კანონპროექტში მედიის „გაუმართლებლად შეზღუდვის რისკებს“ ხედავენ და მიიჩნევენ, რომ მისი მიღება მედიაგარემოს „უდიდეს ზიანს“ მიაყენებს.

მუწყებლებისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილმა, დღეს პარლამენტის წინ, სადაც დარგობრივი ეკონომიკისა და პოლიტიკის კომიტეტში სწორედ ინიცირებულ ცვლილებებს განიხილავდნენ, პრესკონფერენციაც გამართეს,  საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს და პარლამენტს მოუწოდეს, რომ ცვლილებები არ მიიღოს.

კრიტიკის საპასუხოდ, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური აცხადებს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები „სრულად ჯდება ყველა სტანდარტში“ და ისინი არც ინვესტიციების კუთხით საქართველოს მიმზიდველობას, არც ტელესაკომუნიკაციო ბაზარს და არც საკუთრების უფლების ნაწილს დააზიანებს. იგი ასევე ხაზს უსვამს, რომ ცვლილებები „მედიას საერთოდ არ ეხება“.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button