ახალი ამბები

პარლამენტმა ელ. კომუნიკაციების კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა 17 ივლისის პლენარულ სხდომაზე 88 ხმით არცერთის წინააღმდეგ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში მთავრობისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ინიცირებული ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.

ცვლილებების მიღებას წინ ტელესაკომუნიკაციო კომპანიებისა და არასამთავრობო სექტორის პროტესტი უძღოდა. ისინი აცხადებდნენ, რომ კანონპროექტის შესწორებების გარეშე მიღება შესაბამის სფეროს კომპანიების საქმიანობაზე უარყოფით აისახებოდა, ამასთან, ამტკიცებდნენ, რომ წარმოდგენილი ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციასთან მოდიოდა წინააღმდეგობაში.

შედეგად, კანონპროექტის ინიციატორები იძულებული გახდნენ, რომ ბიზნესსექტორთან კონსულტაციების საფუძველზე, შემოთავაზებულ კანონპროექტში დამატებითი ცვლილებები აესახათ.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში დღეს დამტკიცებული ცვლილებებით, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უფლებამოსილება ენიჭება, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებში მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისთვის სპეციალური მმართველი დანიშნოს.

კანონპროექტის პირველადი ვერსიისგან განსხვავებით, საბოლოო რედაქციაში დაზუსტდა, რომ კომისიას ეს უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუკი კომპანიის მიმართ კონკრეტული დარღვევისთვის უკვე გამოყენებულმა ჯარიმამ კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება ვერ უზრუნველყო.

ამასთან, საბოლოო ვერსიის მიხედვით, კომპანიაში სპეციალური მმართველი, პირველი რედაქციისგან განსხვავებით, უკვე არა მაქსიმუმ 2 წლით, არამედ კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებამდე გამწესდება.

აგრეთვე, თუკი, კანონპროექტის თავდაპირველი რედაქციით, კომისიას კომპანიის წილების გასხვისების უფლებამოსილებაც ენიჭებოდა, საბოლოო რედაქციაში მსგავსი ჩანაწერი აღარ იძებნება.

ცვლილებების რედაქციის თანახმად, კომისიის მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი უფლებამოსილია:

  • თანამდებობაზე დანიშნოს ან/და გაათავისუფლოს კომპანიის დირექტორ(ებ)ი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრ(ებ)ი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სასამართლოში იდავოს კომპანიის მიერ მის დანიშვნამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული ქმედებების ან დადებული გარიგების გამო და მათი გაბათილება მოითხოვოს;
  • კომპანიას შეუჩეროს ან შეუზღუდოს მოგების განაწილება, აგრეთვე დივიდენდებისა და პრემიების გაცემა და ხელფასების გაზრდა;
  • განახორციელოს კომპანიის მმართველობითი ორგანოს სხვა ფუნქციები, გარდა აქტივის, წილის ან აქციის გასხვისებისა.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ ახლადმიღებული კანონი ძალაში მისი გამოქვეყნებისთანავე შევა.

რაც შეეხება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას, რომლის თანახმადაც, მაუწყებლებს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესაძლებლობა აღარ ექნებოდათ, სამაუწყებლო კომპანიებისა და არასამათავრობო ორგანიზაციების პროტესტის ფონზე, ინიციატორებმა ის პირველივე საკომიტეტო მოსმენის შემდეგ უკან გაიწვიეს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button