skip to content
ახალი ამბები

საქართველოს საგარეო უწყების განცხადება აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით 7 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში განმარტავს, რომ  რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის წამოწყება „საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევა“ იყო.

საგარეო უწყება ხაზს უსვამს, რომ რუსეთის ამ ქმედებამ „სერიოზულად დააზიანა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემა და საფრთხე შეუქმნა მთელი ევროპის უსაფრთხოებას“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეწყვეტოს „უკანონო და პროვოკაციული“ მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ, „შეასრულოს ევროკავშირის წინაშე 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან და შეცვალოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ უკანონო გადაწყვეტილება“.

საგარეო უწყებისვე განცხადებით, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ნაცვლად, „კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო მილიტარიზაციას და დგამს ნაბიჯებს მათი ფაქტობრივი ანექსიისაკენ“.

საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოხატავს საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების გამაგერბის გამო, რამაც „ყოველდღიური ხასიათი მიიღო“ და რასაც თან ადგილობრივთა „უკანონო დაკავებები და გატაცებები“ ახლავს.

საგარეო უწყებამ რუსეთის ფედერაცია კოვიდ-19-ის პანდემიის ფონზე „პროვოკაციულ ქმედებებისა“ და საქართველოს წინააღმდეგ „ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების“ აქტიურად გამოყენების გამოც გააკრიტიკა. განცხადებაში ასევე ნათქვამი, რომ მოსკოვის „დეზინფორმაციული შეტევების ობიექტი ლუგარის სახელობის საქართველოს ჯანდაცვის ლაბორატორიასთან ერთად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც კი გახდა“.

ამავე განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე გაეროს გენერალური მდივნის მოწოდების ფონზე, „საოკუპაციო ძალები ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლის – ზაზა გახელაძის დაჭრასაც არ მოერიდნენ, რომელიც დღემდე [ცხინვალის] უკანონო პატიმრობაში რჩება“.

საგარეო უწყება ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების „უხეშ შელახვაზეც“ ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ „ეთნიკური დისკრიმინაცია და ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის საკუთარ სახლში დაბრუნების უფლების დარღვევა კვლავაც რუსეთის უკანონო ოკუპაციის მძიმე ჰუმანიტარულ ტვირთად რჩება“.

ამ კონტექსტში საგარეო საქმეთა სამინისტრო დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე მიუთითებს და განმარტავს, რომ ამგვარ საქმეებზე „დაუსჯელობის წახალისება კიდევ უფრო ზრდის ეთნიკურ ნიადაგზე ძალადობის საფრთხეს“.

საგარეო უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული უმწვავესი გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მთავრობისა და ხალხის გააზრებული არჩევანი მშვიდობა და ქვეყნის მდგრადი განვითარებაა. უწყება ასევე დასძენს, რომ საქართველო კონფლიქტების მშვიდობიანი, დიპლომატიური და სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებით მოგვარების მომხრეა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართვას საერთაშორისო თანამეგობრობას, „კონსოლიდირებული ძალისხმევა მიმართოს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებისკენ“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button