skip to content
ახალი ამბები

ბრიტანეთის საგარეო უწყება ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში რუსეთის გაზრდილ ჩარევაზე საუბრობს

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში „რუსეთის გაზრდილ ჩარევას ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება მოჰყვა“.

ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის შესახებ 2019 წლის ანგარიშში, რომელიც 16 ივლისს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ოკუპირებულ რეგიონებში „ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ გამშვები პუნქტების უმეტესობის ჩაკეტვამ დაძაბულობა და ხშირი დაკავებები გაზარდა, რასაც გადაადგილების თავისუფლებაზე მკაცრი შეზღუდვებიც მოჰყვა, რაც საარსებო პირობებზე, განათლებასა და ჯანდაცვის წვდომაზე უარყოფით გავლენას ახდენს“.

ანგარიშის თანახმად, ორივე ოკუპირებულ რეგიონში „ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ დისკრიმინაცია და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინება გრძელდება“.

ანგარიში ასევე აღნიშნავს, რომ გაერთიანებულმა სამეფომ გაეროს გენერალურ ასამბლეასა და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში დევნილთა შესახებ საქართველოს რეზოლუციებს მხარი დაუჭირა.

ყოველწლიური ანგარიში „მსოფლიო მასშტაბით ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის ხელშეწყობის“ მიმართულებით ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მისი დიპლომატიური ქსელის მიერ 2019 წელს განხორციელებულ საქმიანობას მოიცავს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button