ახალი ამბები

„სამართლიანმა არჩევნებმა“ წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) 4 აგვისტოს წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი 2020 წლის 5 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩავთვლით პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ასახავს და მასში „ამომრჩეველთა მოსყიდვის“, „ზეწოლისა“ და „პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის“ სავარაუდო ფაქტებზეა საუბარი.

მონიტორინგის პერიოდში, სამართლიანმა არჩევნებმა ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის სულ 8 შემთხვევა გამოავლინა. მათგან, 5 ქართული ოცნების, 2 ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და 1 ლელო საქართველოსთვის მხრიდან.

ანგარიშში სამსახურიდან, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების 5; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარის 5; ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების 2; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის 2; დამკვირვებელზე ზეწოლის 1; პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის 1 და პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის პროცესში დაბრკოლების 1 შემთხვევაზეც არის საუბარი.

„სამართლიანი არჩევნები“ ზუგდიდში, მარტვილში, ტყიბულსა და ჭიათურაში „მერის წარმომადგენელთა“ გათავისუფლებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რაც ორგანიზაციისვე შეფასებით, სავარაუდოდ, წინასაარჩევნო კამპანიის უფრო ეფექტიანად წარმართვას და ამ პროცესში მათ ჩართულობას ემსახურება.

ორგანიზაცია პარტია ევროპული საქართველოს ერთ-ერთი წევრის ოჯახში პოლიციის მიერ ჩატარებული ჩხრეკისას, სამართალდამცველების მხრიდან ნარკოტიკის ჩადების სავარაუდო მცდელობაზეც საუბრობს. ასევე, აღნიშნავს, რომ პარტია ლელო საქართველოს წარმომადგენლები მათთან პარტიის აქტივისტებზე ზეწოლა/მუქარის ფაქტებზეც საუბრობენ.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ ქართული ოცნების მხრიდან კასპში კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის გაუქმების მოთხოვნით, სამოქალაქო აქტივისტზე ზეწოლის შემთხვევაც დააფიქსირა.

ორგანიზაციის განცხადებით, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების ფაქტები საჩხერესა და ლაგოდეხში გამოვლინდა. ამ კონტექსტში, „სამართლიანი არჩევნები“ 8 ივლისს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა ქართული ოცნების ოფისში შეკრებასა და მათთვის, სავარაუდოდ, „წინასაარჩევნოდ პარტიული ინსტრუქციის“ მიცემას ასახელებს.

ანგარიშის თანახმად, სოციალური დახმარების გაცემაზე, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით უარი ხაშურისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა.

„სამართლიანი არჩევნები“ წინასაარჩევნო კამპანიაში მაღალი იერარქიის სასულიერო პირის ჩართულობაზეც საუბრობს და განმარტავს, რომ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი 26 ივლისის, საკვირაო ქადაგებისას, ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის – ზაურ დარგალის საწინააღმდეგო მოწოდებებით გამოვიდა.

„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს:

ხელისუფლებასა და პოლიტიკურ პარტიებს

  • არ გამოიყენონ ამომრჩევლებთან ურთიერთობის ისეთი ფორმა, რაც ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს და საკუთარი საქმიანობა განახორციელონ კეთილსინდისიერად;
  • მაჟორიტარობის კანდიდატებმა თავი შეიკავონ სოციალური დახმარების უშუალოდ გადაცემისგან;
  • ქველმოქმედებისას, პოლიტიკურმა სუბიექტებმა ანონიმურობა დაიცვან და თანხები იმ ფონდებს შესწირონ, რომლებიც ამ მიმართულებით საქმიანობენ;
  • მაჟორიტარმა დეპუტატებმა თავი შეიკავონ სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებში მონაწილეობისგან;
  • პროკურატურამ სათანადოდ, სწრაფად და გამჭვირვალედ გამოიძიოს მარნეულში ნარკოტიკების სავარაუდო ჩადების ფაქტი;
  • ხელისუფლებამ აქტივისტებზე, პოლიტიკურ ოპონენტებსა და ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებზე ზეწოლა/მუქარისგან თავი შეიკავოს და სახელმწიფო სექტორში დასაქმებულები პოლიტიკური ნიშნით არ გაათავისუფლოს;
  • პოლიტიკურმა სუბიექტებმა დამკვირვებლებს მათი საქმიანობის განხორციელებაში ხელი არ შეუშალონ.

ადგილობრივ თვითმმართველობას:

  • ბიუჯეტის სახსრებით დახმარების გაცემისას კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით იმოქმედონ და ამ პროცესში მოქალაქეთა რაიმე ნიშნით დისკრიმინაცია გამორიცხონ;
  • საქმიანობისას იხელმძღვანელონ ნეიტრალიტეტის პრინციპით. ამასთან, დაუშვებელია სოფლებში მერის წარმომადგენელთა პარტიული საარჩევნო მიზნით გამოყენება და პოლიტიკურად მოტივირებული საკადრო გადაადგილებები.

რელიგიურ ორგანიზაციებს:

  • წირვა-ლოცვისას, არ გამოიყენონ თავიანთი გავლენა მრევლსა და მორწმუნეებზე და არ მიმართონ პოლიტიკურ აგიტაციას რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან/და საწინააღმდეგოდ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button