Placeholder canvas
ახალი ამბები

არასამთავრობოები საარჩევნო კანონმდებლობაში 2022 წლის დეკემბრის ცვლილებებს აფასებენ

სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 31 იანვარს ერთობლივი ანგარიში გამოაქვეყნეს, რომელშიც ეუთო/ოდირის და ევროპის საბჭო/ვენეციის კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შედეგად, 2022 წლის დეკემბერში საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შეფასებას აკეთებენ.

არასამთავრობოები ანგარიშს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების მიზნით, პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის საქმიანობის შეფასებით იწყებენ და აცხადებენ, რომ საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა მასში მონაწილეობაზე უარი თქვა, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებს „შეუსაბამო ბარიერები“ თავად „ქართულმა ოცნებამ“ შეუქმნა. კერძოდ, „სამართლიან არჩევნებს“ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე უარი „დისკრიმინაციულად“ უთხრეს, „რის გამოც, სოლიდარობის ნიშნად, მუშაობაში არ ჩაერთნენ სხვა სამოქალაქო ორგანიზაციებიც“.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 19 დეკემბერს ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მიერ რეკომენდაციების გამოქვეყნების შედეგად, პარლამენტმა ამ რეკომენდაციების საფუძველზე საარჩევნო კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებები შეიტანა, რომლებიც საბოლოოდ 22 დეკემბერს მესამე მოსმენით იქნა მიღებული.

სამი არასამთავრობო ორგანიზაციის  შეფასებით, მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, როგორც ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების, ისე ხსენებული საერთაშორისო პარტნიორების მიერ იდენტიფიცირებულ რიგ პრობლემებს პასუხობს, რაც დადებითად უნდა შეფასდეს. თუმცა ხაზს უსვამენ, რომ “ცვლილებებით სრულად არ იქნა გათვალისწინებული ყველა არსებითი ხასიათის რეკომენდაცია, მათ შორის, არ აისახა იმ რეკომენდაციების გარკვეული ნაწილი, რომლებიც ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა 2022 წლის დეკემბერში წარმოადგინეს. მათი ერთობლივი შეფასებით, “განხორციელებული რეფორმა საარჩევნო კოდექსის ყოვლისმომცველ ანალიზის არ ეფუძნება და მხოლოდ ცალკეულ საკითხებს შეეხება.”

საარჩევნო საკანონმდებლო ცვლილებები

  • არჩევნებში ელექტრონული საშუალებების დანერგვა

არასამთავრობოები მიესალმებიან საარჩევნო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, თუმცა აცხადებენ, რომ ცვლილებები ზოგადად აწესრიგებს ელექტრონული ტექნოლოგიების საარჩევნო პროცესში გამოყენების წესს, მაგრამ არსებითი საკითხების გადაწყვეტას, მათ შორის, რომელ და რამდენ უბანში როგორ უნდა წარიმართოს პროცესები, მთლიანად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) ანდობს და ცესკოს შეუზღუდავ უფლებამოსილებას ანიჭებს.

ამ კონტექსტში, ანგარიში აღნიშნავს, რომ მაგალითად, სრულიად ბუნდოვანია, თუ რა საშუალებით მოხდება საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ელექტრონული რეგისტრაცია. ამასთან, ცვლილებებით არც ელექტრონული საშუალებების გამოყენების გეგმა გაიწერა, რაზეც ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირის დასკვნაც მიუთითებდა. არასამთავრობოების თქმით, ცვლილებებში ასევე არ აისახა ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაცია, რომ იმ უბნებზე სადაც ელექტრონულ საშუალებებს გამოიყენებენ, ამომრჩეველთა რაოდენობა შუალედური პერიოდის განმავლობაში მაინც არ გაზრდილიყო.

ამასთან, ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციის მიუხედავად კანონით არ განსაზღვრულა კენჭისყრის ახალ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის ფარგლები დამკვირვებლების, კანდიდატებისა და პოლიტიკურ პარტიებისთვის, ასევე კენჭისყრის ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ძირითადი გადაწყვეტილებებისათვის საჭირო ადეკვატური ვადები და საჩივრების და აპელაციების შედგენის შესაძლებლობა და მონაცემთა დაცვის რეგულაციები.

  • საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება

საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ნაწილში არასამთავრობოები კომისიის წევრების და ხელმძღვანელი პირების სერტიფიცირების შემოღებას მიესალმებიან, თუმცა აღნიშნავენ, რომ წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მმართველი პარტია სხვადასხვა გზით, მაინც არაფორმალურად აკონტროლებს კომისიებში პროფესიული ნიშნით ასარჩევი წევრების შერჩევის პროცესს.

არასამთავრობოების შეფასებით, დადებითი ეფექტს ვერც მხოლოდ კომისიების თანამდებობის პირთა კონკურსით შერჩევა მოიტანს და უფრო მნიშვნელოვანია, შეიცვალოს „პრობლემური რეგულაცია“, რომელიც საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა რეგისტრატორის ფუნქციის შესრულებას პარტიების მიერ დანიშნულ კომისიის წევრებს უკრძალავს.

ანგარიში დადებითად აფასებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისათვის თანამდებობრივი შეუთავსებლობის შემთხვევების ჩამონათვალის გაფართოებას, „რითაც გამოირიცხება ახლო წარსულში პარტიული აფილიაციის მქონე და პარტიის შემომწირველი პირების საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად არჩევა“.

სხვა ცვლილებები

საარჩევნო კანონმდებლობაში სხვა ცვლილებებზე საუბრისას, არასამთავრობოები დადებითად აფასებენ შემაჯამებელ ოქმში დისბალანსის არსებობის შემთხვევაში დოკუმენტაციის გახსნის და ხმების გადათვლის იმპერატიული ვალდებულების გაჩენას. თუმცა, იქვე აღნიშნავენ, რომ პროცესისადმი ნდობის გაზრდის მიზნით, „მნიშვნელოვანია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებმა სავალდებულო წესით გადათვალონ ყველა იმ საუბნო საარჩევნო კომისიის დოკუმენტაცია, რომელთა შედეგების შემაჯამებელ ოქმებში სუბიექტების მიერ მიღებული ხმებისა და ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების ჯამი თუნდაც ერთით მეტია არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების საერთო რაოდენობაზე“.

ანგარიში ასევე დადებითად აფასებს გასაჩივრებისა და საჩივრების განხილვის ვადების გაზრდას და მიესალმება, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ან დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადა საპარლამენტო მოსმენებს შორის პერიოდში გადაიხედება. თუმცა, ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციაზე დაყრდნობით, ნათქვამია, რომ მიზანშეწონილია „საჩივრებისა და აპელაციების წარდგენისა და განხილვის ვადების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება და მეტად გაზრდა“.

დოკუმენტი დადებითად აფასებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობის გაზრდას. თუმცა ხაზს უსმვას, რომ მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ პრაქტიკაში პრობლემაა არა ჯარიმის ოდენობა, არამედ დარღვევაზე სათანადო რეაგირების არარსებობა. „საარჩევნო ადმინისტრაცია მეტწილად არ იღებს დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილებას, ასეთი სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში“.

ანგარიშში ასევე დადებითად არის შეფასებული ცვლილება, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.05%-ს. თუმცა, ხაზგასმულია, რომ „მისი ეფექტიანობა, შესაძლოა დიდი მაინც არ იყოს“. „ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა ერთობლივ შეფასებაში აღნიშნეს, რომ კვლავ არ იქნა გათვალისწინებული ეუთო/ოდირის რეკომენდაცია, რომელიც საარჩევნო კამპანიისთვის გაღებული შემოწირულების მაღალი ზღვრების საერთაშორისო კარგ პრაქტიკასთან ჰარმონიზაციას გულისხმობდა“.

რეკომენდაციები

არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციით:

  • ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მოწოდების შესაბამისად, რაც შეიძლება სწრაფად უნდა განხორციელდეს ყოვლისმომცველი და ინკლუზიური საარჩევნო რეფორმა, რომელიც დაეფუძნება საარჩევნო კანონმდებლობისა და პრაქტიკაში არსებული პრობლემების სრულ და სიღრმისეულ ანალიზს;
  • საარჩევნო რეფორმის დროს მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის როგორც ცალკეულ კანონპროექტებზე დაწერილი დასკვნები, ისე საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების მიერ სხვადასხვა დროს წარმოდგენილი რეკომენდაციები, მათ შორის, აუცილებელია: აღდგეს 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებით გათვალისწინებული რეგულაციები; გაუქმდეს პოლიტიკური პარტიისთვის საბიუჯეტო დაფინანსების ჩამორთმევის ის უსამართლო წესი, რაც პარლამენტში მისი წევრების გარკვეულ ქმედებებს შეიძლება მოჰყვეს და სხვ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button