თბილისის მერი „ყალბი ამბების გამავრცელებელ მედიას“ ვიდეოებით შეებრძოლება
თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე მის და მერიის საქმიანობასთან დაკავშირებით „დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების გავრცელების“ წინააღმდეგ კამპანიას იწყებს. ამ მიზნით ის 25 ივნისიდან სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში ისაუბრებს. მისი თქმით ჩართვები 22:00 საათზე გაიმართება.
კახა კალაძის თქმით „დესტრუქციულმა ოპოზიციამ“ დეზინფორმაციის გზით გადაწყვიტა ადგილის დამკვიდრება და ყურადღების მიქცევა, რისთვისაც ისინი აქტიურად იყენებენ „საკუთარ ტელევიზიებს“.
„ისმის კითხვა, რა დავუპირისპიროთ ცრუ „მთავარს“, თუ ტყუილში „პირველებს“, თუ მათთან ასოცირებულ „ფეიკნიუსების“ გამავრცელებლებს. რასაკვირველია, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტები, სიმართლე და სწორი ინფორმაციის მიწოდება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით”, – განაცხადა კახა კალაძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ ვიდეოჩართვაში.
მერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იგი საკმაოდ აქტიურია და ყოველთვის ცდილობს სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდოს თბილისის მოსახლეობას ყველა იმ პროექტთან დაკავშირებით, რაც ხორციელდება და ასევე „არ ერიდება პრობლემებზე“ საუბარს, რომელიც მისივე თქმით, საკმაოდ ბევრია, დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს, რათა არ დატოვოს პასუხგაუცემელი ის „სიცრუე და ცილისწამება, რომელსაც ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე თხზავენ გამარგინალებული პოლიტიკოსები და ავრცელებენ თავიანთი მედიასაშუალებებით“.
„არჩევნები ახლოვდება და ეს კონკრეტული პოლიტიკოსები თუ მათი ტელევიზიები ცდილობენ, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, რაშიც ჩვენ ხელს შევუშლით და ამის შესაძლებლობას მათ არ მივცემთ“, – აღნიშნა კალაძემ.
ამ მედიასაშუალებებში კახა კალაძე სავარაუდოდ „მთავარ არხს“, ტელეკომპანია „პირველს“ და „ფორმულას“ გულისხმობდა, რადგან კამპანიის დამაანონსებელ ფირნიშზე სწორედ ამ სამი არხის შეცვლილი ნიშანია გამოტანილი.
„არაფერს არ ვიგონებთ, ჩვენ პასუხები გვექნება არგუმენტებით, ფაქტებით და იმ მართალი ინფორმაციით, რომელიც არის კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით. სხვა ჩვენ არაფერ ზედმეტს არ გავაკეთებთ, არაფერ ზედმეტს არ ვიტყვით. სიმართლის მუშტი მოხვდება ყველას ცხვირ-პირში, ვინც არასწორად იმოქმედებს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა ექნება”, – აღნიშნა მან.
კომენტარები
კალაძის ამ ინიციატივას გამოეხმაურნენ სახალხო დამცველი და პოლიტიკოსები, როგორც მმართველი პარტიიდან, ისე ოპოზიციიდან.
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ, თუმცა მისთვის გაურკეველია, გადაცემის ანონსის ფირნიშზე გამოსახული არხების სახეშეცვლილი ლოგოები. აჩენს „შთაბეჭდილებას, რომ რეალური მიზანი არის კონკრეტული მედიასაშუალებების წინააღმდეგ განცხადებების გაკეთება“.
„თავისუფალი სიტყვის ხელისუფლების ძალით, მუქარის, შეჩერებისა თუ ჩახშობის მცდელობად“ შეაფასა ნაციონალური მოძრაობის წევრმა რომან გოცირიძემ კახა კალაძის წამოწყება და გადაცემის ანონსის შინაარსი.
ევროპული საქართველოს განცხადებით, მმართველ გუნდს, „რაც აწუხებს“, არის ის, რომ მიუხედავად ყველა მათი მცდელობისა, მედიას მთლიანად ვერ აკონტროლებენ.
„ცინიზმია კალაძე და ივანიშვილის ნებისმიერი კლოუნი, რომ საერთოდ ვინმეს პროპაგანდაზე საუბრობს იმ დროს, როდესაც ჩვენ ყველანი ვხედავთ ამ ქვეყანაში საზოგადოების დაყოფის, ძალადობისკენ წაქეზებას“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის შეფასებით კი, მაშინ როცა ყალბი ამბების გავრცელება ამ ბოლო დროს გაიზარდა და კახი კალაძეს „ერთ-ერთ ობიექტს ამ “ფეიკნიუსების ბინძური” და მავნებლური დარტყმების, სრული უფლება აქვს, რომ გამოვიდეს და პასუხი გასცეს [ბრალდებებს]“.
მოგვიანებით, საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე, Facebook–მა გვერდების, ჯგუფებისა და მომხმარებელთა ანგარიშების ქსელი წაშალა, რომელიც ღიად უკავშირდებოდა „ესპერსონას“, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირის მფლობელობაში მყოფ მედია-ორგანიზაციას და ასევე გააუქმა ოპოზიციურ პარტია “ერთიან ნაციონალური მოძრაობასთან” დაკავშირებული ანგარიშების ქსელი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)