Placeholder canvas
ახალი ამბები

„TI საქართველომ“ 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტი შეაფასა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ“ (TIG) 16 ივნისს 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტის ანალიზი გამოაქვეყნა, სადაც პროექტის მთავარ ხარვეზებზე ამახვილებს ყურადღებას და მთავრობას მოსალოდნელი ეკონომიკური შოკების წინააღდეგ გარკვეული ზომების გატარებას სთავაზობს.

რეგიონში მძიმე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციის გათვალისწინებთ, ორგანიზაცია მიიჩნევს, ეკონომიკის 4%-იანი კლება „ოპტიმისტური მოლოდინია“ და ურჩევს მთავრობას, რომ ეკონომიკური ზრდისა და ბიუჯეტის ალტერნატიული სცენარები წარმოადგინოს.

იმ დროს, როდესაც პანდემიის გამო „უმუშევრად დარჩენილები [მოქალაქეების] ნაწილმა თანხა საერთოდ ვერ მიიღო, ან სოციალურად დაუცველებს სათანადოდ ვერ ვეხმარებით“, „საერთაშორისო გამჭვირვალო – საქართველომ“ „საშუალო და მაღალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის“ იპოთეკური სესხების დაფინანსების შესახებ მთავრობის ინიციატივა გააკრიტიკა.

ორგანიზაციამ ასევე აღნიშნა, რომ ბანკების სუბსიდირებაზე უარის თქმით, მთავრობას 600 მლნ ლარით ნაკლები საშინაო ვალის აღება შეუძლია.

„მაშინ, როდესაც მთავრობის ვალი დაშვებულ ზღვარს უახლოვდება და ქვეყნის ფისკალური სისტემა გაცილებით მოწყვლადი ხდება მომავალში მოსალოდნელი ეკონომიკური შოკების წინააღდეგ, მთავრობამ არ უნდა დაასუბსიდიროს ბანკები და არ უნდა შეითავსოს ეროვნული ბანკის ფუნქცია, რაც ბანკებისთვის გრძელვადიანი ლიკვიდობის მიწოდებაში გამოიხატება“, – ნათქვამია ორგანიზაციის შეფასებაში.

ამიტომ, „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ აუცილებელია ბიუჯეტის რეალური დეფიციტისა და მთავრობის ვალის ტვირთის შემცირება, რათა ქვეყანა „უფრო მდგრადი გახდეს მოსალოდნელი, თუ მოულოდნელი ეკონომიკური გართულებების წინაშე“.

ორგანიზაციამ მოუწოდა მთავრობას, რომ მოქმედი ბუჯეტიდან გაცილებით მეტი თანხა უნდა დაზოგოს. „პირველ რიგში, ეს ეხება ადმინისტრაციულ ხარჯებს. მთავრობამ უნდა წარმოადგინოს ჩაშლილი გეგმა, თუ რა თანხაა გათვალისწინებული 2020 წელს მივლინებებზე, წარმომადგენლობით ხარჯებზე, შტატგარეშედ დასაქმებულებზე, ავეჯის, საწვავის და სხვა საქონლის და მომსახურების შეძენაზე“, – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.

საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტი 9 ივნისს წარმოადგინა, რომლის თანახმადაც, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური რეცესიის შედეგების აღმოსაფხვრელად საბიუჯეტო ხარჯების ზრდა იგეგმება. გაზრდილი ხარჯების კომპენსირებისთვის არსებული ბიუჯეტიდან 600 მლნ ლარი გამოთავისუფლდა. მთავრობის გეგმით, ანტიკრიზისულ ზომებზე, პანდემიით გამოწვეულ სხვა ხარჯებთან ერთად, ჯამში, 3.4 მილიარდი ლარი დაიხარჯება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button