ახალი ამბები

პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინეს

მინისტრის საათის ფორმატში 12 ივნისის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინეს. დაახლოებით 40 წუთიან გამოსვლაში მინისტრმა ყურადღება ქვეყნის შიდა და გარე საფრთხეებზე, ასევე თავდაცვის უწყების პრიორიტეტებზე გაამახვილა.

თავდაცვის მინისტრმა გარე საფრთხეებზე საუბრისას, ქვეყნის წინაშე არსებულ „უმთავრეს“ გამოწვევად „რუსული ოკუპაცია“ და ე.წ. „ბორდერიზაცია“, აგრეთვე მისი „თანმდევი საინფორმაციო, ფსიქოლოგიური და პროპაგანდისტული ოპერაციები“ დაასახელა.

ღარიბაშვილმა „საქართველოს საზღვრების სიახლოვეს მაღალი სიზუსტის და დიდი სიშორის სახმელეთო-საზღვაო და საჰაერო ბაზირების სარაკეტო კომპონენტების არსებობა“, ქვეყნის კიდევ ერთ „უმნიშვნელოვანეს გამოწვევად“ გამოყო.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული საოკუპაციო ძალების სამხედრო ბაზები და რეგიონის გამალებული მილიტარიზაცია, არღვევს ძალთა ბალანსს და საფრთხეს უქმნის რეგიონის უსაფრთხოების გარემოს“, – დასძინა მანვე.

თავდაცვის მინისტრმა „შავი ზღვა-კავკასიის“ რეგიონში პირდაპირი და არაპირდაპირი საფრთხეების პრევენციისთვის „ეფექტიანი თავდაცვითი შესაძლებლობების არსებობის“ მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

„რეგიონის მილიტარიზაცია, რუსეთის თანამედროვე საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო კომპონენტებით ფორმირებული შეზღუდული წვდომის ზონები მნიშვნელოვნად ართულებს რეგიონზე დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკურ წვდომას“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე შეფასებით, რეგიონის სტაბილურობისთვის საფრთხეს აქ არსებული „ე.წ. გაყინული კონფლიქტები“ და გლობალური ტერორიზმის კერებთან, კერძოდ კი – ახლო აღმოსავლეთთან სიახლოვეც წარმოადგენს.

თავდაცვის მინისტრმა სადაზვერვო ინფორმაციის „მოპოვებისა და რეალიზების“ მნიშვნელობაც აღნიშნა და თქვა, რომ უწყებაში სამხედრო-სადაზვერვო შესაძლებლობების განვითარებას „მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა“. მანვე ამ მიმართულებით, საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის, ნატოსთან და დიდ ბრიტანეთთან თანამშრომლობასაც გაუსვა ხაზი.

ირაკლი ღარიბაშვილი „გლობალური მასშტაბის გამოწვევას“ – კიბერუსაფრთხოებასაც შეეხო და თქვა, რომ ამ კუთხით ქვეყანას აშშ-თან, დიდ ბრიტანეთთან, ესტონეთთან და ლიეტუვის რესპუბლიკასთან „ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა“ აქვს.

მინისტრის განმარტებით, ქვეყნის წინაშე არსებული შიდა და გარე საფრთხეების გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვის უწყება, თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისა და საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების მიზნით, შემდეგი სტრატეგიული მიმართულებებით ხელმძღვანელობს:

  • კვალიფიციური და კომპეტენტური კადრების მოძიება-შერჩევა, მათი მომზადება გადამზადება, შენარჩუნება-კარიერული განვითარება;
  • სამხედრო მოსამსახურეთათვის სოციალური კომპონენტის გაუმჯობესება და მათთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა;
  • მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება, გადაიარაღება და თანამედროვე სისტემების დანერგვა;
  • უცხოელ პარტნიორებთან ორმხრივი და მრავალმხრივი პარტნიორობის „ინტენსიფიკაცია“ და სხვ.

შიდა საფრთხეების კონტექსტში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა „ჰიბრიდული მოქმედებები“ დაასახელა, რომელბსაც მისივე თქმით, „ყოველდღიურად ვაწყდებით“.

ამის შემდეგ, ღარიბაშვილმა დიდი დრო ქვეყნის შიგნით „დესტრუქციული ძალების“ გააქტიურებაზე საუბარს დაუთმო და თქვა, რომ ქვეყანაში „რყევები“ სწორედ მათი „უპასუხისმგებლო ქმედებებით ძლიერდება“.

„დესტრუქციული ძალებისთვის მიუღებელია ისეთი ავტორიტეტული ინსტიტუციები, როგორიცაა – ეკლესია, ჯარი, პოლიცია“, – თქვა თავდაცვის მინისტრმა.

მანვე ამ ძალების მიერ „თავდაცვის სამინისტროსა და მისი ხელმძღვანელის წინააღმდეგ გააქტიურებულ „დისკრედიტაციისა და იმიჯის დაკნინების მცდელობის“ კამპანიაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ამ კამპანიის მიზანი „ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის მოშლა და საბრძოლო სულისკვეთების დაქვეითებაა“.

ამავე კონტექსტში ღარიბაშვილმა ცალკე გამოყო „ფსევდო დასავლური ორგანიზაციების დესტრუქციული აქტივობებიც“ და განმარტა, რომ „მათი მთავარი ამოცანა არასწორი და მავნე დისკურსების ჩამოყალიბებაა“.

საუბრის დასასრულს, თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „ნატოსთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა“ უწყების „ერთ-ერთ „ქვაკუთხედია“ და რომ ქვეყანა ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებებისა და რეკომენდაციების შესრულებას პრინციპით – „უფრო მეტი ნატო საქართველოში და საქართველო ნატოში“ – განაგრძობს.

ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს დეპუტატები არ ესწრებოდნენ. შესაბამისად, მინისტრის მოსმენამ დებატების გარეშე ჩაიარა. უმრავლესობის წევრები, ძირითადად, თავდაცვის მინისტრისადმი გაწეული საქმიანობისთვის მადლობის გადახდით შემოიფარგლნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button