ახალი ამბები

ნატო საქართველოსთან და უკრაინასთან პარტნიორობას გააღრმავებს

Tags

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 2 აპრილს ალიანსის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ დისტანციურ ვიდეო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატომ გადაწყვიტა „კიდევ უფრო“ გააღრმავოს პარტნიორობა საქართველოსა და უკრაინასთან.

სტოლტენბერგის თქმით, პაკეტი საქართველოსა და უკრაინისთვის მოიცავს წვრთნებს შავის ზღვის სტრატეგიულ რეგიონში, ასევე „ერთობლივ მუშაობას ჰიბრიდულ ომთან დასაპირისპირებლად და ძალისხმევას, რათა საჰაერო მოძრაობის მეტი სარადარო მონაცემების გაცვლა მოხდეს, რაც მას უფრო უსაფრთხოს გახდის“.

პაკეტი ასევე ითვალისწინებს „წვდომას ნატოს მეტ საგანმანათლებო პროგრამებზე“ საქართველოსა და უკრაინისთვის, დასძინა გენერალურმა მდივანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მიესალმა ნატოს ერთგულებას საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი. „მეტიც, კონკრეტული გადაწყვეტილებებით კიდევ უფრო აღრმავებს თანამშრომლობის ფორმატებს“, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ 2 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.

„ჩვენი გამორჩეული თანამშრომლობა და საქართველოს თავსებადობა ნატოსთან კიდევ უფრო გაღრმავდება ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე დღეს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად“, – დაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა Twitter-ზე.

ნატოს შტაბბინაში მიღებული პრევენციული ზომები და ვიზიტორების შეზღუდვა კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კოვიდ-19-ის 148 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 27 პაციენტი უკვე სრულად გამოჯანმრთელდა. ამასთან, 5 392 მოქალაქე 14 დღიან სავალდებულო კარანტინშია მოთავსებული, 319 კი – სამედიცინო დაწესებულებებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button