skip to content
ახალი ამბები

გიორგი კანდელაკი მთავრობას საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო უწყებების წერილის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს

ოპოზიციური პარტია, ევროპული საქართველოს დეპუტატი გიორგი კანდელაკი Facebook-ის საშუალებით ხელისუფლებას საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი, „კრიტიკული“ მიმართვის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მთავრობაში მისულია გერმანიისა და საფრანგეთის მინისტრების ერთობლივი მიმართვა და ეს არ იქნება არც პირველი და არც უკანასკნელი. ეს წნეხი მხოლოდ და მხოლოდ გაძლიერდება“, – ასევე განმარტა მან „ტელეკომპანია პირველთან“ საუბრის დროს.

გიორგი კანდელაკმა „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრა, რომ მიმართვის შინაარსზე კონკრეტულად ვერ ისაუბრებს, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ მიმართვა კრიტიკულია და „სერიოზული წნეხია საქართველოს მეგობრების მხრიდან“.

საკითხს მოკლე განმარტებით გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყება წერილის მიღებას ადასტურებს და განმარტვს, რომ წერილის გამოქვეყნება გერმანული და ფრანგული მხარის პრეროგატივაა და „ძალიან კარგი იქნება, თუ გამოაქვეყნებენ, რადგან წერილი საკმაოდ დაბალანსებული, მხარდამჭერი და კონსტრუქციულია“.

„ჩვენ არ ვაპირებთ უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენოთ ჩვენი გერმანელი და ფრანგი პარტნიორები. დიპლომატიური სამსახური ვერ აყვება გიორგი კანდელაკის და მისი კოლეგების იაფფასიან გამოსვლებს“, – ნათქვამია საგარეოს უწყების განცხადებაში.

საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისადმი კრიტიკული მიმართვები 10 თებერვალს უზენაესი სასამართლოს მიერ გიგი უგულავასთვის გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს მოჰყვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button