ახალი ამბები

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების გამო შეშფოთებულია

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა, ესტონელი და შვედი კოლეგების მსგავსად, უზენაესი სასამართლოს მიერ თბილისის ყოფილი მერისგიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების გამო შეშფოთება გამოხატა.

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი გიგი უგულავას საქმეზე კითხვებს აღძრავს და შეშფოთებას იწვევს“, – დაწერა მინისტრმა 12 თებერვალს Twitter-ზე და დასძინა, რომ „არსებული გარემოებები პოლიტიკური დიალოგის პროცესის განვითარებას ხელს არ უწყობს“.

„სასამართლოს დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა საქართველოს ევროპული გზის მთავარი ელემენტებია“, – დასძინა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

უზენაესი სასამართლოს სამწევრიანმა კოლეგიამ 10 თებერვალს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მისი მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვის საქმეზე დამნაშავედ ცნო და მას საბოლოო სასჯელის სახედ სამი წლით, ორი თვითა და რვა დღით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გიგი უგულავას ადვოკატის ინფორმაციით, გადაწყვეტილებას მხარი კოლეგიის ორმა წევრმა – შალვა თადუმაძემ (ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა) და მერაბ გაბინაშვილმა დაუჭირეს, რომლებიც უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეებად ცოტა ხნის წინ დაინიშნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button