skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში წამყვანი ევროპარლამენტარები უგულავას წინააღმდეგ განაჩენს აფასებენ 

ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში წამყვანმა ევროპარლამენტარებმა ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ განცხადება გამოაქვეყნეს და აღნიშნეს, რომ ის „გადაწყვეტილების პროცედურების, დროისა და მოტივაციის თაობაზე კითხვებს აღძრავს“.

განცხადებას ხელს აწერენ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელი მარინა კალიურანდი და საგარეო საქმეთა კომიტეტის მუდმივი მომხსენებელი საქართველოს შესახებ სვენ მიკსერი.

„დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამარათლო სისტემა, რომელიც საზოგადოების ნდობით სარგებლობს, ნებისმიერი დემოკრატიის მნიშვნელოვანი საყრდენია. ის ასევე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების ნაწილია“, – განაცხადეს ევროპარლამენტარებმა და დასძინეს, რომ „ეს კიდევ უფრო ზრდის დაძაბულობას ისედაც რთულ პოლიტიკურ გარემოში საქართველოში“.

მათი თქმით, „საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დიალოგის გაგრძელება უმნიშვნელოვანესია საარჩევნო რეფორმაზე კონსენსუსის მისაღწევად, რაც ყველაზე უკეთესად ასახავს ქართველი ხალხის ნებას“. „კვლავაც გვექნება მჭიდრო კონტაქტები ჩვენს პარტნიორებთან საქართველოს პარლამენტში, დემოკრატიისთვის ასეთ გადამწყვეტ მომენტში“, – დასძენენ ისინი.

უზენაესი სასამართლოს სამწევრიანმა კოლეგიამ 10 თებერვალს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მისი მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვის საქმეზე დამნაშავედ ცნო და მას საბოლოო სასჯელის სახედ სამი წლით, ორი თვითა და რვა დღით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გიგი უგულავას ადვოკატის ინფორმაციით, გადაწყვეტილებას მხარი კოლეგიის ორმა წევრმა – შალვა თადუმაძემ (ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა) და მერაბ გაბინაშვილმა დაუჭირეს, რომლებიც უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეებად ცოტა ხნის წინ დაინიშნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button