Placeholder canvas
ახალი ამბები

ზალკალიანი აშშ-ის ოფიციალურ პირებს და კონგრესმენებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რომელიც 4-7 თებერვალს ვაშინგტონს სტუმრობს, 5 თებერვალს საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების ალიანსის პირველ ოფიციალურ შეხვედრას დაესწრო, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ უმასპინძლა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველო იმ 26 ქვეყანას შორისაა, რომლებიც შეუერთდნენ აშშ-ს პირველი ამ ტიპის ალიანსის შექმნაში.

შეხვედრაზე ზალკალიანმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციაზე ისაუბრა, მათ შორის, ეთნიკური ქართველებისთვის დაწესებულ შეზღუდვებზე, რომ ქართულ ეკლესიებში წირვებს დაესწრონ.

ვაშინგტონში ზალკალინი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერს შეხვდა და მასთან აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება და ადგილზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განიხილა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში მონაწილეობისთვის.

ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი კონგრესმენებს: უილ ჰერდს, რიკ ლარსენს, დევინ ნუნესს, ასევე სენატორებს ჯიმ რიშს და ჯინ შაჰინს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან ერთად, რომელიც ასევე სტუმრობს აშშ-ს 5-10 თებერვალს, ზალკალიანი ამერიკის ნაციონალურ დღესთან – ეროვნული ლოცვის დღესთან დაკავშირებულ საუზმეს დაესწრო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button