Placeholder canvas
ახალი ამბები

კონგრესმენი ბაბინი გახარიას „დაყოვნებული რეფორმებისა და ამერიკული ინვესტიციისათვის გაუარესებული გარემოს“ გამო სწერს

23 იანვარს ამერიკელმა კონგრესმენმა ბრაიან ბაბინმა „დაყოვნებული რეფორმებისა და ამერიკული ინვესტიციისათვის გაუარესებული გარემოს“ გამო საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას წერილი მისწერა. ამერიკელმა კონგრესმენმა თქვა, რომ თავისი ამ წერილით იგი უერთდება „მზარდ შეშფოთებას დემოკრატიულ ღირებულებებათაგან საქართველოს განუხრელი უკანდახევისა და მისი ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესებისდა გამო“.

კონგრესმენმა ბაბინმა წერილის დასაწყისში აღნიშნა, რომ უერთდება კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანა-თავმჯდომარეების, ადამ კინზინგერისა და ჯერალდ კონოლის, ასევე კონგრესმენ მარკვეინ მალინის მიერ პრემიერ გახარიასადმი მიწერილ წერილებს.

კონგრესმენმა ბაბინმა წერილში ოქტომბერში წარმომადგენელთა პალატაში მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ ორპარტიულ აქტზეც ისაუბრა და თქვა, რომ აქტის დასაწყისში საგანგებოდ გაუსვეს ხაზი შემდეგ სიტყვებს:

„ამერიკის შეერთებული შტატები, სხვა საკითხებთან ერთად, მხარს უჭერს „საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების განვითარებას, მათ შორის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, საჯარო სექტორის გამჭირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, კანონის უზენაესობასა და კორუფციის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას“.

„ამ პოლიტიკის სულისკვეთება მაწერინებს თქვენთვის ამ წერილს, რადგანაც საქართველოს დემოკრატიულ და თავისუფალი ბაზრის ეკონომიკურ მაჩვენებლებში სულ უფრო უარყოფითი ტენდენცია შეინიშნება, რაც აშშ-ის კონგრესის წევრთა შეშფოთების საგანი ხდება,“ თქვა ბაბინმა.

„ამ ტენდენციის შედეგია საქართველოში უცხოური პირდაპირი ინვესტიციის შემცირება. ეს იმიტომ, რომ ამერიკული და ევროპული ბიზნეს-ინტერესები შევიწროების, ხელშეკრულების გაწყვეტისა და ექსპროპრიაციის მხრივ თავდასხმის მსხვერპლი გახდა“, დაწერა ბაბინმა. კონგრესმენის თქმით, ამის „ნათელი მაგალითია ტექსასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში დაფუძნებული ნავთობისა და გაზის კომპანია „ფრონტერა რესურსების“ შემთხვევა.

კონგრესმენმა სოციალურ ქსელ ფეისბუქის მიერ სავარაუდოდ საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებული ასობით გვერდის გაუქმებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ აღნიშნული ამბავი „საგანგაშოა.“

კონგრესმენმა ბაბინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უახლეს ისტორიაში პირველად, საქართველოს აშშ-ის მთავრობის ასიგნებების დოკუმენტში უარყოფითი და გამაფრთხილებელი შეფასება მისცეს. მან თქვა, რომ 2019 და 2020 წლების ასიგნებების აქტებში „ასახულია შეშფოთება დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფალი ბაზრის პრინციპებისა და ამერიკული ბიზნეს ინტერესების წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მზარდი ანტაგონისტულ ქმედებებისადმი“.

კონგრესმენმა თქვა, რომ მის მიერ აღწერილი ამ „უარყოფითი ტენდენციის გამო“ და მისი შეცვლის მიზნით, სულ უფრო იმატებს მოწოდებები სანქციებისა და სხვა ჯარიმების განხილვის თაობაზე. მან თქვა, რომ მხარს დაუჭერს 2019 წლის თებერვალში კონგრესმენ მალინის მიერ წარდგენილ კანონპროექტსაც, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიმართ სანქციების დაწესებას  იმ შემთხვევაში, თუ იგი განახორციელებს ქმედებებს, რომლებიც საქართველოში ბიზნეს საქმიანობით დაკავებულ ამერიკელებთან ხელშეკრულებების ან ვალდებულებების დარღვევას გამოიწვევს.

ამერიკელი კონგრესმენის თქმით, გულწრფელად იმედოვნებს, რომ საქართველო კიდევ მრავალი წლის განმავლობაში იქნება აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი.

„ამის გათვალისწინებით, ვიმედოვნებ, თქვენი მთავრობა აგრესიულ ქმედებებს ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ შეწყვეტს და იმუშავებს, რათა აღმოფხვრას ის გამაფრთხილებელ ნიშნები, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენს დემოკრატიის, ეკონომიკური კეთილდღეობისა და ქართველი ხალხისათვის ღვთისგან ბოძებული თავისუფლებისათვის,“ თქვა წერილის დასასრულს ბაბინმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button