Placeholder canvas
ახალი ამბები

ნატოს სამხედრო კომიტეტმა საქართველოს შესახებ იმსჯელა

15 იანვარს გამართულ სხდომაზე ნატოს სამხედრო კომიტეტმა, ალიანსის უმაღლესმა სამხედრო ორგანომ, საქართველოში არსებული ვითარება და მომავალი თანამშრომლობის საკითხი განიხილა. სხდომა 14-15 იანვარს ბრიუსელში ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების უმაღლესი რანგის სამხედრო პირების 182-ე შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 14 იანვარს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია ნატოს შტაბ-ბინაში თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე გამართულ ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომას „მტკიცე მხარდაჭერის“ (RSM) მისიის ფორმატში დაესწრო. შეხვედრაზე მონაწილეებმა არსებული უსაფრთხოების გარემო, ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე მისია და გამოწვევები განიხილეს.

სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, საჰაერო ძალების მარშალმა (დიდი ბრიტანეთი), სერ სტიუარტ პიჩმა განაცხადა თავის დასკვნით სიტყვაში ორდღიანი შეხვედრის შემდეგ, რომ თავდაცვის ძალების ხელმძღვანელებმა „აღიარეს საქართველოს მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი წვლილი ნატოს ოპერაციებსა და მისიებში“ და „კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლებისა და განხორციელების მიმართ“.

„ამ პაკეტის განახლებისკენ მიმართული მუშაობა შესაძლებლობას მისცემს როგორც მოკავშირეებს, ისე პარტნიორებს, რომ ბოლოდროინდელი ინიციატივები ასახონ და ამ ინიციატივების პრიორიტიზაცია მოახდინონ მომავალში მეტი ეფექტურობის მისაღწევად“, – განაცხადა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ.

მან იქვე დასძინა, რომ თავდაცვის ძალების ხელმძღვანელებმა „აღიარეს, რომ რეგიონში უსაფრთხოების კუთხით კვლავ რთული ვითარებაა და მიესალმნენ საქართველოს კონსტრუქციულ მიდგომას უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის მიმართ“.

ნატოს სამხედრო კომიტეტი გენშტაბის უფროსების დონეზე წელიწადში სამჯერ იკრიბება. იგი ნატოს ოპერაციებსა და მისიებს განიხილავს და ჩრდილო–ატლანტიკურ საბჭოს ალიანსისთვის უსაფრთხოების მხრივ მსოფლიოში არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად კონსენსუსზე დაფუძნებულ სამხედრო რჩევებს აძლევს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button