Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

ბოლშევიკები საქართველოს დენიკინის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვისაკენ მოუწოდებენ

საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 14 იანვარი, N9

საქართველო და საბჭოთა რუსეთი

საბჭოთა რუსეთის მომართვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ე. გეგეჭკორმა რუსეთის საგარეო საქმეთა კომისრის ჩეჩერინისაგან მიიღო შემდეგი რადიო დეპეშა:

„ტფილისი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს.

2 იანვარს, 1920 წელი. რუსეთის მუშათა და გლეხთა რაინდულ საშუალებებით შექმნილ წითელმა ლაშქარმა შემუსრა რა იუდენიჩის და კოლჩაკის რაზმები, სასიკვდილო ლახვარი იშიშვლა მეფის გენერალ დენიკინის თეთრ გვარდიელ ბანდების წინააღმდეგ, რომელიც უწესოდ იხევს დონის როსტოვისაკენ. ამით ჩვენი ლაშქარი უკანასკნელ ლახვარს სცემს მონარქიულ კონტრ რევოლიუციას. რუსეთის მუშათა მთავრობა მიმართავს საქართველოს წინადადებით დაუყონებლივ შეუდგეს საბჭოთა მთავრობასთან მოლაპარაკების დაწყებას, სამხედრო კავშირის შესაქმნელად, რომლის მიზანი იქნება სამხრეთ რუსეთის თეთრგვარდიელთა ლაშქრის მოსპობა.

საბჭოთა მთავრობა თავის მოვალეობად სთვლის აღნიშნოს, რომ სამხრეთის კონტრ რევოლიუცია იყო და არის დაუძინებელი მტერი არა მარტო რუსეთის საბჭოთა მთავრობის არამედ ყველა პატარა ერების, რომლებიც ყოფილ რუსეთის იმპერიაში შედიოდენ.

დენიკინი მტერია არა მარტო რუსეთის მუშათა და გლეხთა, არამედ საქართველოს და ადერბეიჯანის გლეხობა და მუშები დენიკინს დაუძინებელ მტრად რაცხავენ და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ისინი მოუთმენლად ელიან იმ დღეს, როდესაც მოისპობა საბჭოთა რუსეთსა და მათ შორის ჩაჩხირული თეთრ-გვარდიელთა ბრბო და აღსდგება კავშირი და მიმოსვლა ძველ სახელმწიფოს საზღვრებზე მხოვრებთა შორის. უნდა დავაჩქაროთ ეს მომენტი. საჭიროა, რომ რუსეთის მუშათა და გლეხთა მახვილს საქართველოს და ადერბეიჯანის მახვილიც შეუერთდეს. ჩვენ მოვუწოდებთ, ვიდრე კიდევ დროა საქართველოსა და მის ერს იყონ ბრძოლა დენიკინის წინააღმდეგ. საქართველოს სახელმწიფოს და მის მშრომელ კლასებს შექმნილ პოლიტიკურ ეკონომიურ პირობების სწორე გაგებამ უნდა უკარნახოს ჩვენს წინადადებაზე პასუხის გაცემა.

საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი

გიორგი ჩიჩერინი

საქართველოს მთავრობის პასუხი

საბჭოთა მთავრობის წინადადების საპასუხოთ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა შემდეგი რადიოგრამა გაუგზავნა ნარკომ ჩიჩერინს.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა, თქვენი წინადადების საპასუხოთ, რომ ორივე მხარის სარდლობა შეთანხმდეს „დობროარმიასთან“ საბძოლველად, საჭიროდ სთვილს განაცხადოს შემდეგი: ქართველი ერი, ემყარება რა ყოველ დემოკრატიისათვის ერთა თვითგამორკვევის ურყეველ იდეაზედ, ხალხის მიერ თავის ნების თავისუფალ გამოხატვის შედეგში, ამყარებს თავის ცხოვრებას დამოუკიდებელ დემოკრატიულ სახელმწიფოებრიობის პრინციპზედ.

ქართველ ერს, რომელიც ერთს წუთსაც კი არ სცდება მოხალისეთა არმიის ნამდვილ ზრახვებში, თავის შეიარაღებულ ძალებით არა ერთხელ უკუ უქცევია მოხალისეთა არმიის შემოტევანი, როცა მას განზრახვა ჰქონია შემოჭრილიყო მის საზღვრებში და სისხლში დაეხრჩო საქართველოს ერის თავისუფლება და მისი რევოლუციონური მონაპოვარნი.

ქართველ ერს დღესაც სადარაჯოდ ჰყავს თავისი ძალები რამდენიმე ფრონტზედ და ყოველ წუთს მზათ არის პასუხი გასცეს ყოველ გამოლაშქრებას საქართველოს საზღვრების და მისი სუვერენულ უფლებების წინააღმდეგ.

ქართველი ერი, რუსეთის სამოქალაქო ომის დასაწყისიდანვე მტკიცეთ და ურყევათ წინააღმდეგი იყო რუსეთის შინაურ საქმეებში ჩარევისა.

მტკიცე გადაწყვეტილება რათა დაცული იყოს სრული ნეიტრალიტეტი ამ ბრძოლაში, ნათლად არის ასახული საქართველოს ხალხის მიერ თავისუფალ გამოთქმულ ნებაში, რადგან მას არ სურს დაცრიცოს თავისი მცირე ძალები და არ სურს რომ თავისის სისხლი, რესპუბლიკის საზღვრების გარეშე დაღვაროს.

იმავე დროს ქართველი ხალხის მონაწილეობა რუსეთის სამოქალაქო ომში დაფასებული იქნება, როგორც ჩარევა რუსეთის შინაურ საქმეებში უცხო არა რუსი ძალებისა, რაც მხოლოდ შოვინისტურ ელემენტებს შეუწყობდა ხელს და ჩაშლიდა მეგობრობას და კეთილმეზობლობას ამ ხალხთა შორის.

რუსეთის სამოქალაქო ომში ჩარევა ქართველ ხალხს ჩააყენებდა დიდ სამხედრო გაჭირვებაში, რესპუბლიკის შინაურ ცხოვრებას არევდა და მიიყვანდა ანარქიამდე, რაც ბოლოს ძირს გაუჩხრიდა ხალხის კეთილდღეობას.

გამოდის რა აქედან საქართველოს მთავრობა რუსეთის სამოქალაქო ომში შეიარაღებულ ძალებით ვერ მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს მთავრობა თავის საგარეო პოლიტიკაში ყოველთვის ხელმძღვანელობდა სურვილით რომ ნორმალური განწყობილება შეჰქმნას ყველა სახელმწიფოებთან და მათ შორის რუსეთთანაც, რომლის ცენტრშიაც უკანასკნელ დრომდე მას ჰყავდა თავის დიპლომატიური წარმომადგენლები. მთავრობა გამოსთქვამს იმედს, რომ ბოლოს და ბოლოს ორივე სახელმწიფო ერთმანეთთან მოლაპარაკების შემდეგ მიაღწევენ ურთიერთშორის მშვიდობიან კეთილ-მეზობლურ განწყობილებას.

გარეშე საქმეთა მინისტრი

ევგენი გეგეჭკორი

მსგავსი/Related

Back to top button