skip to content
ახალი ამბები

მთავრობამ საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები სტუდენტების დასაფინანსებლად 4 მლნ ლარი გამოყო

სახელმწიფომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 1 600-ზე მეტი სტუდენტის 2019-2020 სასწავლო წლის სწავლის დასაფინანსებლად 4 მლნ ლარი გამოყო. ამის შესახებ 9 იანვარს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ განაცხადა.

სახელმწიფო უმაღლესი აკადემიური განათლების პირველ და მეორე საფეხურზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს 2013 წლიდან აფინანსებს. უწყების განცხადებით, პროგრამის ფარგლებში, გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, დუშეთის, ონის, საჩხერის, წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში შემავალი სოფლების (რუხი, რიყე და ხურჩა) მცხოვრები სტუდენტები ფინანსდებიან. თითოეულ სტუდენტს სახელმწიფო წელიწადში სასწავლო გრანტის სრული ოდენობით – 2 250 ლარით აფინანსებს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ასეთი სტუდენტების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია და 7 წლის განმავლობაში, სახელმწიფომ, ჯამში, 7 ათასზე მეტი ასეთი სტუდენტის სწავლა დააფინანსა, ამ მიმართულებით კი ბიუჯეტიდან 15 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.

გასული წლის აპრილში საქართველოს მთავრობამ სამშვიდობო გეგმის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები აბიტურიენტების უნივერსიტეტებში ჩაბარების ხელშეწყობის მიზნით, ახალი მოსამზადებელი პროგრამაც დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, აბიტურიენტებს საშუალება აქვთ უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად ერთწლიანი მოსამზადებელი კურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარონ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button