ახალი ამბები

TI პროკურატურას Facebook-ის განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს

Tags

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ სოციალური ქსელის Facebook-ის 20 დეკემბერის განცხადების საფუძველზე პროკურატურას გამოძიების „დაუყოვნებლივ“ დაწყებისკენ მოუწოდებს.

ორგანიზაციის მიერ 23 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ Facebook-მა „ასობით ყალბი და კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში შემჩნეული გვერდი, ჯგუფი და მომხმარებელი წაშალა, რომლებიც არასამთავრობო სექტორის, სახალხო დამცველის, ოპოზიციისა თუ სხვადასხვა სამოქალაქო აქტივისტის მადისკრედიტირებელ მასალას აქვეყნებდნენ“ და იქვე ხაზგასმულია, რომ „ამ ჯგუფების უკან მდგომი პირების ქმედებებში, შესაძლოა, რამდენიმე დანაშაულის ნიშანი იკვეთებოდეს“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს:

  • ყალბი ჯგუფების უკან მდგომი პირები იყენებდნენ თუ არა უკანონო ფინანსებს მათი აქტივობებისთვის;
  • ხდებოდა თუ არა საბიუჯეტო სახსრების უკანონო გამოყენება ყალბი ჯგუფების უკან მდგომი პირების საქმიანობის ხელშესაწყობად;
  • ყალბი ჯგუფების უკან მდგომი პირები მოქმედებდნენ თუ არა საჯარო მოხელეებისა თუ სხვა თანამდებობის პირების დახმარებით;
  • ყალბი ჯგუფების უკან მდგომი პირების მიერ განხორციელებული ქმედებები ისახავდა თუ არა მიზნად ადამიანების დამცირებას ან პატივისა და ღირსების შელახვას;
  • ყალბი ჯგუფების აქტივობებს თან ახლდა თუ არა პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება ან გავრცელება.
  • შეიცავდა თუ არა ყალბი ჯგუფების უკან მდგომი პირების ქმედება რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ ასევე მიიჩნევენ, რომ საკითხით უნდა დაინტერესდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც და შეისწავლოს, ხომ არ წარმოადგენდა „მადისკრედიტებელი ჯგუფების“ აქტივობები კონკრეტული პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ განხორციელებულ „უკანონო შემოწირულებას“. 

Facebook-ის განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე ოპოზიციაშიც საუბრობენ, თუმცა „სამოქალაქო საქართველოს“ დღეს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, რომ უწყება საკითხზე გამოძიების დაწყებას არ აპირებს.

სოციალურმა ქსელმა Facebook-მა 20 დეკემბერს განაცხადება გამოაქვეყნა, სადაც განმარტა, რომ მის პლატფორმაზე არსებული 39 ანგარიში, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და Instagram-ის 22 -ანგარიში გააუქმა, რომლებიც საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებულ ქსელში შედიოდა და ქვეყნის შიდა აუდიტორიაზე იყო ორიენტირებული.

ამავე განცხადების თანახმად, გაუქმებული გვერდები თავს ახალი ამბების სააგენტოებად ასაღებდნენ და ოპოზიციისა და აქტივისტთა ორგანიზაციების საქმიანობას აკრიტიკებდნენ. მათ რეკლამირებაში კი, 316 000 ათასი აშშ დოლარი დაიხარჯა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button