რესპუბლიკის ამბები

ქართული პრესა საბჭოთა რუსეთისა და საქართველოს დიპლომატიურ დაპირისპირებას ეხმაურება

საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 20 დეკემბერი, N288

პატარა შენიშვნები

საქართველო და საბჭოთა რუსეთი

გამოქვეყნებული მიწერ-მოწერა, რომელიც რადიოთი სწარმოებდა 4-17 დეკემბრამდე ჩვენს მთავრობასა და რუსეთის საბჭოთა მესვეურთა შორის ბევრის მხრით არის საყურადღებო. უმთავრესი კი ის არის, რომ მოსკოვის მთავრობა ისეთი კილოთი მიმართავს ჩვენს მთავრობას, ისეთი რედაქციით სწერს ნოტას, რომელიც შეეფერება მხოლოდ ბალშევიკთა რომელიმე ხეპრე პროპაგანდისტს. ასეთი პროპაგანდა ბალშევიკების ხარჯზე ჩვენში ბლომათ მოიპოვებიან. აი. ამნაირი კილოთი მიტომ ლაპარაკობს მოსკოვის საბჭოთა მთავრობა, რათა ერთხელ კიდევ ჩაჰკრას წიხლი იმ საქართველოს, რომლის დანგრევა მოსკოვიდან გამოგზავნილი მილიონებით ვერ შესძლო; ვერ შეძლო იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა, ქართველმა დემოკრატიამ არ უარყო თავისი დამოუკიდებლობა და არ აჰყვა იმავე საბჭოთა რუსეთის მოსყიდულ დალალებს.

ჩვენი მთავრობისაგან მოითხოვს მოსკოვის მთავრობა იმათ გათავისუფლებას, რომელთაც ჩვენი რესპუბლიკის წინააღმდეგ მოაწყვეს, აჯანყება შეიარაღებული! ყველა სახელმწიფოს თავისი კანონები აქვს. დამნაშავეს ის თავის კანონებისვე თანახმად ასამართლებს, მიუხედავათ იმისა, თუ რომელი სახელმწიფოს ქვეშევრდომია ის. ჩვენი რესპუბლიკის წელწადნახევრის დამოუკიდებლათ არსებობა, მისი დამფუძნებელი კრება, რომელიც ხალხის დიდი უმრავლესობის ნება-სურვილის გამომხატველია, მოსკოველი კარახანის აზრით, თამაში ყოფილა!..

და ყევლაზე უფრო კურიოზული კარახანის მომართვაში ის არის, რომ ჩვენი მთავრობის კონტროლათ ბალშევიკების განთავისუფლების საქმეში დანიშნულია მიხა ცხაკაია. ეს ის ცხაკაიაა, რომელიც არ სცნობს საქართველოს თავის სამშობლოთ. მაგრამ მიუხედავად ამისა, ცხაკაიების შესახებ მაინც სისრულეში იქნება მოყვანილი ჩვენი მოქალაქეობის კანონი, რომლითაც ეროვნებით ყოველი ქართველი საქართველოს მოქალაქეთ არის აღიარებული. ამის ცოდნა მაინც მოეთხოვება საბჭოთა რუსეთის საგარეო საქმეების სათავეში მდგომს, ბრესტ ლიტოვსკის ერთ-ერთ გმირთაგან, ბატონ კარახანს.

მაგრამ განა ბ-ნ კარახანს არ მოეხსენება, რომ საქართველოს მთავრობას მისივე რესპუბლიკის მოქალაქეს და განსაკუთრებით ისეთ მოქალაქეს, რომელსაც სახელმწიფო ღალატში ბრალი ედება, სხვა სახელმწიფოს კონტროლათ ვერ დაუნიშნავს? ეს კარგათ იცის მოსკოვის მთავრობამ, მაგრამ ის ჩვენი მთავრობისადმი მომართულ ნოტებით ადგილობრივ ბოლშევიკებს ელაპარაკება – ამხნევებს მათ ფულათ დახმარებასთან ერთად მორალურ დახმარებასაც უგზავნით – ყოჩაღათ იყავით ჩვენც თქვენთან ვართო.

ეს ადვილი ამოსახსნელიცაა. მდგომარეობა აიძულებს ბალშევიკებს აგრე მოიქცნენ. ყოფილი დიდი რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე არსად ბალშევიკები ისე არ დამარცხებულან ფიზიკურად, არ შერცხვენილან მორალურად, როგორც ეს მათ საქართველოში მოუვიდათ. დღიდან გახულიგანებული ჯარისკაცების ფრონტიდან დაძვრისა, ბალშევიკები ყოველგვარ საშუალებას მიმართავდნენ საქართველოს დემოკრატიის წინააღმდეგ. იმ დღიდან ამ დღემდე ჩვენს თვალწინ ჩატარდა ბალშევიკური ბრძოლის იარაღები: უსირცხვილობა, უნამუსობა, მატყუარობა მუხანათობა, ღალატი, პროვოკატორობა…

ერთი ამგვარი ბრძოლის იარაღთაგანია ბ-ნ კარახანის ნოტაც.

სწუხს ბალშევიკური რუსეთი იმის გამო, რომს აქართველოს დემოკრატია ვერ დაიმორჩილა, ვერ დაანგრია ის მილიონების დახარჯვით ხალხის მუხანათ მტერთა მოსყიდვით. თვალში ნემსად ხვდება ბალშევიკურ – სიტყვით  სოციალისტურს, კომუნისტურს, საქმით კი ჟანდარმულს „ველიკოდერჟავნიკურ“ რუსეთს, თავისუფალი, დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიის უნარი, მისი კეთილდღეობა!.. ამიტომ გვემუქრება, განადგურებას გვიქადის, გვებრძვის იარაღით, მოსყიდული აგენტებით და აჯანყების მოწყობით, კარახანის ნოტებით, ერთი სიტყვით – ყველაფრით, რაც კი ხელში მოჰყვება ჩვენთან ბრძოლის დროს!..

უკანასკნელი ნოტით მოსკოვის ბალშევიკურმა მთავრობამ აშკარათ დაამტკიცა, რომ რაც ჩვენში მოხდა ბალშევიკური გამოსვლების სახით, მასში  წილი უდევს, მისი ხელმძღვანელი ყოფილა მოსკოვი. ამას გარდა, იგივე ნოტა იმის საბუთიც არის, რომ საბჭოთა ბალშევიკური რუსეთი საქართველოს დემოკრატიას არ შეურიგდება, ის ახლაც ომს აწარმოებს საქართველოს დემოკრატიის წინააღმდეგ. ეს არ უნდა დაივიწყოს ჩვენმა დემოკრატიამ. მას ძველებურათ უნდა ახსოვდეს და ყოველ ჟამს გადაიკვეთოს, რომ ეხლანდელი რუსეთის ანარქიული სტიქიის და საქართველოს საღი, დემოკრატიულ აღმშენებლობითი მუშაობის შეთანხმება შეუძლებელია. ამას ადასტურებს კარახანის ნოტა.

შინაური

[რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლიორი ფილიპე გოგიჩაიშვილი]

მსგავსი/Related

Back to top button