Placeholder canvas
ახალი ამბები

ერგნეთში IPRM-ის 95-ე შეხვედრა ძირითადი საკითხების განხილვის გარეშე შეწყდა

ცხინვალის რეგიონთან საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ერგნეთში 29 აგვისტოს გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 95-ე შეხვედრა დღის წესრიგით გათვალისწინებული ათამდე საკითხის განხილვის გარეშე შეწყდა მას შედეგ, რაც ცხინვალის წარმომადგენლებმა თბილისს ახალად მოწყობილი ქართული საპოლიციო პოსტის გაუქმების შესახებ ულტიმატუმი წაუყენეს და შეხვედრა დატოვეს.

საპოლიციო პოსტი, რომლის მოწყობაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მახლობლად რამდენიმე დღის წინ დაიწყო, ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლების პროტესტს იწვევს. ცხინვალში მიიჩნევენ, რომ ქართული საპოლიციო პოსტის მოწყობა „სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის სიღრმეში“, „უკანონოდ“ მოხდა და რომ ეს „პროვოკაცია“ საფრთხეს უქმნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფელ წნელისის მოსახლეობას და იქვე მდებარე ძვირფასი მინერალების მომპოვებელ საწარმოს „იუგოსეტტალკს“.

ოსური საინფორმაციო სააგენტოს „რეს“-ის ცნობით, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს ხელისუფლებას ჩორჩანასთან საპოლიციო პოსტის გასაუქმებლად ვადა 30 აგვისტოს დილის 6 საათამდე მისცეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპრტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ, რომელიც ესწრებოდა შეხვედრას, განაცხადა, რომ „ცხინვალის წარმომადგენლებმა, საოკუპაციო ძალების მხარდაჭერით, დაიჭირეს უკიდურესად დესტრუქციული პოზიცია და რამდენჯერმე გააჟღერეს ულტიმატუმი“. მისივე თქმით, ცხინვალის წარმომადგენლები „დაემუქრნენ IPRM-ის ფორმატის ფუნქციონირებას“ იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

IPRM-ის 95-ე შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ერიკ ჰოგისა და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენლის რუდოლფ მიხალკას თანათავმჯდომარეობით ჩატარდა. ერიკ ჰოგმა აღნიშნა, რომ შეხვედრა „ძალზე რთული“ აღმოჩნდა.

საოკუპაციო რეჟიმის პოზიცია

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა“ სოფელ წნელისის მახლობლად ქართული საპოლიციო პოსტის მოწყობის სამუშაოების შესახებ ინფორმაციის გავრცელება 24 აგვისტოდან დაიწყო და მას შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების „პროვოკაციული ქმედებების“ შესახებ ყოველდღიურად იტყობინებოდა.

25 აგვისტოს, ცხინვალმა საჩხერის მუნიციპალიტეტის მხრიდან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფელ სინაგურის მახლობლად, კიდევ ერთი ქართული პოსტის მოწყობის შესახებ განაცხადა.

28 აგვისტოს, ოსმა „მესაზღრეებმა“ ჯავშანტექნიკის გამოყენებით სოფლების წნელისისა და გვირგვინას სიახლოვეს რეიდი ჩაატარეს. ოსი „სამართალდამცველების“ მოქმედებებს ადგილზე კოორდინაციას უწევდნენ „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი“ ანატოლი ბიბილოვი და ცხინვალის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის“ თავმჯდომარე ოლეგ შირანი. ბიბილოვმა წნელისში ადგილობრივებს განუცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთს აქვს ყველა შესაძლებლობა, წინ აღუდგეს ამ პროვოკაციებს“. „ამაში ეჭვი არც ქართულ მხარეს და, მით უმეტეს, არც ჩვენს მოქალაქეებს უნდა ეპარებოდეს“, – დასძინა მან.

29 აგვისტოს, ცხინვალმა სოფლების – წნელისისა და ჩორჩანას – მახლობლად „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის“, „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ (ომონ) და სხვა სამართალდამცავი სტრუქტურის დანაყოფები განათავსა.

ერგნეთში IPRM-ის შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, ოკუპირებული ცხინვალის „საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ კი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია „ახალი შეიარაღებული დაპირისპირების რეალური საშიშროების“ შესახებ გააფრთხილა.

ცხინვალის „საგარეო უწყებამ“ საქართველოს შეიარაღებული ფორმირებების „დაუყოვნებლივ გაყვანა“ და სამშენებლო სამუშაოების შეწტყვეტა მოითხოვა და აღნიშნა, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში, ვითარების შეგნებულად დაძაბვის ყველა შესაძლო შედეგზე პასუხისმგებლობა სრულად საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასა და მის დასავლელ კურატურებს დაეკისრება“.

ოსური საინფორმაციო სააგენტოს „რეს“-ის ცნობით, ეგორ კოჩიევი, რომელიც IPRM-ის შეხვედრაზე ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლებას წარმოადგენდა, ქართულ მხარეს 30 აგვისტოს, დილის 11 საათზე, სოფელ წნელისში „ტექნიკური შეხვედრის“ გამრთვას სთავაზობდა, რათა დაერწმუნებინა საქართველოს ხელისუფლება, რომ ქართული საპოლიციო პოსტი წნელისის მოსახლეობას საფრთხეს უქმნის, თუმცა მისივე თქმით, საბოლოოდ, ცხინვალის წარმომადგენლებმა შეხვედრა დატოვეს, რადგან „ქართული მხარე კომპრომისზე არ წამოვიდა“.

კოჩიევმა უკმაყოფილება IPRM-ის შეხვედრაში მონაწილე საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართაც გამოთქვა. „როგორც წესი, ისინი კონსტრუქციულობას იჩენენ და გვთავაზობენ თავიანთ წინადადებებს, თუმცა ამჯერად მათგან რაიმე წინადადებები არ მოგვისმენია“, – აღნიშნა მან.

საქართველოს ხელისუფლების პოზიცია

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან საპოლიციო პოსტის მოწყობაზე საუბრისას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს არის „სტანდარტული საპოლიციო პოსტი, სტანდარტული პირადი შემადგენლობითა და აღჭურვილობით, რომლის მიზანია ადგილზე უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფა“.

„აღნიშნული საგუშაგო, ცალსახად, მდებარეობს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, შესაბამისად, ნებისმიერი სახის ულტიმატუმი – სად განალაგოს ქართულმა სახელმწიფომ საკუთარი პოლიციური ძალები – წარმოუდგენელია და შეიცავს ცინიზმით გაჯერებულ აბსურდს“, – აღნიშნა ანთაძემ.

მანვე კომენტარი პერევი-სინაგურის საგუშაგოს მოსაწყობად განხორციელებულ სამუშაოებზეც გააკეთა და თქვა, რომ ამ სამუშაოების შესახებ IPRM-ის მონაწილეები ინფორმირებული ჯერ კიდევ 2018 წლის მაისში იყვნენ. მისივე განცხადებით, ქართული საპოლიციო პოსტის „რამდენიმე ასეული მეტრით აწევის მიზანი“ ის იყო, რომ ადგილობრივ მოსახლეობას, რთული რელიეფური პირობების გათვალისწინებით, ფეხით გადაადგილება გაადვილებოდა.

ანთაძემ სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ძალების „პროვოკაციული ქმედებებზეც“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნებისმიერი გართულების შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას“. მისივე თქმით, თბილისი ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო პატნიორებთან „მჭიდრო კოორდინაციაში“ იმყოფება.

IPRM-ის 95-ე შეხვედრას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ქართული მხარისათვის IPRM-ის ფორმატი „მნიშვნელოვანია… ისეთი საკითხების განსახილველად, რომლებიც უკავშირდება უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მაღალი მნიშვნელობის თემებს“. მისივე განცხადებით, ამ ფორმატის ჩაშლის ნებისმიერი მცდელობა ან მუქარა „მიუღებელია“.

დღის ბოლოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ერგნეთში განვითარებული მოვლენებზე სასაუბროდ, დიმპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მოიწვია. საგარეო უწყებამ მათ თხოვნით მიმართა, „დაუყოვნებელი მოახდინონ თავიანთი მთავრობების ინფორმირება, ფაქტზე შესაბამისი რეაგირება და კომუნიკაცია რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან, რათა მოხდეს ვითარების დეესკალაცია“.

ერგნეთის შეხვედრი ჩაშლის შესახებ  თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადება

IPRM-ის 95-ე შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზის თანახმად, მისიის ხელმძღვანელმა ერიკ ჰოგმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ „ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე განვითარებულმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, კერძოდ, გუგუტიანთკარსა და წნელისის ტერიტორიებზე მომხდარმა უაღრესად შემაშფოთებელმა შემთხვევებმა, მთლიანობაში უარყოფითი შედეგი იქონიეს უსაფრთხოების მდგომარეობაზე“.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცნობით, „შეხვედრის თანათავმჯდომარეებმა ხაზი გაუსვეს დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობას დაძაბულობის შესამცირებლად და შეახსენეს შეხვედრის მონაწილეებს, რომ ფოკუსირება მოახდინონ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის პრობლემებზე“.

შეხვედრაზე, თანათავმჯდომარეებმა გაიხსენეს არაერთი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი „ეფექტიანად იქნა გამოყენებული“, თუმცა ყურადღება გაამახვილეს კომუნიკაციის არსებული არხებით ინფორმაციის გაცვლის საჭიროებაზე, განსაკუთრებით კი, [დაგეგმილი] ქმედებების შესახებ ადრეულ შეტყობინების მიწოდებაზე, რათა დაძაბულობა შემცირდეს.

IPRM-ის მორიგი შეხვედრა 2 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში შეიქმნა და ის საქართველოს, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისწარმომადგენლების, ასევე ადგილზე მყოფი რუსი მესაზღვრეების ჩართულობით, ორ რეგიონში უსაფრთოხების საკითხების განხილვას ისახავს მიზნად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button