ახალი ამბები

არასამთავრობოები: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი კანონს არღვევს

Tags

40 არასამთავრობო ორგანიზაციისგან შემდგარმა  „კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ 9 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მზია თოდუა კანონს არღვევს. კერძოდ, კოალიცია მიუთითებს, რომ მზია თოდუა საკონსტიტუციო სასამართლოს აწ უკვე ყოფილი მოსამართლის მაია კოპალეიშვილის შემცვლელის გამწესებას უკვე რამდენიმე კვირაა აგვიანებს.

განცხადებაში წერია, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 1 თვისა და არაუგვიანეს 10 დღისა უნდა გამწესდეს ახალი მოსამართლე“. მაია კოპალეიშვილი, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 5 დეკემბერს ამოეწურა, ერთ-ერთია 9 წევრიანი საკონსტიტუციო სასამართლოს იმ სამ მოსამართლეს შორის, რომელიც უზენაესი სასამართლოს კვოტით იყო დანიშნული.

„ამაზე კი პასუხისმგებლობა უპირველესად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ქალბატონ მზია თოდუას ეკისრება. სწორედ მისი ვალდებულებაა უზენაესი სასამართლოს პლენუმს წარუდგინოს ახალი მოსამართლის კანდიდატურა“, – წერს კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“.

კოალიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელსა და პლენუმს მოუწოდებს,  უმოკლეს ვადებში დანიშნონ მაია კოპალეიშვილის შემცვლელი საკონსტიტუციო სასამართლოში.  

კოალიცია წერს, რომ „კანდიდატის მოსამართლედ ასარჩევად საჭიროა დამსწრე წევრთა ხმების 2/3. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ უმაღლეს ინსტანციაში მოსამართლეთა რაოდენობა კრიტიკულად არის შემცირებული, თუმცა, პლენუმის გადაწყვეტილებაუნარიანობისთვის, მოსამართლეთა მინიმალური ოდენობა დადგენილი არ არის. ამდენად, ეს ფაქტორი ვერ ჩაითვლება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლისა და პლენუმის მხრიდან საკუთარი ვალდებულების შეუსრულებლობის სათანადო მიზეზად“.

ამ ეტაპისთვის პლენუმის შემადგენლობაში 12 მოსამართლეა (უზენაესი სასამართლოს 10 მოსამართლე, აგრეთვე თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეები.)

კოალიცია აღნიშნავს, რომ მაია კოპალეიშვილის შემცვლელის გამწესების დაგვიანება კონსტიტუციური მართლმსაჯულებისათვის დამატებითი გამოწვევაა. „საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს უფლებამოსილება 10 წლიანი ვადის ამოწურვისთანავე შეუწყდება და მისთვის უფლებამოსილების გაგრძელება დღევანდელი მოცემულობით დაუშვებელია, მათ შორის მიმდინარე საქმეების დასრულების მიზნით. ამის გათვალისწინებით, გამოკლებული მოსამართლის დროულად ჩაუნაცვლებლობა კონსტიტუციურ მართლმსაჯულებისთვის დამატებითი გამოწვევაა“, წერს კოალიცია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button