Placeholder canvas
ახალი ამბები

Amnesty International-ი ცხინვალს გამშვები პუნქტების გახსნისა და ქართველი ექიმის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

Amnesty International-ი მოუწოდებს რუსეთს და ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლებას, რომ გახსნან გამშვები პუნქტები და მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილება უზრუნველყონ.

22 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში Amnesty International-მა განაცხადა, რომ ოკუპირებულ რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის „გადაადგილების სრული აკრძალვა“ ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებს ძირს უთხრის.

განცხადების თანახმად, სექტემბრის დასაწყისში გამშვები პუნქტების დახურვამ გააუარესა ოკუპირებულ რეგიონში არსებული ჰუმანიტარული ვითარება, ვინაიდან მოსახლეობა ვეღარ ახერხებს საოკუპაციო ხაზის მიღმა სამედიცინო მომსახურების, სოციალური დახმარების, განათლების მიღებას, ან ოჯახების მონახულებას.

„Amnesty International-ის ხელთ არსებული ინფორმაციით, გამშვები პუნქტების დახურვა განსაკუთრებით უარყოფითად აისახა ხნიერ ადამიანებზე, სკოლის მოსწავლეებსა და უნივერსიტეტის სტუდენტებზე, ასევე იმ ადამიანებზე, რომელთაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიხედვით, თავისუფალი გადაადგილება მხოლოდ გარკვეული ლეგიტიმური მიზნების განსახორციელებლად შეიძლება შეიზღუდოს, თანხვედრაში უნდა იყოს ადამიანის სხვა უფლებებთან და წარმოადგენდეს თანაზომიერ პასუხს“.

თუმცა, ცხინვალის რეგიონის შემთხვევაში, „როდესაც საქმე ეხება ეროვნული უსაფრთხოების და საზოგადოებრივი წესრიგის მოტივებს, სრული აკრძალვა სექტემბრიდან მოყოლებული არათანაზომიერი პასუხია“.

ჩორჩანას საგუშაგოს კრიზისის ფონზე, ცხინვალის რეგიონის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა“ სექტემბრის დასაწყისში ოკუპირებული რეგიონის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ყველა გამშვები პუნქტი ჩაკეტა. ცხინვალმა განმარტა, რომ გამშვები პუნქტები მხოლოდ სიტუაციის ნორმალიზების შემდეგ გაიხსნებოდა.

აგვისტოს ბოლოდან მოყოლებული, ცხინვალის, მოსკოვის და თბილისის წარმომადგებლებმა შვიდი ტექნიკური შეხვედრა გამართეს სადავო საგუშაგოს საკითხის განხვილვის მიზნით, თუმცა რაიმე პროგრესს ვერ მიაღწიეს.

სექტემბერის დასაწყისიდან ასევე დაკეტილია ოძისის გამშვები პუნქტი, რომელიც ახალგორის მუნიციპალიტეტს ემსახურება. 28 ოქტომბერს, მარგო მარტიაშვილი, რომელიც ახალგორიდან ცხინვალში გადაყავდათ სამედიცინო მომსახურების მისაღებად, სავარაუდოდ ინსულტით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დღევანდელ განცხადებაში, Amnesty International-ი ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების საკითხსაც ეხება და აღნიშნავს, რომ „ამგვარი დაკავებები თვითნებურია და ადამიანის თავისუფლების და უსაფრთხოების უფლების დარღვევას წარმოადგენს, რაც ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცის მე-5 მუხლს ეწინააღმდეგება“.

„ასეთ ვითარებაში, რუსეთმაც და დე ფაქტო ხელისუფლებამაც უნდა უზრუნველყონ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყონებლივ გათავისუფლება და იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას შედეგად მიადგა“, – განაცხადა Amnesty International-მა და დასძინა, რომ მათ ასევე უნდა უზრუნველყონ, რომ მათ კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე არ მოხდეს არავის წამება ან ცუდი მოპყრობა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button