ახალი ამბები

შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობს

Tags

ათწევრიანი დელეგაცია შვეიცარიის პარლამენტის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის, მარინა კარობიო გუშეტის ხელმძღვანელობით 27-30 ოქტომბერს საქართველოს სტუმრობს. დღეს შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარე თავის ქართველ კოლეგას, არჩილ თალაკვაძეს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მათ პოლიტიკის, ეკონომიკის და კულტურის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხი განიხილეს.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა გუშეტის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ასევე „იმ მნიშვნელოვანი მისიისთვის, რომელსაც შვეიცარია ასრულებს საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული პრობლემის მოსაგვარებლად, როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების უკანონო ოკუპაციას“.

თალაკვაძის თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დიპლომატიის და მშვიდობიანი განვითარების გზით იქნება შესაძლებელი.

თავის მხრივ, შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ორ ქვეყანას „საერთო ფესვები“, ასევე ბევრი საერთო ტრადიცია და ღირებულება აქვს. გუშეტიმ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს „შესანიშნავი“ უწოდა და აღნიშნა, რომ შვეიცარია „ბედნიერია, რომ წვლილი შეაქვს საქართველოს განვითარებაში“ და რომ მისი ქვეყანა „ამაყია“ იმით, რომ კონკრეტულ როლს ასრულებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში.

გუშეტიმ ასევე აღნიშნა, რომ შვეიცარია მხარს უჭერს საქართველოს გადასვლას სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და იმედი გამოთქვა, რომ „ამას პარლამენტში საზოგადოების სხვადასხვა წევრების სათანადო წარმომადგენლობა მოყვება“.

„შვეიცარია კვლავაც ჩართული იქნება ქართული დემოკრატიის გაძლიერების საქმეში. ერთი მხრივ, ეს გულისხმობს ძლიერ და მტკიცე ინსტიტუტებს და ძლიერ პარლამენტს, ასევე დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, რომელიც კანონის უზენაესობის პატივისცემითაა გამსჭვალული. მეორე მხრივ, გარდა ინსტიტუციური რეფორმებისა, ეს გულისხმობს პატივისცემის საფუძველზე პოლიტიკური დიალოგის კულტურის განვითარებას“, – განაცხადა მან.

შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ „როგორც შვეიცარიის გამოცდილება გვიჩვენებს, კონსტრუქციული კომპრომისი არ ნიშნავს სისუსტეს, არამედ ეს სიძლიერეა. პოლიტიკა იდეების შეჯიბრის გარშემო უნდა ვითარდებოდეს და არა ინდივიდუალურ პირებს შორის კონკურენციაზე იყო ფოკუსირებული“.

„დიალოგის და ინკლუზიური მონაწილეობის კულტურა არა მხოლოდ პოლიტიკურ არენას, არამედ საზოგადოებასაც მოიცავს“, – განაცხადა მან.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მარინა კარობიო გუშეტიმ, არჩილ თალაკვაძესთან ერთად, შვეიცარიის საელჩოს ახალი ოფისი საზეიმოდ გახსნა.

დღესვე, შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს შეხვდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More
Back to top button