ახალი ამბები

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ 3 თებერვალს, მეორე საგაზაფხულო პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და 2021 წლის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

პარლამენტის თავმჯომარე კოლეგების წინაშე დაახლოებით 30 წუთიანი მოხსენებით წარდგა. მის გამოსვლას, საქართველოს-პრემიერ მინისტრი და სამთავრობო გუნდი, დედაქალაქი მერი, ასევე აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომას მმართველი პარტიის გარდა, კვლავინდებურად მხოლოდ ევროპელი სოციალისტების 4 და მოქალაქეების 2 დეპუტატი ესწრებოდნენ.

პარლამენტის გასული წლის საქმიანობის შეჯამებისას, თალაკვაძემ სხვადასხვა მიმართულებით საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებასა და გატარებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება. ამ კონტექსტში მან განსაკუთრებით 8 მარტს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე 2020 წელს არსებითად პროპორციული, აგრეთვე 2024 წელს სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვა აღნიშნა.

თალაკვაძემ გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი ოპოზიციის კრიტიკას დაუთმო, მათი მხრიდან პარლამენტის ბოიკოტი „პოლიტიკურ შეცდომად“ შეაფასა და ხაზი გაუსვა, რომ „დემოკრატიის ბოიკოტირება ყოველთვის წამგებიანია“. „სწორედ ამიტომ, ჩვენ მივიღეთ მართებული გადაწყვეტილებები და კარი ჯერ კიდევ ღიაა“, – დაამატა მან.

პარლამენტის თავმჯდომარე მიესალმა პატრიოტთა ალიანსის ყოფილი წევრებისა და მოქალაქეების პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას და „რადიკალური ოპოზიციისა და მის მიერ კონტროილირებადი მედიის მიერ“ მათი მისამართით დაწყებული „აგრესიული და ორკესტრირებული ნეგატიური კამპანია“ დაგმო.

აღნიშნა, რა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არჩევნები „კონკურენტულ გარემოსა და ფუნდამენტური უფლებების დაცვით“ ჩატარდა, თალაკვაძემ განაცხადა, რომ პარლამენტის მიერ ეუთო/ოდირის, ასევე სადამკვირვებლო მისიების რეკომენდაციებისა და დასკვნების გათვალისწინებით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები კიდევ უფრო „გაუმჯობესებულ პირობებში“ ჩატარდება.

პარალამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ახალი პარლამენტი მომავალზეა ორიენტირებული და მისი მთავარი მიზანი დემოკრატიის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის, აგრეთვე სხვა მნიშნველოვანის მიმართულებების საკანონმდებლო მხარდაჭერა და ზედამხედველობა იქნება.

მისივე თქმით, მე-10 მოწვევის პარლამენტი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს პარლამენტის ჩართულობას საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. „ჩვენი მიზანია, რომ 2024 წლისთვის საქართველომ შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე“, – ხაზი გაუსვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

თალაკვაძემ ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტი მთავრობასთან ერთად ეროვნული უსაფრთხოების ახალ კონცეფციაზე მუშაობას გეგმავს, რომლის პრიორიტეტიც ჰიბრიდული საფრთეხეებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის საპასუხო მექანიზმების გაძლიერება იქნება.

პარლამენტის თავმჯდომარემ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ ცოტა ხნის წინ მიღებული გადაწყვეტილების მნიშნველობაც აღნიშნა და თქვა, რომ „ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე, რომელიც საქართველომ მშვიდობით უნდა გაიაროს“.

თალაკვაძემ ეკონომიკიაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, საქართველომ „ეკონომიკური აქტივობის ბაზისური ფუნქციებისა და სწრაფი აღდგენისთვის მზადყოფნის შენარჩუნება“ შეძლო.

დასასრულს, პარლამენტის თავმჯდომარემ სამთავრობო გუნდსა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს პანდემიის ეფექტიანი მართვისთვის, სტრატეგიულ პარტნიორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს კი – გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button