მოსაზრებაწერილები

საქართველოს უსაფუძვლო კრიტიკა არ ექვემდებარება ლოგიკას და ასუსტებს ჩვენს საერთო მისწრაფებას

ბრატისლავაში გამართულ GLOBSEC-ის უკანასკნელ კონფერენციაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (ნატოს) წევრად გახდომის სურვილი იყო. ამ კომენტარმა მღელვარება და ბევრი არასწორი და მიზანმიმართულად დამახინჯებული ინტერპრეტაცია გამოიწვია იმის მიუხედავად, რომ მეორე დღეს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გაიმეორა, რომ „ჩვენს ისტორიაში პირველად, ქვეყანაზე თავდასხმა მოხდა იმის გამო, რომ მას სურს, გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი“.

როდესაც საქმე რუსულ აგრესიას, რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებს ეხება, საქართველოს თავის სიტყვა ეთქმის და ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვები ყურადსაღები უნდა იყოს როგორც ჩვენი პარტნიორებისთვის, ისე ოპონენტებისთვის.

უკრაინამდე იყო საქართველო. შესაბამისად, ქართველებს სხვებზე უკეთ გვესმის, თუ რას გრძნობენ და ფიქრობენ უკრაინელები. ამიტომ რუსეთის მიერ უკრაინაში სასტიკი შეჭრისთანავე, საქართველოს პოლიტიკა ყურადღების ცენტრში მოექცა. საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს უკრაინას, ქართველი ხალხი კი მხარს უჭერს უკრაინისადმი მთავრობის პოლიტიკას. ამის მიუხედავად, გასაკვირია, რომ საქართველოს პოლიტიკა კრიტიკის საგანი გახდა. ჩვენთვის ეს კრიტიკა მიუღებელია რამდენიმე მიზეზის გამო.  

პირველი, საქართველოს არ აქვს არც დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან და არც მისგან მომდინარე საფრთხისგან არის დაცული. 2008 წლის შემდეგ, რუსეთის საოკუპაციო ძალები საქართველოს დედაქალაქიდან სულ რაღაც 30 კილომეტრში, ქვეყნის ძირითად სტრატეგიულ მაგისტრალიდან კი რამდენიმე ასიოდე მეტრში არიან განლაგებული.

ამასთანავე, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველომ ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ადამიანური და მატერიალური დანაკარგი განიცადა. საქართველოს დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება დარტყმის ქვეშ ჯერ კიდევ სახელმწიფოებრიობის მოპოვებამდე, საბჭოთა კავშირისა და რუსეთის მიერ წახალისებული სეპარატიზმის გამო, ხოლო მოგვიანებით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის პირდაპირი სამხედრო აგრესიის დროს აღმოჩნდა. აგრესია გრძელდება უკანონო ე.წ. ბორდერიზაციით, საქართველოს მოქალაქეების გატაცებითა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, საქართველოს ტერიტორიის თითქმის მეხუთედი ნაწილის, მცოცავი ანექსიით. უკანასკნელ პერიოდამდე ქართველებს არ შეეძლოთ რუსეთში ვიზების გარეშე შესვლა, რუსეთის სახმელეთო საზღვარი ჩვენთვის ჩაკეტილი და პირდაპირი ფრენები კი წლების განმავლობაში აკრძალული იყო. როგორც რუსეთის პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტი, საქართველოს საექსპორტო პროდუქცია პერიოდულად რუსული ემბარგოს ქვეშ ექცეოდა. შესაბამისად, ათწლეულების განმავლობაში, საქართველო იყო რუსეთის მიერ ყველაზე მეტად დაზარალებული და სანქცირებული ქვეყანა.

რუსეთის შემოჭრის შემდეგ, უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების რჩევის გათვალისწინებით, საქართველო ატარებდა სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას. წლების მანძილზე ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ვყოფილიყავით პასუხისმგებლიანი აქტორი რუსეთიდან მომდინარე საფრთხის წინაშე. ვყოფილიყავით მტკიცე, რათა უფრო მდგრადი გაგვეხადა ჩვენი დემოკრატია და ინსტიტუტები; ასევე, ვყოფილიყავით აქტიურები საერთაშორისო დონეზე, რათა საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი პარტნიორებისთვის დახმარების ხელი გაგვეწოდებინა. აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობის დროს, საქართველომ ავღანეთში ნატოს სამშვიდობო მისიებში ერთ სულ მოსახლეზე გაგზავნილი სამხედროების მიხედვით ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ გვაქვს უფლება, ეჭვის ქვეშ დავაყენოთ ჩვენი ზოგიერთი კრიტიკოსად ქცეული პარტნიორის ორსახოვანი დამოკიდებულება საქართველოს მთავრობის მიმართ, რადგან საქართველო არაერთხელ გახდა უსამართლო და ფარისევლური მოპყრობის ობიექტი. ეს ფარისევლობა კი განსაკუთრებით გამომჟღავნდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

ათწლეულების განმავლობაში უცხო ძალის ოკუპაციის ფონზე არსებობის და თითქმის ყოველდღიური საგარეო საფრთხეებისა და შევიწროების მიუხედავად, დასავლეთი დიდი ხნის განმავლობაში პასიურ რეჟიმში იმყოფებოდა. 2008 წლის ომის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა საქართველოს იარაღის შეძენაზე დე-ფაქტო ემბარგო დაუწესეს და ომიდან მალევე, რუსეთთან გამოაცხადეს მარცხისთვის განწირული „გადატვირთვის“ პოლიტიკა. შემდგომ წლებში, ამ სახელმწიფოებიდან ბევრმა უპრეცედენტო დონემდე გაზარდა მოსკოვთან ვაჭრობა და საკუთარი ენერგო უსაფრთხოება რუსეთის მარწუხებში მოაქცია. დღემდე, ევროპის ზოგიერთ ქვეყანას ეშინია, საქართველოში რუსეთის ქმედებებს დაარქვას ზუსტი სახელი – ოკუპაცია. ეს ხდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილების მიუხედავად, რომლებიც აღიარებს რუსეთის ეფექტურ კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ამ წლების განმავლობაში, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა რუსეთის საპასუხო რეაქციის რეალური საფრთხის მიუხედავად, გამხდარიყო ნატოსა და ევროკავშირის წევრი. იმის მიუხედავად, რომ საქართველო გახდა სრულად თავსებადი ნატოსთან, დემოკრატიული ინსტიტუტები ნატოში გაწევრიანებისთვის საჭირო სტანდარტებზე მეტად განავითარა და კონსტიტუციაში განამტკიცა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, 2008 წლის აპრილის ნატოს ბუქარესტის სამიტზე ალიანსში საქართველოს მიღების მზაობაზე გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველო ამ დრომდე მხოლოდ მოლოდინის რეჟიმშია.

ევროკავშირთან დაკავშირებული ისტორია უფრო მეტად წარმატებული იყო. ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში, საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, ასევე, მიაღწია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს წარმატებული დემოკრატიული ტრანსფორმაციის შედეგად, ქვეყანა გახდა გამოკვეთილი ლიდერი ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში, რასაც სხვა მაგალითებთან ერთად, ნათლად ადასტურებს ევროკომისიის 2023 წლის ანალიტიკური ანგარიში ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს შესაბამისობის თაობაზე. თუმცა, როდესაც გასულ წელს საჭირო იყო რეალური გადაწყვეტილების მიღება საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობასთან დაკავშირებით, ევროკავშირმა უკან დაიხია და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის სანაცვლოდ, მხოლოდ ევროპული პერსპექტივა მოგვანიჭა.

რუსეთის მიერ უკრაინაში ხელმეორე შეჭრამ მნიშვნელოვნად შეცვალა გეოპოლიტიკური ვითარება და, ამასთან ერთად, დასავლეთის დამოკიდებულებაც. ამჯერად დასავლეთი რეალურად შეეწინააღმდეგა რუსულ პოლიტიკას. საკუთარი უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ შესაძლებლობების ფარგლებში მხარი დაუჭირა უკრაინას. ჩვენ ვიყავით ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინასთან დაკავშირებული ყველა საერთაშორისო სამართლებრივი ინიციატივის თანაავტორი და მხარდამჭერი. აგრეთვე, მივიღეთ ათიათასობით უკრაინელი ლტოლვილი, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიებიდან ჩვენს 300,000 იძულებით გადაადგილებულ პირთან ერთად.

ჩვენი რთული გეოსტრატეგიული ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს  რუსეთის მიმართ მხოლოდ სტრატეგიული მოთმინების იმ პასუხისმგებლიანი პოლიტიკის შენარჩუნება შეეძლო, რომელსაც წლების განმავლობაში ფრთხილად ატარებდა. ეს პოლიტიკა, რომელსაც წლების განმავლობაში მხარს უჭერდნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ასევე გულისხმობს უარის თქმას რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების შემოღებაზე. ის, აგრეთვე, გულისხმობს იმას, რომ საქართველომ არ დააწესოს სანქციები საქართველოსთან პირდაპირი ფრენების განახლების თაობაზე რუსეთს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს პოლიტიკა კვლავ მტკიცედ პროუკრაინული, ევროკავშირსა და ნატოზე ორიენტირებულია, ახსნა-განმარტების გარეშე საქართველოს ახლა უკვე პრორუსულობის გამო აკრიტიკებენ.

ჩვენი მოქალაქეები ნეგატიურად აღიქვამენ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან მსგავს არათანმიმდევრულ და უსაფუძვლო კრიტიკას. თავად განსაჯეთ: ისინი, ვინც წლების განმავლობაში რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის მხრივ ზედმეტად ფრთხილები იყვნენ, ახლა ცდილობენ, იყვნენ ხმამაღალი თავიანთ ანტირუსულ პოლიტიკაში და მეტიც, აკრიტიკებენ საქართველოს, უკრაინასთან დაკავშირებულ კონფრონტაციაში თავით არგადაშვების გამო. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ამ კრიტიკოსებს არ მოუხდენიათ რეაგირება რუსეთის საქართველოში შემოჭრაზე, რაც ქართველი ხალხისთვის არანაკლებ სასტიკი და დამაზიანებელი იყო, ვიდრე რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ჩვენდა სამწუხაროდ, იმ დროინდელ რუსეთის აგრესიას თითქმის არანაირი საპასუხო წნეხი არ მოჰყოლია.

მეორე, იმისდა მიუხედავად, რომ საქართველოს დასავლეთის მხრიდან უსაფრთხოების პრაქტიკულად არანაირი გარანტია არ აქვს, ჩვენს ქვეყანას მუდმივად მოუწოდებენ „გაბედული“ ქმედებებისკენ. ეს უცნაურია, რადგან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით, რომ საქართველოს არ შესწევს უნარი, რუსეთს გაუწიოს ისეთივე წინააღმდეგობა, როგორც ალიანსის წევრ ქვეყნებს, რომლებიც ნატოს მეხუთე მუხლით არიან დაცული. ამ ზედმეტად მონდომებულმა აქტივისტებმა უნდა ჰკითხონ საკუთარ თავს, რამდენად წააქეზებდნენ ისინი თავიანთ ქვეყნებს გაეკეთებინათ ის, რისკენაც საქართველოს მოუწოდებენ, ოღონდ ნატოს უსაფრთხოების დაცვის ქოლგის გარეშე.

მესამე, ჩვენი ზოგიერთი პარტნიორი გვემდურება რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების არდაწესების  გამო. მართალია, საქართველომ უარი თქვა ორმხრივი სანქციების დაწესებაზე, მაგრამ არასდროს დაგვიშვია საქართველოს ტერიტორიისა ან ინსტიტუტების მეშვეობით სანქციების რეჟიმის გვერდის ავლა. ყველასთვის, პირველ რიგში კი ჩვენი ყველა მოქალაქისთვის, ნათელია, რომ საქართველოს მიერ რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესებას პირდაპირი უსაფრთხოების რისკები მოჰყვებოდა და საქართველოს ეკონომიკაზე დამანგრეველი ეფექტი ექნებოდა. სანაცვლოდ, მსგავსი ნაბიჯი რუსეთს ფაქტობრივად ზიანის გარეშე დატოვებდა. რუსეთის საპასუხო ქმედებები საქართველოს ეკონომიკისა და სახელმწიფოებრიობისთვის დიდი ზიანის მომტანი იქნებოდა.

მეოთხე, ნამდვილად სამწუხაროა, რომ ნატოსა და ევროკავშირში შედარებით მცირე ხნის წინ გაწევრიანებული ქვეყნები არიან საქართველოს პოლიტიკის ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსები. ამ ქვეყნებმა, რომლებიც თავის დროზე საქართველოს ყველაზე დიდი მხარდამჭერები იყვნენ, გეოპოლიტიკური უსაფრთხოების მოპოვების შემდეგ, უნდა გაიხსენონ, რამდენად არასრულყოფილი იყო მათი დემოკრატიები და ეკონომიკები გაწევრიანების დროს. მხარდაჭერის ნაცვლად იდეოლოგიური, ზოგჯერ კი  ვიწროპოლიტიკური ინტერესებიდან კრიტიკა უსამართლოა და აზიანებს ჩვენს საერთო მიზნებს.

ბოლო ათწლეულში საქართველოს დემოკრატიული გარდაქმნისა და ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის გაწეული დიდი ძალისხმევის მიუხედავად, არასდროს მიგვიღია დამსახურებული საპასუხო ნაბიჯები. გასულ წელს, როდესაც საქართველოს ევროკავშირის პოტენციურ წევრობაზე მიღებულ იქნა რეალური გადაწყვეტილება, ჩვენ, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსის გარეშე დაგვტოვეს იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირის ასოცირებულ ტრიოს შორის აშკარა ლიდერები ვიყავით. ამ გადაწყვეტილებამ დიდი დაბნეულობა გამოიწვია ქართველ ხალხში, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირისა და ნატოს წევრობას.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს, უსამართლო კრიტიკის ნაცვლად, დაგვეხმარონ, გავუმკლავდეთ ჩვენს რთულ უსაფრთხოების გარემოს და მივიღოთ ნატოსა და ევროკავშირის დამსახურებული წევრობა. უკვე 15 წელია, ბურთი დასავლეთის მხარესაა – როგორც  ევროკავშირის, ისე ნატოს მოედანზე. დროა, განსაკუთრებით ევროკავშირისთვის, იზრუნონ გრძელვადიან მშვიდობაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებითა და გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების გზით.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button