skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა, 17 ოქტომბერს, პლენარულ სხდომაზე, 84 ხმით 10-ის წინააღმდეგ, 2019 წლის ბიუჯეტში მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებები დაამტკიცა.

ცვლილებების თანახმად, სამინისტროებისა და სხვა საჯარო უწყებებისთვის გამოყოფილი სახსრები მთლიანობაში 223.1 მლნ ლარით იზრდება და 13.3 მლრდ ლარით განისაზღვრება. აქედან, საბიუჯეტო სახსრები – 12.3 მლრდ ლარს, გრანტები – 100 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები – 931 მლნ ლარს შეადგენს. 

ამასთან, გასული წლის დეკემბერში დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, საბიუჯეტო სახსრები  – 585 მლნ ლარით, ხოლო გრანტები 7.7 მლნ ლარით იზრდება. კრედიტების სახით დონორებისგან მისაღები დაფინანსება კი, რომელიც თავდაპირველად 1.3 მლრდ ლარზე მეტი უნდა ყოფილიყო, თითქმის 370 მლნ ლარით მცირდება.

დონორული დაფინანსების შემცირება ყველაზე მეტად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეეხო. 2019 წელს, ამ უწყებას კრედიტების სახით თითქმის 1 მლრდ ლარი უნდა მიეღო, თუმცა, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დონორული დაფინანსების ათვისებამ ნაწილობრივ მომდევნო წლებში გადაინაცვლა და სამინისტრო მიმდინარე წელს 156 მლნ ლარით ნაკლებს მიიღებს. 1.5 მლნ ლარით ასევე შემცირდა გრანტის სახით მისაღები დაფინანსებაც. 

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ კრედიტების ათვისების შეფერხება ძირითადად უკავშირდება ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთის მონაკვეთის მშენებლობას, რაზეც, კრედიტის სახით, დაახლოებით 144 მლნ ლარი უნდა გამოყოფილიყო. 

პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, დონორული დაფინანსების შემცირებით გამოწვეულ დანაკლისს მთავრობა საბიუჯეტო სახსრებით შეავსებს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის, საბიუჯეტო სახსრების სახით, დამატებით 157.4 მლნ ლარს გამოყოფს. ამდენად, დაფინანსების წყაროების ცვლილების მიუხედავად, ამ უწყების მთლიანი ბიუჯეტი პრაქტიკულად უცვლელი დარჩება და კვლავ 2 მლრდ ლარი იქნება. 

დონორული დაფინანსება შეუმცირდა ეკონომიკის სამინისტროსაც, რომელსაც, გრანტებისა და კრედიტების სახით, 89.5 მლნ ლარი უნდა მიეღო. გარდა ამისა, მთავრობამ ამ უწყებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებიც 27 მლნ ლარით შეკვეცა. შედეგად, ეკონომიკის სამინისტრო 2019 წელს, დაგეგმილი 396.5 მლნ ლარის ნაცვლად, 253 მლნ ლარს მიიღებს. 

კრედიტების ნაწილში, 40 მლნ ლარით მცირდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიც, რომელიც 2019 წლისათვის, საბოლოოდ, 835 მლნ ლარით განისაზღვრება. 

პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილების შესაბამისად, 130 მლნ ლარით იზრდება „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ დაფინანსება, რომელიც 410 მლნ ლარს მიაღწევს. გაზრდილი დაფინანსება რეგიონებში ამბულატორიების მშენებლობას, სტიქიის პრევენციის პროგრამას და სოფლის ხელშეწყობას მოხმარდება.

100 მლნ ლარით იზრდება მუნიციპალიტეტებისათვის გადასაცემი ტრანსფერების მოცულობა, რომელიც, დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, 172.6 მლნ ლარს შეადგენს. დამატებით გამოყოფილი სახსრები ქალაქ თბილისის ქუჩებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე დაიხარჯება.

131 მლნ ლარით იზრდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი, რომელიც 1.64 მლრდ ლარს მიაღწევს. მიღებული თანხებიდან, 95 მლნ ლარი საპენსიო ასაკის პედაგოგთა კომპენსაციებზე, ასევე მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ზრდაზე დაიხარჯება. 

ცვლილებების თანახმად, 25 მლნ ლარით იზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება, რომელიც 766.4 მლნ ლარით განისაზღვრება . ათ-ათი მლნ ლარით მეტს ასევე მიიღებენ იუსტიციის და ჯანდაცვის სამინისტროები, რომელთა ბიუჯეტებიც, შესაბამისად, 191 მლნ ლარს და 3.98 მლრდ ლარს შეადგენს. დამატებით 7 მლნ ლარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც მიიღებს, რომლის საბოლოო ბიუჯეტიც 143.5 მლნ ლარი იქნება. 

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button