skip to content
მოსაზრებაწერილები

სიმართლე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ

დავით ბატაშვილი

დავით ბატაშვილი

არის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და რონდელის ფონდის მკვლევარი.  იგი „სამოქალაქო საქართველოს“ (Civil.ge) ყოფილი თანამშრომელია.

ბოლო 11 წელია, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის თემა აგრესიული რუსული საინფორმაციო ომის სამიზნეა. სამხედრო თავდასხმისა და კიბერშეტევების გარდა, მოსკოვმა საქართველოს დიპლომატიური და პროპაგანდისტული იარაღითაც დაარტყა. ამის მიზანი ომის ბრალეულობის აგრესორი რუსეთისგან აგრესიის მსხვერპლ საქართველოზე გადატანა იყო.

საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული რუსული სადეზინფორმაციო კამპანია იმავე სტილში განხორციელდა, როგორც 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ და სხვა კრიზისების დროს, სადაც რუსეთი აქტიურად იყო ჩართული. მიზანი, რუსეთის პერსპექტივიდან, მოცემული მოვლენის შესახებ არსებული ნარატივის ისეთი დეფორმაციაა, როგორიც მოსკოვის ქმედებებზე დასავლეთის უარყოფით რეაქციას შეამცირებს. 2008 წლის ომთან დაკავშირებით დეზინფორმაციისა და პროპაგანდის რუსულმა კამპანიამ მხოლოდ ნაწილობრივ წარმატებას მიაღწია, მაგრამ გარკვეული დოზით მაინც შეძლო ომის დაწყების შესახებ ნარატივის ბინდში გახვევა.

ასეთი „ბინდის“ კარგი ილუსტრაცია არის მაიკლ კოფმანის სტატია. 2008 წლის ომის მოვლენების ანალიზისა და გააზრების მცდელობები მისასალმებელია, მაგრამ ისინი ისტორიულ ფაქტებს უნდა ემყარებოდეს. სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით კოფმანის სტატია უკიდურესად არასრულყოფილია. ავტორის მთელი რიგი საკვანძო დებულებები სრულიად საპირისპიროა იმისა, რაც სინამდვილეში მოხდა 2008 წელს.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ დამახინჯებული ფაქტების შემცველი სხვადასხვა სტატიის მიმოხილვა ზედმეტად ბევრ დროსა და სივრცეს წაიღებდა. ამის ნაცვლად, კოფმანის სტატიას ვიყენებ, როგორც ამ პრობლემის თვალსაჩინო მაგალითს. ქვემოთ, რუსული წყაროების მეშვეობით, ვახდენ იმის დემონსტრირებას, რატომ არ შეესაბამება სიმართლეს კოფმანის დებულებანი 2008 წლის ომის შესახებ. ქართულ და ინგლისურ ენებზე ეს წყაროები ნათარგმნია 2008 წლის ომის დაწყებისადმი მიძღვნილ ჩემს კვლევაში. ქვემოთ მოცემული ბმულები კი პირდაპირ რუსულენოვან მასალებზეა.

პრობლემა

კოფმანი წერს, რომ ცხინვალის რეგიონში ქართული ოპერაციის დაწყებამდე, „რუსული 58-ე არმიის ძირითადი ნაწილი ცალსახად იყო როკის გვირაბის რუსულ მხარეს და ბრძანებებს ელოდებოდა.“ ქართულ ოპერაციამდე საქართველოში რუსული ჯარის შესვლის შესახებ ინფორმაციას კოფმანი „დაუდასტურებელს“ უწოდებს და ამატებს, რომ „ჭორები არ წარმოადგენს დადგენილ ფაქტს.“ შემდეგ იგი წერს: „იმ ღამის დაახლოებით 11 საათზე [იგულისხმება 2008 წლის 7 აგვისტო, სინამდვილეში სწორი დროა 23:35 საათი] ქართულმა არტილერიამ და სარაკეტო სისტემებმა ცეცხლი გახსნეს ხაზის მეორე მხარეს, ხოლო ქართულმა ჯარმა სამხრეთ ოსეთის დედაქალაქზე შეტევა დაიწყო. რამდენიმე საათის შემდეგ, რუსეთის ორი ბატალიონი, რომელიც შეჭრისთვის ნიშანს ელოდებოდა, გამოვიდა როკის გვირაბიდან, რათა გაემაგრებინა სამშვიდობო ნაწილები ცხინვალში.“ კოფმანს ასევე მიაჩნია, რომ მოსკოვი „გაკვირვებული იყო ქართული შეტევის დროით, რომელიც გარკვეულწილად წინ უსწრებდა რუსულ გეგმებს,“ და რომ რუსული სამხედრო ნაწილები „არ ელოდნენ ქართული შეტევის ასე მალე დაწყებას,“ 2008 წლის 2 აგვისტოს დასრულებული კავკაზ-2008 რუსული სამხედრო სწავლების შემდეგ.

ყველა ამ დებულების საპირისპიროდ, სინამდვილეში, რუსეთის სამხედრო ნაწილები საქართველოში შემოიჭრნენ 2008 წლის 7 აგვისტოს, ქართული ოპერაციის დაწყებამდე. რუსული ჯარის ეს შემოჭრა გახდა საკვანძო მიზეზი იმისა, რომ ქართულმა ხელმძღვანელობამ, რომელიც 7 აგვისტოს განმავლობაში იღებდა სადაზვერვო ინფორმაციას საქართველოში შემოსული რუსული ჯარისა და სამხედრო ტექნიკის შესახებ, დაახლოებით 23:35 საათზე სამხედრო ოპერაციის დაწყება გადაწყვიტა.

ეს არის გადამწყვეტი მნიშვნელობის გარემოება, რადგან იმ წუთას, როდესაც რუსი ჯარისკაცები საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ, მათ ჩაიდინეს აგრესია საერთაშორისო სამართლის მიხედვით, რის გამოც საქართველოს თავდაცვის ლეგიტიმური უფლება ჰქონდა.

თუკი მოვიშორებთ ყოველგვარ პროპაგანდასა და ჰიბრიდული ომის ელემენტებს და მხოლოდ ფაქტებს შევხედავთ, მარტივ რეალობას დავინახავთ. ერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები შეიჭრნენ მეორე სახელმწიფოში. ამ მეორე სახელმწიფომ გაუწია მათ წინააღმდეგობა, თუმცა დამარცხდა მოკლე ომში, რის შედეგადაც მისი ტერიტორიები ოკუპაციის ქვეშ მოექცა, ხოლო მოსახლეობა ეთნიკური წმენდის მსხვერპლი გახდა.

შემოჭრა

2014 წლის 12 მარტს ფონდმა „დედის უფლება“ – სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრების უფლებების დაცვაზე მომუშავე რუსულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – გამოაქვეყნა პრესრელიზი რუსი ჯარისკაცის, ვლადიმირ სელიპეტოვის საქმის შესახებ. 58-ე არმიის 693-ე მექანიზებული (რუსეთში როგორც ეძახიან, „მოტომსროლელთა“) პოლკის ეს ჯარისკაცი 2008 წლის 7 აგვისტოს, ადრე დილით, ცხინვალის რეგიონში ქართული სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე მრავალი საათით ადრე, საქართველოს ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვართან ახლოს დაიღუპა. რუსული ოფიციალური ვერსიით, მან თავი მოიკლა. სელიპეტოვის მშობლებმა ეს ვერსია არ დაიჯერეს და ხანგრძლივი იურიდიული ბრძოლა გამართეს შვილის ბედის შესახებ სიმართლის გასარკვევად. ამ პროცესში, 2009 წელს, მათ დახმარებისთვის მიმართეს ფონდს „დედის უფლება“, რისი საბოლოო შედეგიც გახდა ამ ფონდის მიერ 2014 წლის 12 მარტს გამოქვეყნებული პრესრელიზი.

ამ დოკუმენტში ფონდი „დედის უფლება“ ციტირებს სელიპეტოვის დაღუპვის ოფიციალურ, რუსულ სისხლის სამართლის გამოძიებას. რუსეთის პროკურატურასთან არსებულმა ვლადიკავკაზის გარნიზონის სამხედრო-საგამოძიებო დანაყოფმა ეს გამოძიება 2008 წლის 7 აგვისტოს, სელიპეტოვის დაღუპვის დღესვე დაიწყო. პრესრელიზში ვკითხულობთ: „სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ვლადიმირ სელიპეტოვი გარდაიცვალა 2008 წლის 7 აგვისტოს, დაახლოებით 04:00 საათზე, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ჯავის რაიონის ტერიტორიაზე, როკის გვირაბის „სამხრეთული პორტალის შესასვლელიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 155 მეტრში“.“

ფონდი „დედის უფლება“ საქმის მასალებზე დაყრდნობით ასკვნის, რომ „სელიპეტოვი და მისი ოცეულის სამხედრო მოსამსახურეები საბრძოლო იარაღით, ჯავშანჟილეტებში, აღმოჩნდნენ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე და იქ სანგრების თხრა დაიწყეს,“ და რომ „ვლადიმირ სელიპეტოვის დაღუპვის ისტორია ნათლად აჩვენებს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე წვევამდელის დაღუპვის ვითარებას იქ სამხედრო ოპერაციის ოფიციალურ დაწყებამდე ერთი დღით ადრე.“

2008 წლის 7 აგვისტოს სოხუმის რეჟიმის ლიდერმა სერგეი ბაგაფშმა რუსული ტელევიზიის კამერების წინ ისაუბრა ცხინვალის რეგიონში გამწვავებული ვითარების შესახებ. მან განაცხადა, რომ რუსული ჯარი საქართველოში უკვე შემოსული იყო. „მე ვესაუბრე სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს. ახლა [ვითარება] მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა. იქ შევიდა ჩრდილოეთ კავკასიის ოლქის ბატალიონი“, თქვა ბაგაფშმა. 2008 წელს, რუსული ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქი, რომელიც დღეისთვის სამხრეთის სამხედრო ოლქის ფარგლებშია შესული, 58-ე არმიასაც მოიცავდა. სწორედ ამ არმიის ნაწილები პირველები შემოიჭრნენ საქართველოში 2008 წლის 7 აგვისტოს. 

2008 წლის 10 აგვისტოს რუსმა ჯარისკაცმა, წარმოშობით პერმის მხარედან, რომელიც 58-ე არმიის მე-19 დივიზიაში მსახურობდა, დედამისს დაურეკა და უთხრა: „დედა, მე ახლახან ჩამოვედი ცხინვალიდან. ძალიან ცოტა დრო მაქვს. მომისმინე: ჩვენ იქ 7 აგვისტოდან ვართ. მთელი ჩვენი 58-ე არმია. შენ, ალბათ, ტელევიზორში უყურებ მანდ რაც ხდება? დღეს ჩამოვაღწიეთ ცხინვალიდან ვლადიკავკაზში, შეიარაღების წამოსაღებად. ახლა უკან ვბრუნდებით“. ჯარისკაცი ახალწვეული იყო. მისმა მშობლებმა მისგან მიღებული ინფორმაცია მიაწოდეს პერმის მხარედან სხვა გაწვეულთა მშობლებს, რომლებმაც თქვეს, რომ მათი შვილების მობილური ტელეფონები 7 აგვისტოდან გათიშული იყო.

ცოტა ხანში, ახალწვეული ჯარისკაცების სამმა დედამ, რომლებიც შეშფოთებულნი იყვნენ მათი შვილების ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების ზონაში გაგზავნით, წერილები მისწერეს პერმის მხარის ადამიანის უფლებათა კომისარს ტატიანა მარგოლინას. ერთ-ერთ წერილში წერია: „მაისში ჩემი შვილი წვევამდელთა შეკრების პუნქტიდან გაუშვეს სამსახურის გასავლელად ქ. ვლადიკავკაზში. ივნისში მან ფიცი დადო, ხოლო „ახალგაზრდა მებრძოლის“ კურსი ერთი თვე გაგრძელდა. 9 აგვისტოს მან ტელეფონით შეგვატყობინა, რომ ჯერ კიდევ 7 აგვისტოს, საღამოს, ისინი კოლონის შემადგენლობაში მყოფნი სამხრეთ ოსეთში გაგზავნეს“.

ლეიტენანტმა ალექსანდრე პოპოვმა 2007 წელს დაამთავრა სატანკო აკადემია და ვლადიკავკაზში მსახურობდა. იგი მონაწილეობდა და დაიჭრა რუსეთ-საქართველოს ომში. 2008 წლის 12 აგვისტოს დედამისმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი შვილი ცხინვალის რეგიონში ჯერ კიდევ 7 აგვისტომდე იმყოფებოდა: „მე მას ტელეფონით ვესაუბრე ორშაბათს [11 აგვისტოს], შუადღეს. მას უკვე ჩაუტარეს ოპერაცია და ბუდიონოვსკში გადაჰყავთ. სამხრეთ ოსეთი მათ ჯერ კიდევ სამშაბათ-ოთხშაბათს [5-6 აგვისტო] უნდა დაეტოვებინათ: მათ იქ გეგმიური სწავლება ჰქონდათ, მაგრამ, როგორც ჩანს, დარჩნენ. ის ხომ ჯერ კიდევ საომარი მოქმედებების დაწყებამდე ერთ კვირით ადრე მეუბნებოდა: „მე ვხედავ, როგორ ესვრიან ცხინვალს“. ისინი სწავლებაზე იყვნენ სადღაც მთებში, საიდანაც, ჩემი შვილი ამბობდა, რომ ცხინვალს მშვენივრად ხედავდა“. ლეიტენანტ პოპოვის თქმით, ომის დროს მისი დანაყოფი იყო „პირველი, ვინც ცხინვალში შევიდა“.

2008 წლის აგვისტოს ბოლოს გაზეთმა „ვეჩერნი სარანსკ“, რომელიც რუსეთში შემავალი მორდოვიის რესპუბლიკის დედაქალაქ სარანსკში გამოდის, გამოაქვეყნა სტატია სარანსკის მკვიდრ იუნირ ბიკინიაევის შესახებ. ბიკინიაევი იყო 58-ე არმიის რიგითი ჯარისკაცი. ბიკინიაევის ოჯახის წევრებთან ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ, გაზეთმა დაწერა: „7 აგვისტოს მშობლები შეშფოთდნენ – იუნირი აღარ პასუხობდა ზარებს. როგორც მან მოგვიანებით თავად აღიარა, მას უბრალოდ არ სურდა ოჯახის წევრების შეშინება. თუმცა, მისი მშობლების ყველაზე ცუდი ვარაუდი გამართლდა და 135-ე პოლკი, რომელშიც ჩვენებური მსახურობდა, სასწრაფოდ გადაისროლეს სამხრეთ ოსეთში.“

როგორც „ნიუ-იორკ ტაიმზში“ გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, 2008 წლის 3 სექტემბერს „რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა გაზეთმა „კრასნაია ზვეზდამ“ გამოაქვეყნა სტატია, სადაც 135-ე პოლკის კაპიტანმა დენის სიდრისტიმ განაცხადა, რომ 7 აგვისტოს მისმა დანაყოფმა მიიღო ბრძანება შეეწყვიტა წვრთნა და გადასულიყო ცხინვალში.“ მოგვიანებით, „კრასნაია ზვეზდამ“ შეცვალა გამოქვეყნებული სტატიის ტექსტი, შემდეგ კი ის ვებსაიტიდან სრულიად წაშალა, მაგრამ კაპიტან სიდრისტის ციტატა, მის რუსულ ორიგინალში, აქ და აქ კვლავაც მოიპოვება. სიდრისტიმ ასევე თქვა, რომ ცხინვალში გადასვლის ბრძანების მიღების მომენტში ეს დანაყოფი იმყოფებოდა ბანაკში, რომელიც გაშლილი იყო ნიჟნი ზარამაგში – საქართველოს სახელმწიფო საზღვრისა და როკის გვირაბის უშუალო სიახლოვეს.

2009 წლის 21 მაისს რუსეთის მთავრობის ოფიციალურმა გაზეთმა „როსიისკაია გაზეტამ“ გააშუქა 2008 წლის აგვისტოში ქართველებთან ბრძოლაში დაღუპული მაიორის დენის ვეტჩინოვის ბრინჯაოს ბიუსტის გახსნის ცერემონია. ამ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია: „რუსეთის გმირის, მაიორ დენის ვეტჩინოვის ძეგლი გაიხსნა მე-19 მოტომსროლელთა დივიზიის დისლოკაციის ტერიტორიაზე. აქედან, გასული წლის 7 აგვისტოს, ადრე დილით, 32 წლის მაიორი გაემგზავრა საბრძოლო მივლინებაში, ცხინვალში.“

აქ განგებ ვიყენებ მხოლოდ რუსულ წყაროებს, რომლებიც 2008 წლის 7 აგვისტოსთვის საქართველოში რუსული ჯარის შემოჭრას ადასტურებს. ცხადია, სხვა წყაროებიც არსებობს, მაგალითად 2008 წლის შემოდგომაზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის მუშაობის დროს ქართველი თანამდებობის პირების ჩვენებები, ან 7 აგვისტოს 03:41 და 03:52 საათზე ქართული მხარის მიერ ჩაწერილი საუბრები ცხინვალის რეჟიმის „მესაზღვრეებს“ შორის, რომლებიც ადასტურებს, რომ იმ დროს საქართველოში რუსული ჯარის შემოჭრა მიმდინარეობდა. თუმცა, ამ შემთხვევაში, 2008 წლის 7 აგვისტოს მომხდარის დემონსტრირების დროს რუსულ წყაროებზე დაყრდნობა მირჩევნია.

ისტორიასთან მოპყრობა

სრულიად წარმოუდგენელია 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოზე რუსული სამხედრო თავდასხმის დამადასტურებელი ყველა ამ ფაქტისთვის „ჭორების“ დარქმევა, როგორც ამას მაიკლ კოფმანი აკეთებს. როცა საქმე გაქვს ისტორიასთან, მით უფრო რუსული დეზინფორმაციის მძიმე დარტყმის ქვეშ არსებულ თემასთან, აუცილებელია წყაროთა უფრო ბეჯითი შესწავლა, ვიდრე ჩანს კოფმანის დამოკიდებულებაში, რომელიც მან თავის სტატიაში ამ პასაჟით გამოხატა: „მე გამიგია დაუდასტურებელი ცნობები იმაზე, რომ რუსულმა ასეულმა, შესაძლოა, ადრევე გამოიარა გვირაბი მისი სამხრეთი შესასვლელის გასაკონტროლებლად, მაგრამ ჭორები არ წარმოადგენს დადგენილ ფაქტს.“

კოფმანის სტატიაში არის სხვა გაუმართავი დებულებებიც. ამ სტატიაში მე ყურადღებას ვამახვილებ 7 აგვისტოს, ქართული ოპერაციის დაწყებამდე, საქართველოზე რუსული სამხედრო თავდასხმის ფაქტზე. თუმცა, მაინც დავუთმობ ყურადღებას კოფმანის მსჯელობას 2004-2008 წლების ქართული სამხედრო ბიუჯეტის შესახებ. იმდროინდელ ქართულ ჯარს იგი უწოდებს „ყოფილ საბჭოთა სივრცეზე ყველაზე სწრაფად მზარდ სამხედრო ძალებს.“ კოფმანი, რატომღაც, არ აზუსტებს, რომ 2008 წელს საქართველოს ჰყავდა (და დღესაც ჰყავს) მის სამეზობლოში ყველაზე პატარა შეიარაღებული ძალები, მათ შორის, საქართველოზე უფრო მცირე მოსახლეობისა და ეკონომიკის მქონე სომხეთთან შედარებითაც. 2004-2008 წლებში საქართველოს თავდაცვის ხარჯების სწრაფი ზრდა განპირობებული იყო 2004 წლამდე, პრეზიდენტ შევარდნაძის ადმინისტრაციის დროს, ქართული სამხედრო ძალების უკიდურესად მძიმე მდგომარეობით. კოფმანს თავად მოჰყავს მონაცემები, რომელთა მიხედვით, 2003 წელს საქართველოს სამხედრო ბიუჯეტი 74 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. ყველა, ვისაც სამხედრო საკითხებზე ოდნავ მაინც აქვს წარმოდგენა, მიხვდება, თუ რას ნიშნავდა ეს რიცხვი იმდროინდელი ქართული სამხედრო შესაძლებლობებისთვის. 2004 წლიდან ქართული შეიარაღებული ძალები უკიდურესად დაბალი ნიშნულიდან ვითარდებოდა. 

კოფმანი წერს, რომ წარსულის შესახებ მსჯელობა არ უნდა იყოს „იდეოლოგიური და ანტიისტორიული.“ იგი ასევე ამბობს, რომ „მნიშვნელოვანია გამოვიყვანოთ… ისტორია თანამედროვე პოლიტიკური დებატის სანგრებიდან.“ ეს ძალიან სწორი პრინციპია. ისტორია იმსახურებს ისეთ პატიოსან მოპყრობას, როდესაც ყოველი ანალიზი და ლოგიკური დასკვნა მტკიცედ ემყარება ყველა ხელმისაწვდომ ფაქტს. იმისათვის, რომ ეს ასე მოხდეს, აუცილებელია ამ ფაქტების გათვალისწინება. სამწუხაროდ, მაიკლ კოფმანმა თავის სტატიაში სწორედ ეს არ გააკეთა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button