ახალი ამბები

დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი წარადგინა

Tags

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კელი კოლინ დეგნანი წარადგინა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე, რომელიც 2018 წლის მარტიდან ვაკანტურია.

დეგნანი ამჟამად ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ძალების მეთაურის პოლიტიკური მრჩევლის თანამდებობას იკავებს. საქართველოში ელჩად წარდგენამდე იგი დიპლომატიური მისიით რომში, პრიშტინაში, ანკარაში, ბრიუსელსა და ხოსტში (ავღანეთში) მოღვაწეობდა.

ბრიუსელში დეგნანს ნატოში აშშ-ის მისიაში პოლიტიკური მრჩევლის თანამდებობა სამ წელიწადს ეკავა. თავისი 25 წლიანი კარიერის მანძილზე დეგნანი აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონშიც მუშაობდა – იგი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბაიტის სპეციალური თანაშემწეც იყო.

დეგნანს ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკაში აქვს მიღებული. მოგვიანებით  მან სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის სამართლის ცენტრიდან დოქტორის ხარისხიც მოიპოვა. მშობლიური ინგლისურის გარდა დეგნანი იტალიურს, ფრანგულს, თურქულს და ურდუს ფლობს.

საქართველოში დეგნანის ელჩად დანიშვნას აშშ-ის სენატის თანხმობა სჭირდება.

ამჟამად საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ელიზაბეთ რუდი ასრულებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button