ახალი ამბები

ბიძინა გეგიძეს საპარლამენტო უმრავლესობა დაატოვებინეს

Tags

ვაკის მაჟორიტარ დეპუტატს ბიძინა გეგიძეს საპარლამენტო უმრავლესობა დაატოვებინეს. გადაწყვეტილება პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში 1 სექტემბერს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს. გეგიძე პარტიის პოლიტიკურ საბჭოს წევრთა სიაში ამ დრომდე რჩება.

პარტიის გადაწყვეტილებაზე კომენტარი უმრავლესობის ხდომის დასრულების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დეპუტატმა გია ვოლსკიმ გააკეთა. მისი თქმით, დაგროვდა საკითხები, სადაც ბიძინა გეგიძესა და უმრავლესობას რადიკალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ, რაც გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების საფუძველი გახდა.

მან ამის ერთ-ერთ მაგალითად ოპოზიციური პარტია ნაციონალური მოძრაობის წევრის ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხები დაასახელა.

ბიძინა გეგიძემ მისი გარიცხვის შესახებ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ იგი ქართული ოცნების სხდომას არ ესწრებოდა, თუმცა მისთვის კოლეგების გადაწყევტილება მოულოდნელი არ ყოფილა. მისივე თქმით, იგი რადიკალური განცხადებების გაკეთებას მომავალშიც გააგრძელებს.

დეპუტატი ბიძინა გეგიძე დაახლოებით ორი კვირის წინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოკითხვაზე დაიბარეს. გამოძიება მისი საქართველოს ფოსტაში მოღვაწოების პერიოდით დაინტერესდა. თავად დეპუტატი ანტიკორუფციულ სააგენტოში დაბარებას მის პოლიტიკურ საქმიანობას და ბოლო დროს მმართველი გუნდის მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს უკავშირებს.

„მოკვლევა დაიწყო 2018 წლის ზაფხულში. მაშინ, როდესაც საკმაოდ აქტიური ვიყავი და მქონდა ჩემი კრიტიკული ხედვები, პოზიციები, არგუმენტები პოლიტიკურ პროცესებზე. პარალელურად მოხდა ის, რომ გადადგა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი… ლოგიკურია, რომ ეს პროცესი უკავშირდებოდეს ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას და სამართლებრივად მოიძებნა ჩემი წინასამსახურებრივი თემა”, – განაცხადა მან 19 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე.

ბიძინა გეგიძე პარლამეტის წევრი 2016 წელს, საარჩევნო ბლოკ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რიგებიდან გახდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button