ახალი ამბები

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა კომიტეტი შეშფოთებულია „ბორდერიზაციით“ საქართველოში

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა შეშფოთება გამოთქვა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში, ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის მახლობლად „ბორდერიზაციის“ განახლებით.

22 აგვისტოს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, კომიტეტის თავმჯდომარემ კირიაკოს ჰაჯიიანნიმ (კვიპროსი), თავმჯდომარის მოადგილემ მიქაელ გეორგ ლინკმა (გერმანია) და მომხსენებელმა სუსანა ამადორმა (პორტუგალია) განაცხადეს, რომ ეს ქმედებები „არა მხოლოდ აღრმავებს კონფლიქტს, არამედ გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაზე“.

„წინასწარი შეტყობინების გარეშე სოფლებში ღობეების მშენებლობა, რაც უზღუდავს ადამიანებს წვდომას მიწის ნაკვეთებზე, წინაპართა სახლებსა და, ფაქტობრივად, საარსებო წყაროებზე, უბრალოდ მიუღებელია“, – აცხადებენ ისინი.

„იმ ადამიანთა გადაადგილების თავისუფლების უზრუნველყოფას, რომლებსაც ყოველდღიურად უწევთ კონფლიქტის შედეგებთან გამკლავება, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ადამიანებს შორის კონტაქტების შენარჩუნებისა და მათ ცხოვრებაზე კონფლიქტის ზეგავლენის შემცირებისათვის“, – განაცხადეს ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრებმა.

მათ ასევე დაგმეს „საქართველოს შიდა ადმინისტრაციულ საზღვრებზე ღობეებისა და ბარიერების უკანონო აღმართვა“ და მოუწოდეს „შესაბამის ხელისუფლებას, მოხსნას ზღუდე“.

კომიტეტის წევრების თქმით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ 40 კილომეტრამდე სიგრძის მავთულხლართების ღობეები დამონტაჟდა, რამაც რამდენიმე სოფელში ფიზიკური ბარიერები შექმნა და შეზღუდა ადგილობრივთა გადაადგილების თავისუფლება“.

„საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს კვეთენ, ამ ქმედებისათვის რეგულარულად აკავებენ. აგვისტოს შუა რიცხვებისათვის ღობეების აღმართვა გრძელდება, ამ პროცესის შეჩერების თაობაზე წარმოებული მოლაპარაკებების მიუხედავად“, – აღნიშნავენ კომიტეტის წევრები.

კომიტეტის თავმჯდომარე ასევე მიესალმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 17-18 აგვისტოს ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან დაკავებული საქართველო მოქალაქეების გათავისუფლებას და მოუწოდა „ხელისუფლებას, შეწყვიტოს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლის გადაკვეთისათვის ადგილობრივ მოქალაქეთა შევიწროების პრაქტიკა“.

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა „ბორდერიზაციის“ პროცესი 2019 წლის 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავზე დაიწყეს და ამ დრომდე აგრძელებენ.

თბილისმა „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესი დაგმო. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვას ადგილზე საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები აკვირდებიან. ვითარების ადგილზე გასაცნობად, რამდენიმე დღის წინ სოფელ გუგუტიანთკარში თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ჩავიდნენ.

ბოლო დღეებში, სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე „ბორდერიზაცია“ დაგმეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტომაშ პეტრიჩეკმა, ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდმა, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩიუსმა, ასევე პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button