Placeholder canvas
ახალი ამბები

მოგერინიმ და ზალკალიანმა სატელეფონო საუბრისას „ბორდერიზაციის“ პროცესი განიხილეს

ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ფედერიკა მოგერინიმ, და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, 21 აგვისტოს სატელეფონო საუბარისას განიხილეს უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში 7 აგვისტოდან მიმდინარეობს.

„ღობეების აღმართვა ზღუდავს ადგილობრივთა გადაადგილების თავისუფლებას და წვდომას ხეხილის ბაღებსა და წყლის რესურსებზე, რაც მათ საარსებო წყაროს წარმოადგენს“, – განაცხადა მოგერინიმ და აღნიშნა, რომ „ეს ქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და ყველა მხარემ კომუნიკაციის არსებული საშუალებები უნდა გამოიყენოს“.

მოგერინის თქმით, ევროკავშირი „განაგრძობს აქტიურ ჩართულობას საქართველოში სტაბილიზაციასა და კონფლიქტის მოგვარებისკენ მიმართულ ძალისხმევაში“. მას ასევე კვლავ დაადასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, მადლობა გადაუხადა ფედერიკა მოგერინის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობისთვის, რომელიც „ადგილზე არსებული საერთაშორისო მონიტორინგის ერთადერთი მექანიზმია“.  

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა „ბორდერიზაციის“ პროცესი 2019 წლის 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავზე დაიწყეს და ამ დრომდე აგრძელებენ.

თბილისმა „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესი დაგმო. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვას ადგილზე საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები აკვირდებიან. ვითარების ადგილზე გასაცნობად, რამდენიმე დღის წინ სოფელ გუგუტიანთკარში თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ჩავიდნენ.

ბოლო დღეებში, სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე „ბორდერიზაცია“ დაგმეს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტომაშ პეტრიჩეკმა, ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდმა, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩიუსმა, ასევე პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button