ახალი ამბები

ომის მე-11 წლისთავზე ქვეყნის ლიდერები „ერის კონსოლიდაციის“ მნიშვნელობაზე საუბრობენ

Tags

8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის მე-11 წლისთავზე, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდნენ, რათა ომში დაღუპული ქართველი სამხედროებისთვის პატივი მიეგოთ.

პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ, რომელსაც მთავრობის წევრებიც ახლდნენ თან, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მემორიალი გვირგვინით შეამკო, რის შემდეგაც განუცხადა ჟურნალისტებს, რომ „დღევანდელი დღე არის დიდი ტკივილი, მოუშუშებელი იარა“. „ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე“, – აღნიშნა მან. 

„ეს არის საერთო ეროვნული ტკივილი, საერთო ეროვნული გამოწვევა“, – განაცხადა ბახტაძემ და დასძინა, რომ „დღევანდელი დღე არის სიმბოლო იმისა, რომ ჩვენი ერის კონსოლიდაცია, მუხლჩაუხრელი შრომა, იმ მიზნების მიღწევა, რაც არის დაგეგმილი, და ჩვენი მეგობარი ქვეყნების თანადგომა იქნება გარანტია იმისა, რომ მშვიდობით და განვითარებით, ჩვენ აუცილებლად დავძლევთ რუსულ ოკუპაციას და საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი და წარმატებული ქვეყანა“.

ანალოგიური განცხადება გააკეთა შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, რომლის თქმითაც „მშვიდობა ჩვენთვის უალტერნატივო, მთავარი პრიორიტეტია იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესი“. 

„11 წლის შემდეგ ჩვენ ისევ გვიწევს გამკლავება იმ უმძიმეს შედეგებთან, რომელიც დადგა რუსეთის ინტერვენციის და შემდგომი ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად“, – განაცხადა ციხელაშვილმა და დასძინა: „ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ იმ მიზნებს, რომლებსაც ამ ბიჭებმა, ჩვენმა მოქალაქეებმა თავი შესწირეს, მივაღწიოთ მშვიდობიანად. აღარ დავუშვათ ომი, აღარ დავუშვათ დაპირისპირება, ჩვენი საუკეთესო შვილების სისხლის დაღვრა“. 

მამუკა ბახტაძე და სალომე ზურაბიშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. ფოტო: facebook.com/GeorgianGovernment

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ბახტაძესთან ერთად მივიდა ძმათა სასაფლაოზე, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „იმ ტრაგედიას, რაც 11 წლის წინ მოხდა, კიდევ ერთი ტრაგედია ემატება. ეს არის ის, რომ 11 წლის შემდეგაც ჩვენ კიდევ ვერ დავძლიეთ ოკუპაცია“. 

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ოკუპაცია არ უნდა დარჩეს „გაყინულ საკითხად“. ამ პრობლემაზე პრეზიდენტი კიდევ უფრო ვრცლად საუბრობს თავის მიმართვაში, რომელიც აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით გამოაქვეყნა

მიმართვაში სალომე ზურაბიშვილი ყურადღებას ერთიანობაზე, მშვიდობასა და სტაბილურობაზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ „ოკუპაციაზე ჩვენი პასუხი მარტივია – არა შეგუებას“! 

„ჩვენ არ ვეგუებით და არ შევეგუებით არც გალსა და ახალგორში ქართველების უფლებების შელახვას, არც ჩვენი ოსი და აფხაზი მოქალაქეების შევიწროებას და არც მათი ენის და იდენტობის გათელვას“, – აღნიშნავს პრეზიდენტი. მისივე თქმით, „ოკუპაციაზე ჩვენი პასუხია ასევე – პოლიტიკური და ეკონომიკური მდგრადობა, განვითარების გზის გაგრძელება“. 

„მე მაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა: არ დავუშვა ის, რაც საქართველოს სახელმწიფოებრიობას შეუქმნის საფრთხეს, მაქსიმალურად ავიცილოთ პროვოკაციები”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

„ამავდროულად, აუცილებელია ჩვენი ჯარის თავდაცვისუნარიანობის გაზრდა, რათა ომის ტრაგედია არასოდეს განმეორდეს, დაცული მოქალაქე წინ იყურებოდეს და დაცული ტერიტორია სტაბილური განვითარების საფუძველს გვაძლევდეს“, – ვკითხულობთ პრეზიდენტის მიმართვაში.

პრეზიდენტის თქმით, „უნდა შევძლოთ ჩვენი პარტნიორების მობილიზება, რათა კონფლიქტების გადაწყვეტა გახდეს როგორც ჩვენი, ისე მათი პრიორიტეტი”. „ამ ამბიციას უახლოეს მომავალში მე გავაჟღერებ გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

„არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისთვის ყველაზე ძლიერი იარაღია ჩვენი ერთიანობა. ამიტომ მე ვარ და ვიქნები მთავარი მებრძოლი საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევაში“, – აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button