ახალი ამბები

ცხინვალი: ნატოს „პროვოკაციული კურსი“ თბილისის „რევანშისტულ ამბიციებს“ ახალისებს

Tags

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის / სამხრეთ ოსეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრო“ 2 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებში, საქართველოში მიმდინარე მრავალეროვნული სამხედრო წვრთნების Agile Spirit 2019-თან დაკავშირებით, „უკიდურესად სერიოზულ შეშფოთებას“ გამოთქვამს.

ცხინვალის თქმით, თბილისის მიერ „სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის მეთერთმეტე წლისთავის წინ, საქართველოში ნატოს იარაღის დემონსტრაციული ჟღარუნი შეუძლებელია არ იქნას აღქმული როგორც ნატოს პროვოკაციული კურსის გაგრძელება, რომელიც მიმართულია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ თბილისის რევანშისტული ამბიციების აბსოლუტურ მხარდაჭერაზე“.

„შეუძლებელია, ვერ აცნობიერებდე, რომ საქართველოს მხარდაჭერა მის სწრაფვაში, მაქსიმალურად გააფართოვოს სამხედრო თანამშრომლობა ნატოსთან, უკიდურესად ნეგატიურ გავლენას იქონიებს რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების არსებულ სისტემაზე“, – აცხადებენ ცხინვალში.

მათივე თქმით, „მეზობლებთან საქართველოს მრავალი ტერიტორიული პრეტენზიის გათვალისწინებით, ამგვარ სამხედრო-პოლიტიკურ მხარდაჭერას მართლაც შეუძლია დესტაბილიზაციის საფრთხე შეუქმას ვითარებას და რეგიონში დაძაბულობა გაამწვავოს“.

ცხინვალის ეს განცადება ფაქტობრივად იმეორებს ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ მიერ Agile Spirit-თან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ გამოთქმულ კრიტიკას, რომელშიც სოხუმი ყურადღებას „ქართველი „ქორების“ რევანშისტულ განწყობებზე“ ამახვილებს.

აშშ-საქართველოს ერთობლივი მრავალეროვნული სახმედრო სწავლება „Agile Spirit“ 27 ივლისს დაიწყო.

სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 3000-ზე მეტი სამხედრო იღებს მონაწილეობას, მათ შორის, ბულგარეთიდან, ბელგიიდან, საქართველოდან, საბერძნეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვადან, მონტენეგროდან, ნორვეგიიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან, ასევე დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან.

„Agile Spirit“ პირველად 2011 წელს, აშშ-საქართველოს ორმხრივი სწავლების ფორმატში ჩატარდა2015 წლიდან წვრთნებს არაერთი ქვეყანა შეუერთდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button