skip to content
ახალი ამბები

საქართველო ნატოს ხუთ წევრ სახელმწიფოსთან ერთობლივ წვრთნებს ატარებს



სამხედრო წვრთნების, Agile Spirit 2015–ის გახსნის ცერემონია ვაზიანის ბაზაზე, რომელშიც საქართველოს, აშშ-ის, ბულგარეთის, ლატვიის, ლიტვის და რუმინეთის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ, 8 ივლისი, 2015. ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

ქართველმა სამხედროებმა, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის 220-მდე სამხედრო მოსამსახურესა და ბულგარეთის, ლატვიის, ლიტვის და რუმინეთის ოცეულის დონის ქვედანაყოფებთან ერთად, 8 ივლისს ვაზიანის ბაზაზე ორკვირიანი ერთობლივი სამხედრო სწავლებები დაიწყეს.

Agile Spirit 2015 მოიცავს წვრთნებს სამშვიდობო და მხარდაჭერის ოპერაციებში. 

საქართველოს მხრიდან წვრთნაში მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონია ჩართული.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის და მოლდოვას შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები წვრთნებს „დამკვირვებლების“ სტატუსით ესწრებიან.

Agile Spirit თავდაპირველად ორმხრივი, ამერიკულ–ქართული სამხედრო წვრთნები იყო და 2011 წლიდან ყოველწლიურად იმართებოდა საქართველოში.

წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ ახალი ყოველწლიური ერთობლივი სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ დაიწყეს, რომელიც მაისში გაიმართა, ხოლო Agile Spirit მრავალეროვნული სამხედრო სწავლება გახდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ Agile Spirit 2015 „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ხორციელდება“. 

„უელსის სამიტზე [შარშან] მიღებული არსებითი პაკეტის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს სწავლებების ჩატარება წარმოადგენს“, – განაცხადა სამინისტრომ.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button