რესპუბლიკის ამბები

შერვაშიძე და ხასაია რუსის ჯარს აფხაზეთიდან საქართველოს გაძევებას სთხოვენ

საქართველოს რესპუბლიკა, N154, 15 ივლისი, 1919 წ.

მოღალატენი.

ალ. შერვაშიძის წერილი.

სმხრეთ რუსეთის შეიარაღებული ძალთა მთავარსარდალს. 1919 წ. იანვარი

აფხაზები არაერთხელ მოგმართავდენ თქვენ თხოვნით, რათა დახმარება აღმოგეჩინათ აფხაზეთის საზღვრებიდან ქართველი ჯარის გაძევებაში, რომელიც თავის მთავრობისგან წაქეზებული დიდ ზიანს აყენებენ მცხოვრებლებს. თქვენ ამ საკითხის გამო მიმართეთ ინგლისის სარდლობას, მაგრამ ჩემთვის და ჩემი ხალხისთვის სასურველ შედეგებს ამ მიმართვისას ჯერ ვერ ვხედავ. ეხლა, როდესაც საქართველოში ფეხს იდგამს ბოლშევიზმი, როდესაც მთელი საქართველოს მთავრობის და ჯარის ხელშო მყოფი ტერიტორია სრული განადგურების და შინაური ბრძოლის გზაზე დგას, მე მოგმართავთ თქვენ, როგორც სამხრეთ რუსეთის წარმომადგენელს, და მოგიწოდებთ, როგორც რუსის ჯარის წინამძღოლს, გადაარჩინოთ ანარქიის და მის შედეგებისაგან რუსეთის ერთგული, და ახლა დაღუპვის გზაზე მდგომი აფხაზეთის ხალხი. წამოიყვანეთ აფხაზეთის საზღვრებისაკენ თქვენი ჯარი და დაამყარეთ წესიერება და მყუდროება.

თავ. ალექსი გრიგორის ძე შერვაშიძე.

კორნეტ ხასიას წერილი.

სამხრეთ რუსეთის შეიარაღებულ ძალთა მთავარსარდალს.

ამა წლის იანვრიდან ჩვენ არა ერთხელ მოგმართეთ თქვენ, რათა დაგვხმარებოდით აფხაზეთის საზღვრებიდან ქართველი ჯარის გაყვანაში.

ყოველ მხრივ ჩვენთვის უცხო ქართველი ხალხის ბატონობა მძიმე ტვირთად აწვება ჩვენს ქვეყანას. თქვენ ინებეთ მიგემართათ ამის შესახებ ინგლისის სარდლობისათვის, მაგრამ ჯერ ამ მომართვამ არ გამოიღო დადებითი ნაყოფი ჩვენი ნახევრათ განადგურებული ქვეყნისათვის – ქართველ ჯარს ჯერ ისევე უჭირავს ჩვენი ტერიტორია.

იმ ნახევარი წლის შემდეგ, რაც ჩვენ თქვენ მოგმართეთ, მდგომარეობა ძალიან გამწვავდა; ქართველმა მთავრობამ თავის ხიშტებით შექმნა ახალი ძალა, რომელიც არ შეეთანხმება ჩვენი ხალხის არც მიზნებს და არც სურვილებს, გარეკეს რა ერთი, და შეჰყარეს მეორე ეროვნული საბჭო, ქართველებმა შემოიყვანეს მათთან ერთად მოსული უცხო ხალხი და ამით თითქოს დააკანონეს ის უსამართლოება, რომელიც აფხაზეთში ჩაიდინეს.

იმ უბედურებათა გარდა, რომელიც თავს დაადტყდა აფხაზეთს, მას მოელის კიდევ ახალი და არა ნაკლებ მძიმე უბედურება.

ქართველ ხალხში და მის ჯარში გავრცელებას იწყებს ბალშევიზმი. სოხუმში ხდება ის, რაც 1917 წლის ოქტომბერში მოხდა პეტროგრადში. შეიძლება გავითვალისწინოთ ის დრო, როდესაც საქართველოს მთავრობა დაეცემა და ქვეყანა ანარქიაში ჩაემბება. ბალშევიზმის ტალღები პირველ ყოვლისა აფხაზეთში შემოიჭრებიან. ჩვენი დამოკიდებულება საქართველოსთან მეტათ გამწვავებულია, ამიტომ ცეცხლს და მახვილს მიეცემა უპირველესად ჩვენი მდიდარი მხარე. კავკასიის ხალხთა შორის აფხაზებმა დღემდე შეინარჩნეს ხელშეუხები სიყვარული დიდ მთლიან რუსეთისადმი, – ჩვენი სიმპატიაა მოხალისეთა ჯარისადმი, როგორც ჭეშმარიტ სახელმწიფოებრივ საფუძვლებისადმი, – და ეს სიმპატია მუდამ უცვლელი იყო. გარდა თქვენისა ჩვენ არავინ გვყავს, რომ მისთვის შეგვეძლოს მიგვემართოს თხოვნით, რათა გავენთავისუფლებიეთ ჩვენ უცხო საძულველ საქართველოს მფლობელობისაგან, – თქვენ ხართ მხოლოდ ერთად ერთი, – მოხალისეთა ჯარი, – რომელიც თან ატარებთ დიდი რუსეთის იდეიას, და თქვენ შეგიძლიათ ძარცვა-გლეჯისაგან იხსნათ პატარა, მაგრამ დღემდე რუსეთის ერთგული აფხაზის ხალხი. ჩვენ უკიდურესობამდი მიველით იმ ძალადობის გამო, რომელსაც ჩვენზე იჩენენ, მოველით კიდევ უარესს და ამიტომ მზათა ვართ იარაღით ხელში დავიცვათ ჩვენი მხარე საძულველ უცხო ძალისაგან. გთხოვთ  თქვენ მოგვეხმაროთ ჩვენ: გამოგვიგზავნეთ ხელმძღვანელი, იარაღი, ოფიცრები-ინსტრუქტორები და საკმარისად შეიარაღებული ძალა, რომ დავეყრდნოთ რა მათზე, აღდგეს აფხაზეთის ხალხიც, რათა თქვენთან ერთად გასწიროს ერთ მიზნისაკენ რუსეთის ყველა ხალხთა საკეთილდღეოთ.

კორნეტი ალექსი ტიტეს ძე ხასაია.

რამდენიმე დეტალი, რაც ამ წერილების წაკითხვისას უნდა ვიცოდეთ:

  • აფხაზეთში 1917 წლიდან მიმდინარეობდა შიდა დისკუსია და მოქმედებები მხარის მომავლის შესახებ – 1917 წელს შექმნილი აფხაზეთის ეროვნული საბჭო არ იყო ერთიანი პოზიციის მქონე და მასში პოლიტიკური იდეებისა და ნაციონალური საკითხის გადაწყვეტის მრავალფეროვანი სპექტრი იყო წარმოდგენილი – ზოგს პრორუსული პოზიცია ეჭირა, ზპგს – პროოსმალური, ზოგი მთიელ ხალხთა სახელმწიფოს მომხრე იყო და რასაკვირველია,  აფხაზეთში იყვნენ საქართველოსთან კავშირის შენარჩუნების მოსურნეები.
  • ქართული პოლიტიკური ელიტის უმრავლესობა, მისი პროგრესული ნაწილი, მუდამ ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ აფხაზ ერს სრული უფლება ჰქონდა თვითგამორკვევისა და მასში უხეშ ჩარევას არ აპირებდა.
  • 1918 წლის დასაწყისში, კავკასიაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის ფონზე (ოსმალური არმიის შეტევა სამხრეთიდან), ბოლშევიკურმა ჯგუფებმა აფხაზეთში ძალაუფლების ხელში ჩაგდება სცადეს და ამბოხებების სერია წამოიწყეს, რომელთა განდევნა აფხაზეთის ეროვნული საბჭოს თხოვნით საქართველოს სახალხო გვარდიის და შემდეგ არმიის ნაწილებმა მოახერხეს. 
  • 1919 წლის გაზაფხულზე, რუსეთის სამოქალაქო ომის სასწორი მოხალისეთა არმიის სასარგებლოდ გადაიხარა. მოსკოვზე შეტევამდე გენერალმა დენიკინმა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან გადაწყვიტა ანგარიშის გასწორება. 
  • საქართველოს ხელისუფლება თავდაცვის ყველა ხერხს განიხილავდა, მათ შორის – ბოლშევიკების გამოყენებას მოხალისეთა წინააღმდეგ, თუ ისინი საქართველოს ტერიტორიაზე წინსვლას გააგრძელებდნენ.
  • საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 1919 წლის მარტში მასობრივი ამნისტია გამოაცხადა, სოხუმის ოლქში 1918 წლის ბოლშევიკური გამოსვლების მონაწილე პატიმრები ციხიდან გაათავისუფლა და ადგილობრივი სახალხო მილიციისა და აფხაზეთის კომისარიატის განსაკუთრებული რაზმის ფარული მეთვალყურეობის ქვეშ გადაიყვანა. თუმცა, მალე ქართული შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის შედეგად დენიკინის საფრთხე გაანეიტრალეს. 
  • 1919 წელს 13 თებერვალს აფხაზეთში (რომლის სტატუსი კვლავ განუსაზღვრელი იყო) ჩატარდა ახალი ეროვნული საბჭოს არჩევნები, რითაც მას სრული ლეგიტიმაცია მიეცა (პირველი საბჭო არ იყო საყოველთაო არჩევნებით დაკომპლექტებული). აფხაზეთის სახალხო საბჭო – ამდენად ლეგიტიმური საკანონმდებლო ორგანო გახდა. 
  • აფხაზეთის სახალხო საბჭო იყო მრავალპარტიული და მრავალეროვნული. შედგებოდა 40 დეპუტატისგან, რომლებიც 7 ფრაქციაში იყვნენ განაწილებული (27 სოციალ-დემოკრატი, 4 დამოუკიდებელი სოციალისტი, 3 უპარტიო მემარჯვენე, 3 ესერი, 1 ეროვნულ-დემოკრატი, 1 სოციალისტ-ფედერალისტი, 1 უპარტიო კოლონისტი), 20 იყო ეთნიკური აფხაზი. 40 დეპუტატიდან 7 (4 დამოუკიდებელი სოციალისტი, 3 უპარტიო მემარჯვენე) იყო რადიკალურად ანტიქართულად განწყობილი. მათ შექმნეს „დამოუკიდებელი ფრაქცია“, რომლის მიზანი აფხაზეთისთვის მაქსიმალური სუვერენიტეტის მოპოვება იყო.
  • საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა 1919 წლის 18 მარტს. საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს არზაყან ემუხვარი. 20 მარტის სხდომაზე მიღებულ იქნა „აქტი აფხაზეთის ავტონომიის შესახებ“. დოკუმენტი ითვალისწინებდა აგრეთვე აფხაზეთის სახალხო საბჭოს და საქართველოს დამფუძნებელი კრების წარმომადგენელთა მონაწილეობით შექმნილი პარიტეტული კომისიის მიერ აფხაზეთის კონსტიტუციის შემუშავებას. კონსტიტუციის მიღება გაჭიანურდა ოპოზიციის უკომპრომისო პოლიტიკის გამო. 1920 წლის ოქტომბერში აფხაზეთის სახალხო საბჭომ დაამტკიცა „დებულება აფხაზეთის ავტონომიური მართვის შესახებ“.
  • წითელი არმიის აფხაზეთში შეჭრის და 1921 წლის 4 მარტს სოხუმის დაკავების შემდგომ აფხაზეთის სახალხო საბჭომ შეწყვიტა საქმიანობა.
  • ამასთან, 1918-19 წლებში მიმდინარეობდა სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტი ტუაფსესა და მდინარე ბზიფს შორის მოქცეული შავიზღვისპირა ტერიტორიის დაუფლებაზე, რომელზეც პრეტენზიას აცხადებდა ერთი მხრივ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მეორე მხრივ – ბოლშევიკები და მესამე მხრივ – გენერალ დენიკინის თეთრი რუსეთი. 1918 წლიდან 1919 წლის დასაწყისამდე სოჭს საქართველო აკონტროლებდა.დენიკინი მიიჩნევდა, რომ საზღვარს ბზიფზე უნდა გაევლო. საბოლოოდ, კონფლიქტი 1919 წელს ბრიტანელების ჩარევით დასრულდა და საზღვარმა მდინარე ფსოუზე გაიარა – სოჭი და ტუაფსე რუსებს დარჩათ, ხოლო ტერიტორია ბზიფამდე, რაც გაგრასაც მოიცავდა, საქართველოს. 1919 წლის აპრილში გაგრა ვალიკო ჯუღელის მეთაურობით აიღო სახალხო გვარდიამ და დაიწყო პოზიციების გამაგრება მდინარე მეხადირზე.

მსგავსი/Related

Back to top button