skip to content
რესპუბლიკის ამბები

საქართველო საკითხი ევროპაში – დავით ღამბაშიძის მოხსენება

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 11 ივლისი, N151.

ამ დღეებში ლონდონიდან ჩამოსულმა საქართველოს დელეგაციის წევრმა დავით ღამბაშიძემ, 9 ივლისს დამფუძნებელ კრების სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციაში გააკეთა მოხსენება შემდეგ თემაზე: „საქართველოს საკითხი ევროპაში და კერძოთ საზავო კონფერენციაზე“. მოხსენების დასწყისში მან აღნიშნა, რომ არც ერთი ევროპის სახელმწიფო ჩვენ საფრთხეს არ გვიმზადებს, ჩვენთვის საშიში არიან მხოლოდ კოლჩაკ-დენიკინელები. ყველაზე ყურადღებით და სიმპატიით საქართველოს ინგლისი ეპყრობა. იგი თავიდანვე შეგვპირდა, რომ დავიცავთ საქართველოს დამოუკიდებლობასო და ამგვარი დეპეშა გამოიგზავნა კიდეც ინგლისის მთავრობის სახელით საქართველოში.

ამიერ-კავკასიაში შემოსვლამდე ინგლისი ძლიერ დაინტერესებული იყო ჩვენი ქვეყნით, როდესაც მოკავშირეთა დადგენილებით ინგლისის ჯარები ჩვენი ქვეყნისკენ გამოემგზავრენ მათ ათასგვარი პროვოკაციული ცნობები მიაწოდეს, ჩააგონეს, რომ საქართველო გერმანიის ორიენტაციისაა, ქართველობა უბრძოლველად არ შეუშვებს ინგლისის ჯარს თავის ტერიტორიაზე და სხვა. ასეთ წინასწარ აზრით შემოსულ ინგლისელებმა ისეთი შთაბეჭდილება მიიღეს, რომ ქართველი ხალხი მეტად გულუბრყვილოა, პოლიტიკის არაფერი გაეგებათ და ვისაც შეიყვარებენ თანაც გადაყვებიანო, ამიტომ არის რომ გერმანია შეიყვარეს და სურთ მისი დამარცხებაც გაიზიარონო.

 შემდეგ მომხსენებელი ეხება რა საზავო კონფერენციის მუშაობას აღნიშნავს, რომ ყველა დელეგაციასთან არსებობს სხვა და სხვა კომისიები და სექციები. საქართველოს საკითხი გამოყოფილია რუსეთის საკითხისაგან მაგალითად ინგლისის დელეგაციას იგი დასმული აქვს როგორც საკითხი ახლო აღმოსავლეთის იტალიას როგორც რუსეთის. მაგრამ ამ ბოლო დროს მანაც შესცვალა აზრი და ინგლისს მიჰბაძა. იაპონიას საკითხი დასახელებული აქვს, როგორც დასავლეთ აზიისა. საფრანგეთს საქართველოს საკითხი რუსეთის კითხვიდან არ აქვს გამოყოფილი. რაც შეეხება სხვა პატარა ერებს მათთან ჩვენი საკითხი არ არის დაკავშირებული და არც კომისიები აქვთ, გარდა პოლონეთისა, რომელთაც ეკონომიური მოსაზრებით დაარსეს პატარა სექცია საქართველოს შესახებ. ჩვენი საკითხი ისმება კომისიებში, მას სწავლობენ, მაგალითად ინგლისის დელეგაციამ საქართველოს შესახებ ყველაფერი დაწვრილებით იცის. დაწვრილებით იცნობს ამიერ-კავკასიის მდგომარეობას ამერიკის დელეგაციაც, მაგალითად მათ აქვთ კომისიებში ამიერ-კავკასიის რუქა, სადაც ყოველივე სადავო ტერიტორიალური საკითხი სხვა და სხვა ფერით არის აღნიშნული და ზედ აწერია სადავოა.

მომხსენებელი ეხება რა რუსეთის მდგომარეობას, აღნიშნავს, რომ იქ ეხლა ორი უკიდურესობა არის: ბოლშევიზმი და დენიკინი. მოკავშირეები ორივე მხარეს კარგად იცნობენ:  იციან ისიც, რომ თუ რუსეთში გაიმარჯვა რეაქციამ, იგი კავშირს დაიჭერს გერმანიის რეაქციონურ წრეებთან და ეს კი საფრთხე იქნება ევროპისათვის. თუ ვინიცობაა გერმანიაში სპარტაკისტებმა გაიმარჯვეს ისინი შეუერთდებიან ბოლშევიზმს და ესეც სურთ აიცილონ მოკავშირეებმა, ინგლისი ფიქრობდა ბოლშევიკებთან მოლაპარაკების გამართვას, მაგრამ ასეთი ცდა უნაყოფო გამოდგა და გადაწყვიტეს მოკავშირეებმა ბოლშევიზმის დამარცხება რუსეთში და სწორედ ამ მიზნით ეხმარებიან დენიკინ-კოლჩაკს. ამერიკა კი უკანასკნელ დრომდე ფიქრობდა ბოლშევიკებთან კავშირის დაჭერას და ახლა კი ამანაც აზრი შეიცვალა და კოლჩაკს ემხრობა. მომხსნებელს ყალბათ მიაჩნია ის მოსაზრება, ვითომ და მოკავშირენი ფიქრობდენ ამიერ-კავკასია შეუერთონ დენიკინს. ლოიდ ჯორჯი იმ აზრს ადგას, რომ რუსეთიდან გამოყოფილი ერნი, თუ თვით არ მოისურვებენ თავიანთი ნებით შეუერთდნენ რუსეთს, ისინი ნებას არ მისცემენ ძალით შეიერთონ რუსეთის გამოყოფილი ერები.

მომხსენებელი შეეხო ინგლისის შინაურ მდგომარეობას და აღნიშნა, რომ იქ დიდი ჩუმი სოციალური რეფორმები გატარდა, დაკანონდა 8 საათის სამუშაო დღე, მუშათა კლასის მდგომარეობა გაუმჯობესდა, იგი უზრუნველყოფილია და ბოლშევიზმს იქ არავითარი ნიადაგი არ აქვს და არც არის მოსალოდნელი, რომ ევროპა საგრძნობლათ შეარყიოს. რუსეთის და გერმანიის ამბები იქ მოსალოდნელი არ არის, რაც შეეხება საფრანგეთს იქ დიდი შოვინისტური ძალა არის. გერმანელებისადმი მტრული განწყობილება არის; პირველ მაისის დემონსტრაციის დროს ჯარს პატრონები არ ჰქონია, თორემ მრავალს დახოცავდენ, რადგანაც ჯარი დემონსტრაციის მომწყობთ გერმანიის აგენტებათ სთვლიდენ, ბევრ მუშას კონდახებით სცემდენ.

მომხსენებელს მრავალ შეკითხვას აძლევდენ, რომელზედაც მან დაწვრილებითი პასუხი გასცა. მან თავის საპასუხო სიტყვაში სხვათა შორის მოკლეთ აღნიშნა ის თუ რას აკეთებს ჩვენი დელეგაცია. მოიხსენია, რომ ვცემთ ფრანგულ ენაზე კვირაში ორჯერ ბიულეტენებს, რომლებსაც ვუგზავნით ყველა გაზეთებს, მაგრამ თუ ყველა არ ბეჭდავს ჩვენს შესახებ, ეს მით აიხსნება, რომ საფრანგეთში აუარებელი უცხო კორესპონდენტები არიან და ტეხნიკურათ შეუძლებელი არის ყოველი ქვეყნის ამბების სისტემატიურათ ბეჭდვა. დელეგაციას უხდება კომისიებში მუშაობა, ჟურნალისტებთან საუბარი და სხვა. მომხსენებლის აზრით ჩვენი დელეგაცია, რომ დაესწრო სოციალისტურ კონფერენციას ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. საზოგადოთ, ევროპაში მასსა არ იცნობს არამც თუ საქართველოს, არამედ მათ ხშირათ ასეთი წარმოდგენა აქვთ, რომ ვენის იქით აზია არის და შავ კანიანი ხალხი ცხოვრობსო. ბერნის კონფერენციის დადგენილება ჯერ ერთი, რომ გავლენას იქონიებს ევროპის პოლიტიკურ სფეროებში, აგრეთვე ამით მუშათა კლასი გაეცნობა საქართველოს, და ამას კი დიდი მნიშვნელობა აქვს.

მომხსნებელის დასკვნა ასეთია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარებული იქნება საზავო კონფერენციაზე. იგი დაახლოებით ორ-სამ თვეში გადაწყდება, მხოლოთ რა ფორმას მიიღებს ეს დამოუკიდებლობა, იქნება კონტროლ ქვეშ თუ არა ამის გათვალისწინება ძნელია.

მსგავსი/Related

Back to top button