ახალი ამბები

სოხუმმა ე.წ. საზღვარზე გადაადგილება დროებით შეზღუდა

Tags

ოკუპირებული აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 27 ივნისს განაცხადა, რომ თბილისსა და ზუგდიდის რაიონში მიმდინარე „პროვოკაციული“ საპროტესტო აქციების გამო, რომლებიც „აფხაზეთის სახელმწიფოებრიობაზე“ აისახება, „საზღვარზე“ გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვაზე კომენტარი დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გააკეთა. მინისტრმა თქვა, რომ კომუნიკაცია აქვთ ყველა „ფორმალურ თუ არაფორმალურ არხთან“, რათა მოსახლების ინტერესები არ დაზარალდეს.

„ჩემთვის ახლა მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს იმ ადამიანების ინტერესებზე ზრუნვა, რომლებიც ამ უკანონო შეზღუდვით  ყველაზე მეტად ზარალდებიან. შესაბამისად, ყველა სხვა შესაბამის სტრუქტურასთან ერთად ძალიან ინტენსიურ რეჟიმში ვართ ჩართული, რათა უკანონო შეზღუდვა მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოიხსნას“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა და დასძინა, რომ „პოლიტიკურ შეფასებებს“ მოგვიანებით გააკეთებს.

ენგურის გამშვები პუნქტის დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე, ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ, თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით უნდა შეწყვიტონ ტერმინ „ოკუპირებული ტერიტორიების“ გამოყენება და „თავიანთი შიდაპოლიტიკური ამოცენები ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოების ჩართვის გარეშე“ უნდა გადაჭრან.

თბილისში საპროტესტო აქციები 20 ივნისიდან ყოველ საღამოს იმართება. აქციის მონაწილეები ჯერ რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტში, თავმჯდომარის ადგილიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის გახსნას აპროტესტებდნენ, შემდეგ კი – სპეცდანიშნულების რაზმის მიერ საპროტესტო აქციის ძალის გამოყენებით დაშლას, და დღემდე ითხოვენ შინაგან საქმეთა მინსიტრის გიორგი გახარიას გადადგომას. ამ მოთხოვნებით აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, ზუგდიდშიც იმართება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button