ახალი ამბები

პარლამენტმა ვლადიმერ კახაძის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო

საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მთაწმინდის რაიონში არჩეული „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის ვლადიმერ კახაძის უფლებამოსილება ცნო. გადაწყვეტილებას მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ვლადიმერ კახაძემ საქართველოს პარლამენტში ჩაანაცვლა ამავე ოლქიდან არჩეული დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც 2018 წლის შემოდგომაზე პრეზიდენტის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და მეორე ტურის შემდეგ, ამომრჩეველთა ხმების 59.52%-ით გაიმარჯვა.

ვაკანტური ადგილის შესავსებად, მთაწმინდის №1 მაჟორიტარულ ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები ორ ტურად ჩატარდა. 9 ივნისს გამართულ მეორე ტურში 61.83%-ით ვლადიმერ კახაძემ გაიმარჯვა. მისმა კონკურენტმა, ევროული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ კი ხმების მხოლოდ 38.17% მიიღო.

ვლადიმერ კახაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობით, საქართველოს პარლამენტში ქართული ოცნების წევრთა რაოდენობა 107-მდე გაიზარდა. ამასთან, მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მმართველ გუნდს დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი გამოაკლდეს, რომელმაც მანდატის დატოვების მზადყოფნის შესახებ 21 ივნისს, საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის გამოსვლით გამოწვეული პოლიტიკური კრიზისის ფონზე განაცხადა.

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის არსებობა ბოლო პერიოდში პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოების მხრიდან სულ უფრო მეტ კრიტიკასა და პროტესტს იწვევდა.

13 ივნისს ოპოზიციური პარტიების ჯგუფმა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებისა და პარლამენტის სრულად პროპორციული სისტემით არჩევის მოთხოვნით, 200 ათასზე მეტი მოქალაქის მიერ მხარდაჭერილი საკონსტიტუციო ცვლილების წინადადება საკანონმდებლო ორგანოში წარადგინა.

24 ივნისს კი, ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, მმართველი პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით, „ნულოვანი ბარიერის“ პირობებში ჩატარების ინიციატივით გამოვიდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button