ძველი ამბები

სრულდება ამიერკავკასიის რესპუბლიკათა კონფერენცია

Tags

გაზ. „ერთობა“, 1919 წლის 13 ივნისი, N128.

9 ივნისის სხდომა, კონფერენციის დასასრული, თავმჯდომარეობს ევგენი გეგეჭკორი

ხან ხოისკი – ის, საფრთხე, რომლის შესახებაც აქ იყო ლაპარაკი (დენიკინის შემოტევა – რესპუბლიკა 100-ს შენიშვნა) შესაძლებლობის სფეროში კი არ იმყოფება, არამედ – რეალური სინამდვილეა, საკითხი კავკასიის რესპუბლიკათა და მის ერთა სოლიდარობის შესახებ ახალი არ არის, ეს საკითხი უნდა სდებოდა საფუძვლათ თვით წინა კონფერენციის მუშაობასაც, ამ ჟამათ კი ამ საკითხმა მიიღო კონკრეტული გამოხატულება და ჩვენ გარკვეული პასუხი უნდა გავცეთ საქართველოს დელეგაციის მიერ წარმოდგენილ წინადადებაზე (ერთიანი ფრონტით ბრძოლა დენიკინთან – რესპუბლიკა 100-ს შენიშვნა). აქ ლაპარაკობდენ იმის შესახებ, თუ რა იყო ერთი წლის წინათ! ერთი წლის წინათ  იყო ის პერიოდი, როცა აუარებელი მაჰმადიანობა იქნა ამოწყვეტილი ბაქოში და ადერბაიჯანის სხვა მხარეებში. ეს იყო პერიოდი ცეცხლისა და მახვილისა და აი, ამ პერიოდში ადერბაიჯანის წარმომადგენლებმა სთქვეს, რომ უცხო ძალის დაუხმარებლათ მართ არ ძალუძთ თავისი ერის გადარჩენა ფიზიკური განადგურებისაგან და განა ეს უნდა ჩაითვალოს საერთო საქმის ღალატათ? არა! ჩვენ იმ თავითვე ვიდექით დამოუკიდებლობის ნიადაგზე და ჯეროვან ღირსებით შევინარჩუნეთ იგი. დღეს ლაპარაკობენ, რომ საფრთხე ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდანაც გველის. მე ეს არ მეგონა. დღეს თვით ოსმალეთს ნაკუწ-ნაკუწ სწეწავენ და ასეთს სახელმწიფოს განა შეუძლია სხვის წინააღმდეგ გაილაშქროს?

და თუ ეს მოხდა, გარწმუნებთ, რომ ჩვენი მთავრობა და პარლამენტი თქვენთან იქნება მათ წინააღმდეგ ბრძოლაში.

ს. ტიგრანიანი – მე მინდა მოგცეთ ერთი განმარტება იმ 12 დღის შესახებ, რომელზედაც აქ ლაპარაკობდნენ: ფოსტა-ტელეგრაფის მოუწესრიგებლობა მთავარი მიზეზია იმისა, რომ ჩვენ ვაგვიანებთ კავშირის გაბმას მთავრობასთან. რაც შეეხება საკითხის არსებით მხარეს, მე უნდა განვაცხადო, რომ დამოუკიდებლობის დაცვა გულისხმობს ტერიტორიის დაცვას, ეს რთულია როდესაც ტერიტორიალური გამიჯვნა არ მომხდარა…  თქვენ იცით, ალბათ ყარაბახში მომხდარი ამბები და გეკითხებით, ვინ უნდა დაიცვას იგი: ადერბაიჯანმა თუ სომხეთის ჯარმა? ვინაიდან ეს საკითხები საბოლოოთ არ გადაწყვეტილა, ლაპარაკი საერთო გამოსვლისათვის, ჩემის აზრით, საკმაოთ გართულდება.

ჩვენ გვამოძრავებს ჩვენი საკუთარი ტანჯულ ერთა ინტერესები: როგორ დავიცვათ საერთო ინტერესები, როდესაც არსებობს სადაო საკითხები? ჯერ უნდა გამოირკვეს საერთაშორისო განწყობილება, მხოლოდ შემდეგ შეიძლება საერთო ენის ძებნა. ბატონმა ნოე რამიშვილმა აქ ახსენა „წვრილი საკითხები“ როგორც რკინის გზის საკითხია, მაგრამ მე ვაცხადებ, რომ ეს საკითხი ჩვენთვის მეტათ მნიშვნელოვანია.

ნოე რამიშვილი – მე მინდა განვაცხადო აქ ერთი შენიშვნის გამო. ყველგან urbi et orbi, სომხების წარმომადგენლები ლაპარაკობენ, რომ ოსმალთ შემოსევის დროს ჩვენის გამოისობით სისხლიდან დაიცალენ, ამასვე გაიძახიან  საზღვარ გარეთაც, ეს მართალი არ არის. ქართველი ერი პირნათლად იცავდა უფლებებს და ამიერკავკასიის ინტერესებსაც. 24 მაისს, საკითხი რამდენათმე სხვა გვარათ იყო დასმული და საქმე 12 დღეში არ არის, თუმცა, მე მგონია, ეს საკითხი არ არის დაკავშირებული არც საფოსტო სატელეგრაფო კონვენციასთან და ამ კონვენციას ჩვენ ყოველთვის ვიცავდით.

საქმე იმაშია, თუ რას ვიცავთ და როგორ ვიცავთ. რა საკვირველია, უტერიტორიოთ დამოუკიდებლობა არ არსებობს, მაგრამ ტერიტორიალურ დავის დროსაც შესაძლებელია „საერთო“ გამოსვლა. დამამტკიცებლათ ამისა მე მოვიყვან პოლონელთა და უკრაინელთა მაგალითს, მიუხედავად იმისა, რომ მათ მრავალი ტერიტორიალური სადაო საკითხები ჰქონდათ, ბოლშევიკების შემოსევის დროს, ეს საკითხები განზე დასტოვეს და შეკავშირებული გამოვიდენ საერთო მტრის წინააღმდეგ. და თუ ხვალ მტერი შემოგვესია, თქვენ იტყვით, რომ ჩვენ დავიცავთ ოზურგეთის მაზრას, ხოლო თქვენ არზრუმის ვილაეთს დაიცავთ? ეს არ არის სახელმწიფოებრივი პოლიტიკა. სადაო საკითხების გადასაწყვეტათ ჩვენ მიღებული გვაქვს არბიტრაჟის პრინციპი. საფრთხე ჩრდილოეთიდან გველის თუ სამხრეთიდან, ჩვენთვის განსხვავება არ არსებობს: ამ შემთხვევაშიაც ჩვენ თქვენთან ვიქნებით. დენიკინი დღეს ასეთსავე საფრთხეს წარმოადგენს და ისევ უქადის ჩვენს ხალხს ფიზიკურ განადგურებას, როგორც შარშან ოსმალეთი გვიქადდა. დღევანდელი მომენტი მოითხოვს ჩვენი ფრონტების გაერთიანებას მტრის წინააღმდეგ.

თავმჯდომარე აცხადებს რომ კამათი საკითხის შესახებ დასრულებულია.

სომხების დელეგაცია აცხადებს, რომ კონფერენციაზე გამოთქმული მოსაზრებანი უნდა წარუდგინონ თავიანთ მთავრობას და ითხოვენ, რომ კონფერენციის სხდომები ერთი კვირით იქნას შეწყვეტილი.

ამიერკავკასიის კონფერენციის სხდომები ერთი კვირით შესწყდა. სომხეთის დელეგაცია გუშინ ერევანში გაემგზავრა.

Related Articles

Back to top button