skip to content
ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობის ლიდერები არჩევნების შემდგომ სტრატეგიაზე ვერ თანხმდებიან

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლის სანდრა რულოვსის მიერ არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს, ნაციონალურ მოძრაობაში მწვავე დებატები მოჰყვა, რა დროსაც, დეპუტატმა ნიკა მელიამ ამგვარი სტრატეგიის ეფექტიანობა ეჭვქვეშ დააყენა.

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა ეს განცხადება 19 მაისს მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში, წინასწარი შედეგებით, მმართველი პარტიის კანდიდატი, გიორგი შენგელია ლიდერობდა.

ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში საუბრისას, სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომ „თუ პირველ ტურში გამოაცხადებენ გამარჯვებას, ჩვენ ამას არ შევეგუებით იმიტომ, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს. თუ ისინი მაინც პირველ ტურს გამოაცხადებენ [მოგებულად], მაშინ ვისაც უნდა გამომყვეს მთელ საქართველოში, იმიტომ, რომ ეს არ არის მარტო ზუგდიდის ამბავი… თუ ისინი გამოაცხადებენ პირველ ტურს მოგებულად, მიიღებენ მთელი ქვეყნის პროტესტს“.

რულოვსის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ ქართული ოცნების მიერ დაწესებული შეზღუდვებისგან გათავისუფლდნენ და განაცხადა – „ბოლომდე უნდა ვიყოთ შეტევაზე“.

სააკაშვილმა რულოვსის განცხადებიდან მალევე, ახალი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მას მხარდაჭერას უცხადებს. „მე არ გავჩერდები არცერთი წამით… ახლა დრო არის დარაზმვის, ერთ მუშტად შეკვრის, წინ წასვლის დამშვიდობიანი, ფართო მოძრაობის გაშლის, მშვიდობიანი ტალღის შექმნის, რომელიც წალეკავს ივანიშვილს“.

სააკაშვილის ეს განცხადებები ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ნიკა მელიამ გააკრიტიკა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში, მელიამ განაცხადა: „ოპოზიცინერებმა უნდა ვისწავლოთ, რაღაცას თუ ვიტყვით, ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერს ეხება, რაღაცას თუ ვიტყვით, უნდა გავაკეთოთ. სიტყვების რახარუხს თავი უნდა დავანებოთ. არ შეიძლება წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება. არაფერი ისე არ იწვევს [ამომრჩეველში] იმედგაცრუებას, როგორც გულზე მჯიღის ცემა, რომ ახლა მოვალ, დედას გიტირებთ და არმოდიხარ“.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამგვარი გადაწყვეტილებები დისკუსიის და კონსენსუსის გზით უნდა იქნას მიღწეული, როგორც ნაციონალურ მოძრაობაში, ისე გაერთიანებულ ოპოზიციაში. მისივე თქმით, არავის, მათ შორის, არც სააკაშვილს აქვს გაერთიანებული ოპოზიციის სახელით ცალმხრივი განცხადების გაკეთების უფლება.

მელიამ სააკაშვილი ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუშიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სააკაშვილს ნაციონალური მოძრაობა საკუთარი პარტია ჰგონია, ხოლო მას თავად მიაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური მოძრაობა, სადაც გადაწყვეტილებები კონსენსუსის გზით მიიღება.

რულოვსმა იმავე თემაზე ზუგდიდში მოგვიანებით კვლავ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობის არჩევნების შემდგომი გეგმები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ოფიციალური შედეგები გამოქვეყნდება და სხვა პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებთან გაიმართება კონსულტაციები. „ჩვენ არ ვაღიარებთ მათ გამარჯვებას, მითუმეტეს მათ არჩევნებს. ეს არ იყო არჩევნები. ეს იყო სუს-ის და კრიმინალების ერთობლივი სპეცოპერაცია, არნახული სადიზმის, შეშინების და ზეწოლის პირობებში“.

იმავე თემაზე რულოვსმა 20 მაისს კიდევ ერთხელ ისაუბრა. ზუგდიდიდან საუბრისას, მან განაცხადა, რომ მზად არის სათავეში ჩაუდგეს „საპროტესტო ტალღას“ ბიძინა ივანიშვილისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად. კითხვაზე ჰქონდა თუ არა გაერთიანებული ოპოზიციის ყველა წევრს მსგავსი პოზიცია, რულოვსმა უპასუხა: „მე ამ ბრძოლაში არ ვარ მარტო, აქ ძალიან ბევრი პარტიაა, ორგანიზაციაა, მეგობრები, ვისაც უნდა შემოერთება, შემოგვიერთდება“.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დეპუტატი ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს ღიად დაუპირისპირდა. შარშან, როდესაც სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და პარტიას მასობრივი საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდა, მელიამ განაცხადა, რომ ოპოზიცია კანონის ფარგლებში იმოქმედებს და გადაწყვეტილებას საკუთარ სტრატეგიაზე კონსენსუსის გზით მიიღებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button