ენმ კანდიდატის სტატუსზე „გადაწყვეტილების მოსაძებნად“ ევროპის დედაქალაქებში ვიზიტებს აანონსებს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მდივანი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ ჭიაბერაშვილი ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაზე გამოვიდა სიტყვით, სადაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით საქართველოს რთულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის მანფრედ ვებერის მიერ დასახელებულ კრიტერიუმებზე საუბრისას, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფო უნდა იყოს პროევროპული, პრო-უკრაინული, კანონის უზენაესობის მომხრე, ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ „საქართველოს მთავრობის – უფრო სწორად, ოლიგარქ ივანიშვილის მთავრობის ქმედებები, რბილად რომ ვთქვათ, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“.
ჭიაბერაშვილმა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს „სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური შურისძიების და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის არასათანადო გამოყენების აშკარა მაგალითი“. მან მოუწოდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს პრეზიდენტი სააკაშვილი, რითაც „გზას გაუხსნის სტატუსზე უფრო ადვილი გადაწყვეტილების მიღებას“.
კანდიდატის სტატუსზე საუბრისას ჭიაბერაშვილმა განაცხადა: „ვიცი, რომ „დიახ“-ის თქმა რთულია, რადგან წევრობის გზა დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია. მე ვიცი, რომ ერები ურთიერთობენ მისი მთავრობების მეშვეობით, რომლებიც არჩეულია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით. ეს არის სუვერენიტეტი – მთავარი ევროპული ღირებულება“. შემდეგ მან აღნიშნა: „მაგრამ საქართველოსთვის უბრალოდ „არას“ თქმა არ არის გამოსავალი“. მისივე თქმით, საჭიროა გამოსავლის პოვნა, რათა „შევინარჩუნოთ საქართველო ევროკავშირის წევრობის გზაზე, მაგრამ, ამავე დროს, მივცეთ საშუალება ქართველ ხალხს აირჩიონ პროევროპული, კანონის უზენაესობის ერთგული მთავრობა, რომელიც შეუერთდება ევროპის სხვა ქვეყნებს და მხარს დაუჭერს უკრაინის ბრძოლას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის და, შესაბამისად, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის“.
ამ მიზნის მისაღწევად, განაგრძო მან, ნაციონალური მოძრაობა ეწვევა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დედაქალაქებს, რათა „გააგრძელოს კონსულტაციები – ამ რთულ გარემოში – იმ გადაწყვეტილების მოსაძებნად, რომელიც დააკმაყოფილებს ქართველი ერის ინტერესებს და ევროკავშირის ქვეყნების ინტერესებს“.
ასევე წაიკითხეთ:
- 04/09/2023 – ჰიუგ მინგარელი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი იმ შემთხვევაში უნდა მიენიჭოს, თუ ქართველი ხალხი ხმას მისცემს ლიდერებს, რომლებიც ევროკავშირის ღირებულებებს იზიარებენ
- 04/07/2023 – „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის მონახულების ნებართვას ითხოვს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)