ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს და საკუთარი პარტიის შექმნის გეგმებზე საუბრობს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა ლიდერმა ნიკა მელიამ 7 დეკემბერს პარტია ოფიციალურად დატოვა და საკუთარი პარტიის შექმნის გეგმების შესახებ გააკეთა განცხადება. მან განაცხადა, რომ არ ექნება პრეტენზია, რომ „არსებულ პოლიტიკურ სპექტრში ყველაზე კვალიფიციურები ვიყოთ“, თუმცა „რაზეც შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, გვექნება ყველაზე მართალი პოლიტიკური პარტია, რომელზეც უნდა დაშენდეს მერე კვალიფიკაციაც, ცოდნაც, ხედვაც“.
გუშინ მელიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც აღნიშნა, რომ „ბოლო 11 წლის განმავლობაში არ შემიწყვეტია ბრძოლა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ“. მისი თქმით, საქართველოში „გვაქვს პოლიტიკური კლიმატი, რომელიც მთლიანად დაფუძნებულია, არაფორმალურ მართვასა და კულუარულ გავლენებზე“.
„უკანასკნელი თვეების განმავლობაში მე ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ პრინციპები, რომლებიც არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, ყოფილიყო გამარჯვებული „ნაციონალურ მოძრაობაში“. ამ გახრწნილ პოლიტიკურ სისტემაში, რომელიც არის ქვეყანაში, პოლიტიკოსები ცდილობენ, რომ ამორალობა აქციონ პოლიტიკურ სტანდარტად, წარმატების მიღწევის წინაპირობად. ამ სტანდარტის გამზიარებელი პოლიტიკოსები ერთმანეთს არწმუნებენ, რომ პრინციპების დათმობით უფრო მეტს მიაღწევენ, ვიდრე პრინციპების ერთგულებით, და მერე ყველა ასეთი პოლიტიკოსი ერთად, ამაში ცდილობს დაარწმუნოს ხალხი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მისი თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ ყველა ადამიანი, ვინც „ამ ბრძოლაში იქნება, მიიღებს სინდისით ნაკარნახებ გადაწყვეტილებას და ვიქნებით ძალიან ბევრნი, სწორი ადამიანების ღირებულებით ერთობაში და ვივლით წინ მომავლისკენ და დავამარცხებთ ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობას“.
„დიახ, მივდივარ წინ მომავლისკენ და წარსულს ვტოვებ წარსულში. ამ ქვეყანაში ოლიგარქიას სურს დაწეროს საქართველოს ისტორია, მაგრამ საქართველოს ისტორიას დაწერს ქართველი ხალხი“, – დასძინა მან.
“ნაციონალური მოძრაობის” ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა 27 ნოემბერს საჯარო განცხადება გააკეთა და ნიკა მელია პარტიიდან პირდაპირ ეთერში გარიცხა. იმ ფონზე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ყოველდღიურად ტოვებენ პარტიას (6 დეკემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის ორგანიზაციის კიდევ 15 წევრმა დატოვა პარტია), გრძელდება ზეწოლა ლევან ხაბეიშვილზე, რომ მან თანამდებობა დატოვოს.
ლევან ხაბეიშვილმა იმ დროს მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია 2023 წლის იანვრის პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში დაამარცხა ხმების 52,58%-ით (21,656 ხმა); მელიამ 40% (16,476 ხმა) მიიღო. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნები 28-30 იანვარს ელექტრონული წესით ჩაატარა.
არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ნიკა მელიამ, ნაციონალური მოძრაობის მაშინდელმა ლიდერმა, შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრები, ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი „მანკიერი, ჩეკისტური მეთოდების“ გამოყენებით პარტიაზე არაფორმალური მმართველობის მოპოვების მცდელობებში დაადანაშაულა.
ასევე წაიკითხეთ:
- 01/12/2023 – ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს 20 ახალი წევრი შეემატა
- 21/07/2023 – ნაციონალურმა მოძრაობამ და სტრატეგია აღმაშენებელმა წინასაარჩევნო შეთანხმებას მიაღწიეს
- 06/02/2023 – ენმ-ის ყრილობაზე ახალი თავმჯდომარე, პოლიტ. საბჭო და გენერალური მდივანი დაამტკიცეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)