ახალი ამბები

საია წინასაარჩევნო გარემოს აფასებს

Tags

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) 19 მაისის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს შეფასების რიგით მეორე საინფორმაციო ბიულეტენს აქვეყნებს და იმ დარღვევებზე საუბრობს, რომელიც 28 აპრილიდან 15 მაისამდე პერიოდში გამოვლინდა.

საია-მ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგი 20 მარტს დაიწყო და წინასაარჩევნო პროცესს ორგანიზაციის 10-მდე გრძელვადიანი დამკვირვებლით, ასევე ცენტრალური და რეგიონული ოფისების მეშვეობით თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელოში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში აკვირდება.

ძალადობრივი ფაქტები წინასაარჩევნო პერიოდში

„საია“-ს განმარტებით, არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად, ვითარება უფრო და უფრო იძაბება. ამ მიმართულებით ორგანიზაცია ზუგდიდს გამოყოფს, სადაც ორგანიზაციისვე შეფასებით, პოლიტიკური ძალების ნაწილი იმგვარ ქმედებებსაც კი არ ერიდება, რომლებიც, „შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს“.

„გამოქვეყნდა ჩანაწერი, სადაც, სავარაუდოდ, ზუგდიდის საკრებულოს უმრავლესობის წევრი გია დანელიაა აღბეჭდილი, რომელიც საუბრობს ინსტრუქციაზე ამომრჩეველზე ზეწოლის სხვადასხვა მექანიზმის გამოყენების შესახებ“, – აცხადებენ „საია“-ში.

გარდა ამისა, ორგანიზაციის მიერ 16 მაისს გამოქვეყნებულ დოკუმენტში წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული ძალადობის იმ 4 შემთხვევაზეც არის საუბარი, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად აღრიცხა. კერძოდ: მარნეულის საოლქო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაციონალური მოძრაობიდან კომისიის წევრის მიერ ქართული ოცნებიდან კომისიის წევრის ფიზიკური შეურაცხყოფა, ზესტაფონში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ვახტანგ რობაქიძის მხარდამჭერის მანქანისთვის ცეცხლის წაკიდება, სოფელ ჯიხაშკარში აგიტაციის დროს ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და ერთ-ერთ ადგილობრივ ოჯახს შორის მომხდარი ინციდენტი და ზუგდიდში სანდრა რულოვსისა და მისი თანმხლები პირების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

საბიუჯეტო რესურსების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება

საია-ს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე 60 დღით ადრე, სოციალური გასაცემლების ოდენობის ზრდა და ახლის დაწესება კანონმდებლობით აკრძალულია, ახმეტის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის სოციალურ პროგრამებში ცვლილება შევიდა და მას 13 500 ლარი დაემატა. აღნიშნულს ორგანიზაცია ადმინისტრაციული რესურსის წინასაარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებად აფასებს.

ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლა

დოკუმენტში, ჟურნალისტური საქმიანობისთვის უკანონოდ ხელშეშლის ფაქტად, მიმდინარე წლის 14 მაისს ზუგდიდში, დადიანების სასახლეში ტელეკომპანია „ოდიშის“ გადაცემა ლუსტრაციის ჩაწერისას გადამღები ჯგუფისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტია დასახელებული. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მომხდარზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, რაც არასწორია და გამოძიება იმ მუხლით უნდა წარიმართოს, რომელიც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლას გულისხმობს.

წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესების დარღვევა

საია საანგარიშო პერიოდში წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესების დარღვევაზეც მიუთითებს და აღნიშნულის მაგალითად სატელევიზიო მაუწყებლებში საარჩევნო სუბიექტების სასარგებლოდ უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების რამდენიმე შეთხვევას ასახელებს.

კერძოდ, საია-ს განმარტებით, ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის მხარდაჭერას ემსახურება პოლიტიკური გაერთიანებების – „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველოს“, „ქრისტიან-კონსერვატორებისა“ და „ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ მიერ წარდგენილი კანდიდატების უფასო პოლიტიკური რეკლამები. ასევე, მთაწმინდაზე „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატის შალვა შავგულიძის მხარდაჭერას ემსახურება „მოძრაობა თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატის უფასო პოლიტიკური რეკლამა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განმარტებით, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, არასამეწარმეო იურიდიული პირისგან შემოწირულობების მიღება აკრძალულია, ხოლო პარტია არასამეწარმეო იურიდიული პირია. „ამდენად, ეს რეკლამები წარმოადგენს სანდრა ელისაბედ რულოვსისა და შალვა შავგულიძის სასარგებლოდ განხორციელებულ უკანონო შემოწირულობას და იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას“, – აღნიშნავენ „საია-ში“.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, პირველი წინასაარჩევნო ბიულეტენი 8 მაისს გამოაქვეყნა და ის 20 მარტიდან 28 აპრილამდე არსებულ ვითარებას ასახავდა. ბიულეტენში ამომრჩეველთა მოსყიდვის სამ (2 – ქართული ოცნება, 1 – გირჩი) ამომრჩევლის რეგისტრაციით მანიპულირებისა და ფარულობის პრინციპის დარღვევის ერთ (გირჩი) და საბიუჯეტო რესურსის წინასაარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების 2 შემთხვევაზე იყო საუბარი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button