Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტები ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც 7-8 მაისს პირველი ოფიციალური ვიზიტით ვარშავაში იმყოფება, დღეს თავის პოლონელ კოლეგას ანდჟეი დუდას შეხვდა, სადაც ორი ლიდერი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდა.

ზურაბიშვილის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, ევროკავშირსა და ნატოში ქვეყნის მისწრაფებები, ასევე საქართველოსა და პოლონეთს შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები განიხილეს.

შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა პოლონელ კოლეგას საქართველოს მხარდაჭერისთვის „როგორც ომში, ისე მშვიდობის დროს“.

„უნდა აღინიშნოს, რომ ნატო დღეს მოდის საქართველოსკენ იმიტომ, რომ შავი ზღვა გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით“, – განაცხადა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ საქართველო, თავის პარტნიორებთან ერთად, მზად არის შავი ზღვის რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება უზრუნველყოს.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა დუდამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს ნატოსა და ევროკავშირში.

„საქართველო ევროპის ნაწილია, ევროპას სჭირდება ერთიანობა და სჭირდება, რომ იყოს თანამეგობრობა და ამიტომ, საქართველოს მისწრაფებები ევროკავშირში ნათელია ჩვენთვის და ყოველთვის ვუჭერთ მხარს საქართველოს ამ კუთხით“, – განაცხადა მან.

დუდამ იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაფართოვდება და რომ პოლონელი მეწარმეები გააფართოვებენ საკუთარ წარმომადგენლობას საქართველოში, რომელიც „დინამიურად მზარდ ბაზარს“ წარმოადგენს.

პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი ზურაბიშვილი ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრ მათეუშ მორავიეცკის, სეიმის მარშალს, მარეკ კუხჩინსკის და სენატის მარშალს, სტანისლავ კარჩევსკის.

8 მაისს იგი მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელი, გაკვეთილები საქართველოსა და პოლონეთისთვის“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button