skip to content
ახალი ამბები

სუს-ის განცხადებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტულ აქტს გეგმავდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით, რამდენიმე ადამიანის მკვლელობა ჰქონდა განზრახული.

აღნიშულის შესახებ, უწყებაში 7 მაისს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს. სუს-ის ინფორმაციით, დანაშაულებრივი განზრახვით, მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი ძმიშვილის მორის მაჩალიკაშვილის ჩართულობით, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის იოსებ გოგაშვილისა და მისი თანმხლები პირების ლიკვიდაციის მიზნით, გოგაშვილის მამის საფლავზე, ტერორისტულ აქტს გეგმავდა.

იოსებ გოგაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მოადგილის თანამდებობიდან 2018 წლის აგვისტოში დატოვა. ის ამ თანამდებობაზე 2015 წლიდან მუშაობდა. გოგაშვილი ბევრ გახმაურებულ საქმესთან ასოცირდებოდა, მათ შორის, 2017 წლის დეკემბერში პანკისის ხეობაში ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში ეჭვიტანილების დაკავების ოპერაციასთან, რა დროსაც მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილი თემირლან მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა.

სუს-ის განმარტებით, გამოძიებისთვის ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება, რომ 2019 წლის 23 მარტს მალხაზ მაჩალიკაშვილმა მის ძმიშვილს მითითება მისცა, რათა ის ყველა საქმიანობას ჩამოშორებოდა და მხოლოდ ერთ პიროვნებაზე – გოგაშვილზე ემუშავა.

„მორის მაჩალიკაშვილს უნდა დაედგინა იოსებ გოგაშვილის საცხოვრებელი მისამართები, გადაადგილების მარშრუტები და, აგრეთვე, გამგზავრებულიყო სოფელ ზემო მაჩხაანში სასაფლაოზე, რათა დაედგინა იოსებ გოგაშვილის მამის საფლავის ადგილმდებარეობა და გადაეღო ფოტოები, ხოლო მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მალხაზ მაჩალიკაშვილი დაგეგმავდა სხვა ქმედებებს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყებამ აუდიოჩანაწერიც გაავრცელა, რომელშიც ორი მამაკაცი ქისტურად საუბრობს. სუს-ის მიერ ჩანაწერზე დადებული ტიტრების მიხედვით, სავარაუდოდ მალხაზ მაჩალიკაშვილი მის ძმიშვილს იოსებ გოგაშვილის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიებას სთხოვს.

სუს-ის განმარტებით, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში 2018 წლის 1 ივნისს, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ გასული წლის მაისში საჯაროდ გაკეთებული მუქარის შემცველი განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომლის მიხედვითაც, ის და მისი თანმხლები პირები, რომლებსაც ფიცი ჰქონდათ მიცემული, მზად იყვნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შეეღწიათ და თავი აეფეთქებინათ.

უწყების ინფორმაციით, ტერორისტული აქტის მომზადების და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის ან/და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-323-ე და 323-ე მუხლებით ამჟამადაც მიმდინარეობს. სუს-ის განცხადებით, საქმეში სხვა პირთა მონაწილეობაც იკვეთება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, კომენტარი თავად მალხაზ მაჩალიკაშვილმა გააკეთა და განაცხადა, რომ მას წარმოდგენა არ აქვს საერთოდ ვინ არის იოსებ გოგაშვილის მამა და სად არის ის დაკრძალული.

„საერთოდ არ შემდგარა ეგ საუბარი ჩვენში. საერთოდ არ ყოფილა. ეგ არის რაღაც ფაბრიკაცია, ეგ არის რაღაც მონტაჟი. დასაკავებელი არაფერი არ მაქვს, რომ რამე ჩამედინა“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

თემრილან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადება 6 მაისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მოცემულ საქმეზე კვლავ ინტენსიურად ტარდება ყველა საჭირო და შემხვედრი საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა გამოძიება დასკვნით ეტაპზეა და უახლოესი 2 თვის განმავლობაში მიღებული იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრუწლოვნის მამასთან ზაზა სარალიძესთან ერთად, თითქმის ერთი წელია, რაც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ პროტესტს გამოხატავს და 2017 წლის დეკემბერში, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი და მოგვიანებით გარდაცვლილი შვილის თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელის დასჯას ითხოვს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button