skip to content
ახალი ამბები

პრემიერის ხელმძღვანელობით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, დღეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.

სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან საბჭოს მდივანმა და შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ისაუბრა. ის ამ თანამდებობაზე, პრემიერის 30 აპრილის ბრძანების საფუძველზე დაინიშნა. გახარიას თქმით, ეს იყო „ტექნიკური სახის შეხვედრა“, სადაც პრემიერ-მინისტრისგან „კონკრეტული დავალებები“ მიიღეს. ასევე, მან, როგორც მდივანმა, საბჭოს წევრებს მუშაობის სტრუქტურა გააცნო. მისივე თქმით, საბჭოს შემდეგი შეხვედრა ზუსტად ერთ თვეში გაიმართება.

გიორგი გახარიამ უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე დღეს განხილული საკითხები არ დააკონკრეტა, თუმცა განმარტა, რომ ერთ-ერთი თემა 21 აპრილს პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები იყო. მისი თქმით, პანკისთან დაკავშირებით, პრემიერისგან „კონკრეტული დავალება“ მიიღეს, რომელსაც უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში შეასრულებენ. საკითხზე უფრო დეტალურად კი, მისივე თქმით, ის 2 მაისს პარლამენტში ისუბრებს.

შს მინისტრმა კომენტარი დავით გარეჯის შესახებაც გააკეთა და განმარტა, რომ „ეს არის ძალზედ ფაქიზი თემა“, რომელიც პოსტაბჭოთა მემკვიდრეობის სახით მივიღეთ. მისივე განცხადებით, აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაცია მაქსიმალურად შესაძლო მოკლე ვადებში უნდა დასრულდეს.

მანვე ყველას, ვინც „თემით სპეკულირებას და ეთნიკური შუღლის გაღვივებას“ ცდილობს, სიფრთილიხკენ მოუწოდა და განაცხადა – „ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან და მოძმე სახელმწიფოსთან ისეთ შეთანხმებას მივაღწევთ, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებული იქნება, როგორც კულტურული მემკვიდრეობა, ასევე ჩვენი ეკლესიის ინტერესები“.

  • ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შექმნა, დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ახალი კონსტიტუციის ამოქმედებისთანავე ეროვნული უშიშროების საბჭომ, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა, ფუნქციონირება შეწყვიტა.
  • ეროვნული უსაფრთხოების საბჭო რვაწევრიანი სათათბირო ორგანოა და მის მუდმივ წევრებს შორის არიან: თავდაცვის, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები, თავდაცვის ძალების მეთაური.
  • ეროვნული უშიშროების საბჭო პრეზიდენტის ხელმძღვანელობით 1996 წელს ჩამოყალიბდა. კონსტიტუციაში 2013 წელს შეტანილი ცვლილებების შედეგად, მისი უფლებამოსილება მნიშვნელოვნად შემცირდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2013 წლის დეკემბერში პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო შეიქმნა.
  • სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ განხორციელებული სტრუქტურული რეფორმების გეგმის ფარგლებში, 2017 წლის დეკემბერში გაუქმდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button